ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა ყველა რეკორდი მოხსნა. ჯერ მგზავრთა რაოდენობის რეკორდებზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ არც ეს არის შორს. 2010 წლიდან 2015 წლის ჩათვლით მგზავრების რაოდენობა დაახლოებით 2400%-ით გაიზარდა. თუმცა, დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტის რეკორდი ძირითადად მის აღიარებას უკავშირდება გამორჩეული არქიტექტურისა და დიზაინის გამო. ერთი თვის წინ აშშ-ს გამოცემა “არქიტექტურულმა დაიჯესტმა” ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი საოცარი დიზაინის ხუთ ახალ აეროპორტთა შორის დაასახელა. გამოცემა აღნიშნავს, რომ ჰოლანდიური კომპანია UNstudio-ს მიერ დაპროექტებული ტერმინალი მგზავრთა სწრაფად მზარდი რაოდენობით გამოირჩევა.
და ეს არ არის ერთადერთი აღიარება…
ქუთაისის აეროპორტში პირველად მაშინ მოვხვდი, როდესაც დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია WizzAir-ით პოლონეთში ასევე დაბალბიუჯეტიანი მოგზაურობა წამოვიწყე.
ტერმინალში მოხვედრისას მართლაც ყურადღებას იქცევს თანამედროვე, ორიგინალური დიზაინი.
მაგრამ დიზაინის გარდა რაც თვალში გხვდება დასაჯდომი ადგილების ნაკლებობაა. იმის გამო, რომ დაბალბიუჯეტიანი ავიარეისების დიდი ნაწილი ღამით სრულდება ბევრი ტურისტი ქუთაისში შუა ღამით სეირნობას აეროპორტში ლოდინს (ძილს) ამჯობინებს.
ფოტოები არ გამოვიდა, მაგრამ თვალსაჩინოებისთვის მაინც გამოდგება.
დღევანდელი ხელისუფლება დიდად არ გამოირჩევა მისი წინამორბედის პროექტების სიყვარულით (აეროპორტი სახელმწიფო საკუთრებაა) და სავარაუდოა, რომ სწორედ ამიტომ შექმნილი რეალობის ადექვატური გადაწყვეტილებით თავს არავინ იწუხებს.
დასაჯდომი ადგილების დეფიციტი არ შეიჩნევა დარბაზში, რომელშიც მგზავრი ხვდება საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ.
მთელს ტერმინალში განსაკუთრებით დამამახსოვრებელია ობობის ქსელის მსგავსი დიზაინის ჭერი. ამ სილამაზის ნახვის შედეგ ბევრი ქუთაისზე დიდი ევროპული ქალაქის აეროპორტიც კი ღარიბულ “ბუტკად” მოგეჩვენებათ. ასევე, აღნიშვნას იმსახურებს ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი, რომელიც ალბათ საუკეთესოა მთელს საქართველოში და არა მარტო, კატოვიცის (პოლონეთი) საფრენ ბილიკზეც კი გაცილებით კომფორტულია.
ის რაც ქუთაისის აეროპორტს აკლია სხვა ტრანსპორტთან კავშირია. აქედან დანარჩენ საქართველოში გადაადგიელბა შესაძლებელია მხოლოდ მიკროავტობუსებით. მიუხედავად შედარებით ახალი მანქანებისა ამ ტიპის ტრანსპორტით ხანგრძლივი მგზავრობა მაინც არაკომფორტული აღმოჩნდა. ამ დროს აეროპორტიდან ასიოდე მეტრში გადის ცენტრალური სარკინიგზო მაგისტრალი და იქვეა ძველი ბაქანიც. ამბობენ, რომ სამი წლის წინ აეროპორტთან ინტეგრირებული რკინიგზის სადგურის აშენებას აპირებდნენ, მაგრამ დღეს იქ მატარებელიც კი არ აჩერებს.