მოგზაურობისას საზოგადოებრივ ტრანსპორტს ვარჩევ ხოლმე. ასე უფრო საინტერესოა და უფრო იაფიც ჯდება, მაგრამ სანტორინიზე ავტომობილის დაქირავება გადავწყვიტე.
კუნძულ სანტორინიზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობა შესაძლებელია, მაგრამ ნაკლებად მოსახერხებელი, ბევრი დრო იკარგება და თანაც ძვირი ჯდება. ერთი გზა საშუალოდ 1.5 ევრო ღირს, 4 ადამიანისთვის საკმაოდ დიდი დანახარჯი გამოდის, ასეთ შემთხვევაში გამოსავალია ავტომობილის დაქირავება.
არჩევანი ყველაზე იაფ და ეკონომიურ ვარიანტზე შევარჩიე, KIA Picanto და Skoda Citigo დღეში 19 ევრო ღირს სტანდარტულ დაზღვევასთან ერთად. სამწუხაროდ “კია” დაკავებული აღმოჩნდა და მე “შკოდა” შემხვდა. ზომით და სიმძლავრით თითქმის ერთნაირი ავტომობილებია, მაგრამ “კიას” სალონი უფრო კომფორტული ჩანს და არა მხოლოდ სალონი.
Skoda Citigo აღჭურვილია 3 ცილინდრიანი 1 ლიტრიანი ბენზინის ძრავით, რაც საწვავის ეკონომიურობის თვალსაზრისით კარგი შედეგის მომტანია და მაღალი სიჩქარის განვითარების საშუალებასაც იძლევა. წარწერა მოტორთან Volkswagen Group მანქანის მიმართ ნდობას ერთიორად ზრდის, მაგრამ ყველაფერი ისე არ არის როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
საჭესთან თავისუფლად მოთავსების შემდეგ მთავარი სირთულე გასაღების გადატრიალებაა, ბოლო ეტაპზე ძლა თუ არ დაატანე არაფერი გამოვა, თან ისეთი მოუხერხებელი კუთხე აქვს, რომ განსაკუთრებულად უნდა მოინდომო. ავტომობილი აღჭურვილია გადაცემათა ავტომატური კოლოფით, ე.წ. ტიპტრონიკით, რაც იმას ნიშნავს, რომ სიჩქარეთა გადაცემის ცვლილება ხდება როგორც ავტომატურ რეჟიმში, ასევე მექანიკურადაც. ჩემი აზრით მთავარი პრობლემაც ეს არის. მანქანას ადგილიდან დაძვრა უჭირს და უკან დაგორებას ცდილობს, მაშინ როდესაც როგორც წესი ეს “ავტომატიკას” არ ახასიათებს. აქსელატორზე (გაზზე) საგრძნობლად ფეხის დაჭერისა და პარკინგიდან გამოსვლის შემდეგ ავტომობილი ცდილობს გადაცემის შეცვლას პირველიდან მეორეში და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება თითქოს უხილავი ხელი თუ ფეხი ამუხრუჭებს და ეს პროცესი 1 წამზე მეტხანს გრძელდება. ეს შეფერხება ნაკლებად დაგრძნობია მეოთხე და მეხუთე გადაცემაზე, მაგრამ პირველი, მეორე და მესამე არასასიამოვნო ემოციებს აღძრავს. განსაკუთრებით უსიამოვნოა აღმართი, როდესაც ავტომატური გადაცემათა კოლოფი მეორედან პირველში გადართვას ცდილობს, ამ დროს ავტომობილი თითქმის მთლიანად ჩერდება და შეიძლება უკან დაგორდეს კიდეც. შემდეგ პირველი ჩაირთვება და იწყება ბუქსაობა მშრალ და მოასფალტებულ გზაზე, წარმომიდგენია რა მოხდება წვიმის ან თოვლის დროს.
Skoda Citigo არის 2010 წლის შემდეგ შექმნილი ავტომობილი, თუმცა მას ბევრად სჯობნის 2000 წლის, თითქმის იმავე კლასის Nissan March (Micra), აღარაფერს ვამბობ ახალ მოდელებზე. “შკოდასთან” შედარებით 1998 წელს გამოშვებული სამცილინდრიანი, 1 ლიტრიანი Daihatsu Sirion-იც კი უკეთესი სამართავია.
მიუხედავად ამისა, ავტომობილმა მაინც კარგად შეასრულა დაკისრებული მისია – ეკონომია. 2 დღე დაქირავება 38 ევრო, პლუს 2 დღე კუნძულზე წინ და უკან ხეტიალის დროს დახარჯული ბენზინი, დაახლოებით 4.5 ლიტრი, რაც 8.1 ევროს ტოლია. საბარგულში მშვენივრად მოთავსდა ერთი დიდი ჩემოდანი და სამი ზურგჩანთა, ხოლო სალონში მთელი ოჯახი (4 ადამიანი).
ამ იაფფასიანი ავტომობილის დაქირავება შესაძლებელია ადგილობრივი კომპანიის ვებსაიტზე: https://santorini-car-rental.com/
ევროპაში იაფი ავტომობილების ძიებისა და დაჯავშნის სისტემა – Autoeurope.eu
რეკომენდაციები:
- იაფი ავიაბილეთების საძიებელი საუკეთესო საშუალება: kiwi.com
- დაგვიანებული, გადადებული ან გაუქმებული ავიარეისების კომპენსაცია: Air Help
- თუ სასტუმროებს დაეძებთ, მაშინ ეწვიეთ სასტუმროების ფასების საძიებო და შესადარებელ სისტემას: hotelscombined.com