ბერლინი, გერმანიის გარდა, სარკინიგზო ელექტროტრანსპორტის დედაქალაქიცაა.
ჩემი ბერლინში მოგზაურობა სწორედ რკინიგზის ცენტრალური ვაგზლიდან, Hauptbahnhof-დან დაიწყო.
ამ გრანდიოზულ ნაგებობაში მატარებლები, საქალაქო ”ელექტრიჩკები” და მეტრო თავს ერთად იყრის.
ალბათ ვერცერთი ფოტო ვერ შეძლებს იმის სრულად ჩვენებას რაც აქ ხდება. სადგური უამრავ დონედ არის დაყოფილი. საერთაშორისო სწრაფი თუ საქალაქთაშორისო მატარებლები, ბერლინის სწრაფი მეტრო (საქალაქო ელექტრიჩკა) ”ეს-ბანი” სადგურის ზედა დონეზე მოწყობილ ბაქნებზე შემოდის და გადის. ამ ფოტოზე კი ქვედა დონეზე არსებული ბაქნებია გამოსახული, საიდნაც მხოლოდ მატარებლები მოძრაობენ.
და ეს არ არის სულ, ამავე ვაგზლიდან ბრანდერბურგის ჭიშკრის მიმართულებით კლასიკური მეტრო “უ-ბანი” მოძრაობს.
უ-ბანი
ეს სადგური, ისევე როგორც ხაზი, რამდენიმე წლის წინ ააგეს. მერკელის მთავრობამ გადაწყვიტა ხალხის გულის მოსაგებად მინისტრები ავტომობილებიდან მეტროში გადაესვა და ამისთვის ასობით მილიონი ევრო დაიხარჯა. თუმცა, ჯერჯერობით ახალი ხაზით U55-ით ძირითადად მცირე რაოდენობის ტურისტი სარგებლობს.
U55-ის 3 სადგური ცივი ბეტონის არქუტექტურაა, რომელიც თითქმის არაფრითაა მოპირკეთებული. ამ თანამედროვე დიზაინის ხაზზე ძველი ისტორიული ვაგონების შემადგენლობა დადის. ვაგონები ყვითელი ფერისაა და მისი კარებები მართალია ავტომატურად იხურება, მაგრამ გაღება კი მგზავრის ხელით ხორციელდება. ეს პროცესი ძალიან წააგავს საბჭოთა მატარებლის კუპის კარის გაღებას.
ასევე მინიმალისტური და უბრალოა უ-ბანის ძველი, ისტორიული სადგურებიც. თავად მეტრო მართალია ძირითადად მიწის ქვეშ გადის, მაგრამ ძალიან ახლოს არის ზედაპირთან.
ხაზების სიძველის მიუხედავად ლიანდაგებზე ძირითადად ახალი შემადგენლობები დადის, რომელიც პრინციპში “გარმონით” გადაბმულ ერთ ვაგონს წარმოადგენს.
თუმცა ჯერ კიდევ არის ძველი ვაგონებიც, რომლებიც ზომებით და ვიზუალური იერით ძალიან წააგავს თბილისის მეტროს დეპოში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოტანილ “ლიანდაგმზომ” ვაგონს.
ვიდეო უ-ბანის შესახებ.
უ-ბანისა და ეს-ბანის ხაზები ბევრ სადგურში იკვეთება, მაგრამ მათი გაერთიანება ვერ ხერხდება ლიანდაგებისა და ელექტროკვების განსხვავებული სისტემის გამო. უ-ბანი 1902 წელს გაიხსნა და ამ პროექტის განხორციელებაში აქტიურად მონაწილეობდა ვერნერ ფონ სიმენსი.
ეს-ბანი
ეს-ბანი კი საქალაქო მატარებლების ქსელზე აღმოცენდა, რომელსაც ახლა საქალაქო “ელექტრიჩკის” ფუნქცია აქვს. მისი ელექტრო კვების სისტემა ძალიან ჰგავს ჩვენებური მეტროს სისტემას.
ეს-ბანის ხაზების ძირითადი ნაწილი სარკინიგზო მაგისტრალების პარალელურად ესტაკადებზე მდებარეობს.
ეს ვიდეო კარგ წარმოდგენას იძლევა ამ ტრანსპორტის მუშაობის შესახებ.
იგი იყენებს ტრადიციული მატარებლების სადგურებსაც. ასეა, ცენტრალურ ვაგზალზე, ასევე სხვა სადგურებშიც, მაგალითად “ალექსანდრპლაცში”.
ამ ფოტოზე მოსჩანს ეს-ბანის მატარებელი, რომელშიც ნებადართულია ველოსიპედის შეტანა. ამავე ბაქნის პარალელურ ხაზზე შემოდის საქალაქთაშორისო მატარებელი.
ხოლო უკიდურეს კუთხეში გამავალ ლიანდაგზე უხმაუროდ გაივლის სწრაფი მატარებელი ICE.
ეს-ბანის მატარებლები ძირითადად ესტაკადებზე დადიან.
როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ არის შემდეგი ამკრძალავი ნიშნები ეს-ბანის ვაგონების ფანჯრებზე.
ვაგონები კომფორტულია და გერმანული ხარისხით გამორჩეული.
ეს-ბანის მატარებელი ესტაკადაზე, ხოლო ქვედა დონეზე ტრამვაი, ჰა-ბანი – H-Bahn
ჰა-ბანი – ტრამვაი
ბერლინის სარკინიგზო ელექტროტრანსპორტის შემადგენელი ნაწილია ტრამვაი, ჰა-ბანი – H-Bahn, რომელიც ძირითადად განვითარებული იყო აღმოსავლეთ (სოციალისტურ) ბერლინში. ამიტომ აქ დღემდე შემორჩა ჩეხოსლოვაკური ტრამვაის ვაგონები Tatra T6A2M.
მოდერნიზებულ “ტატრებს” თანდათან ცვლიდნენ უფრო თანამედროვე, დაბალიატაკიანი გერმანული Adtranz, AEG და Bombardier-ის მარკის ვაგონები.
ტატრების ძირითადი ნაკლი ის არის, რომ ძველი სტანდარტის შესაბამისად მისი იატაკი ბორბლების ზევით არის და ამიტომ ვაგონში შესასვლელად საჭიროა ორ საფეხურზე ასვლა.
ბერლინში ექსპლოატაციიდან მოხსნილი ტატრების სიცოცხლე, ძირითადად უკრაინაში გრძელდება. ზოგიერთი ქალაქის ადმინისტრაცია ამჯობინებს მაღალი ხარისხის ტრამვაის მეორადი ვაგონების 40 ათას ევროდ შეძენას. ახალი უკრაინული ტრამვაის ვაგონები, რომელბიც ხარისხით ჩამოუვარდება ბერლინის ტატრებს გაცილებით ძვირი ღირს.
დაბალიატაკიან Adtranz, AEG და Bombardier-ში კი იატაკი ოდნავ შემაღლებული ბაქნის დონეზეა და მასში შესვლად დამოუკიდებლად ახერხებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.
ტრამვაი, ზოგგან განცალკავებულ სივრცეში მოძრაობს, ზოგგანაც ხალხთან ახლოს 🙂 ფოტოზე ტრამვაის ვატმანი გზააბნეული ტურისტის დაკვალიანებას ცდილობს.
ტრამვაი დადის ღია კაფე-რესტორნების პირას.
ბერლინის სარკინიგზო ელექტროტრანსპორტის ყველა სახეობა ინტეგრირებულია ერთ სისტემაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მგზავრობა საერთო ბილეთით ხორციელდება. ხოლო მოძრაობა გრაფიკით რეგულირდება, რაც სადგურებზე დროის მინიმალური დანახარჯით, ერთი ტრანსპორტიდან მეორეში გადაჯდომის საშუალებას იძლევა.