კრაკოვის ქუჩებში ფეხით ხეტიალით დაღლილი და მშიერი სწრაფი კვების ობიექტის, კონკრეტულად კი “მაკდონალდსის” საპოვნელად დიდ სავაჭრო ცენტრში “გალერეა კრაკოვსკაში” შევედი. დაღლილ-დაქანცული და მშიერი, ტრადიციულ რესტორანში შეკვეთის ლოდინს, სწრაფი კვების სერვისს ვარჩევ ხოლმე. მაგრამ “მაკდონალდსის” რიგებმა ძებნის გაგრძელება მაიძულა და გამახსენდა, რომ ამ ცენტრში “მაკდონალდსის” კონკურენტის “ბურგერ კინგის” რესტორანიცაა.
“ბურგერ კინგის” მომსახურებას კონკურენტისგან ის განასხვავებს, რომ აქ კოკა-კოლა თავად უნდა ჩამოასხა. სალაროსთან მხოლოდ სასმელისთვის საჭირო მუყაოს ჭიქას მოგცემენ, რაც ფაქტობრივად საშვის ფუნქციასაც ასრულებს. თუ ჭიქა გაქვს, შეგიძლია იმდენი კოკა-კოლა, ფანტა, სპრაიტი და კიდევ სხვა სასმელი დაისხა რამდენის დალევასაც შეძლებ 🙂
რიგის ნაკლებობა და განუსაზღვრელი რაოდენობის სასმელი არ არის მთავარი განსხვავება კონკურენტთან შედარებისას. მთავარი ალბათ, დაახლოებით 15 პროცენტიანი სიიაფე და 20 პროცენტით უფრო გემრიელი საკვებია. მაგალითად ჩემს მიერ შეძენილ ბურგერში და კარტოფილში, პლუს განუსაზღვრელი რაოდენობის სასმელში 13 ზლოტი გადავიხადე რაც დაახლოებით 6-7 ლარია. თბილისის მაკდონალდსში ამ ფასად ნამდვილად გაგიჭირდებათ სამივე პროფუქტის შეძენა.
ეს არის “ვოპერი” (Whopper), ქართულად უზარმაზარს უნდა ნიშნავდეს, “ბურგერ კინგის” ერთ-ერთი ბურგერი, დაახლოებით იგივე ტიპის, როგორიცაა ჩვენთვის ნაცნობი “მაკდონალდსის” “ბიგმაკი ან “ბიგტეისტი”. მისი შემადგენლობა შეგიძლიათ აქ იხილოთ. სტანდარტულ შემწვარ კარტოფილთან ერთად საკმაოდ გემრიელი აღმოჩნდა. ფუნთუშაც უფრო ჰგავს პურს და ხორცი კიდევ ხორცსს ვიდრე კონკურენტის ანალოგი.
რამდენიმე თვის წინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით “ბურგერ კინგი” მალე უნდა გაიხსნას “თბილისი მოლში“. ამბობენ თბილისის აეროპორტში უკვე ფუნქციონირებსო. იმედია ისეთივე განსხვავებულ სერვისს შემოგვთავაზებენ როგორიც კრაკოვში, ან სტამბოლში ვნახე და ვიგემე.
P.S. სასმელის ჩამოსხმის სისტემას “სოციალური” დატვირთვაც აქვს. როდესაც ჭამას მოვრჩით და გასტრონომიულ განცხრომას შევუდექით იქაური მათხოვარი მოგვადგა. ხანიერი კაცი ორიდან ერთ ცარიელ ჭიქას მთხოვდა. მივხვდი რასაც გეგმვდა… ჭიქა აიღო, ჩამოსასხმელ აპარატთან მივიდა, ჯერ ყინული ჩამოყარა, შემდეგ კოლა დაისხა, იქვე ჩამოჯდა და წყურვილი უფასოდ მოიკლა.