თუ კაცს გინდა გასეირნება თბილისში სერიოზული თავსატეხის წინაშე დგები… ბევრი ფიქრისა და დისკუსიის შემდეგ არჩევანი ბოტანიკურ ბაღზე შეჩერდა.
თუმცა იქამდე საჭიროა არანაკლებ საინტერესო, ახლახანს რეკონსტრუირებული “ბოტანიკური” ქუჩის გავლა.
ქუჩა ძალიან ლამაზი და საინტერესოა, ამიტომ ეს პოსტი მთლიანად მას ეძღვნება.
ქვაფენილიანი აღმართის ბოლოს ჯუმა-მეჩეთის მინარეთი მოჩანს. ამ მეჩეთის უნიკალურობა იმაშია, რომ მას სალოცავად იყენებენ, როგორც სუნიტი მუსულმანები, ასევე შიიტები. თუ ზურგსუკან გაიხედავთ სამების ტაძარს შეამჩნევთ.
მარჯვნივ განლაგებულ აივნიან შენობებს ნარიყალას ციხე გადმოჰყურებს. მოულოდნელად შენობების რიგი წყდება და კლდესთან შერწყმული ციხესიმაგრის პირას აღმოჩნდებით.
ქუჩის მარცხენა მხარეს განლაგებულ შენობებს შორის, მეიდანი და აბანოთუბანი მოჩანს – ციხის პირას, ტერასებად მოწყობილი ეზოებიდან კი მეჩეთი და ეკლესია.
ვუახლოვდები მეჩეთს და თვალწინ საუკუნის წინანდელი შავ-თეთრი კადრი მიდგას.
ესეც ძველი ფოტო. აქ მინარეთი ქუჩის მხარესაა. ახლა კი უფრო მარცხნივ, თანაც სხვა არქიტექტურის. ცვლილება მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს განხორციელდა.
ფოტოს შუაგულში შეამჩნევდით აივანს, რომელიც თბილისისთვის თოთქოს არატრადიციულ საყრდენებზეა. ის რეკონსტრუქციის შემდეგაც ზუსტად ასე გამოიყურება, არადა ეს შენობა 90-იან წლებში თითქმის მთლიანად დაინგრა.
ამ აივნიდან მშვენიერი ხედი გადაიშალა.
ფოტოკამერით ვიჭყიტები ახლახანს გარემონტებული, აღდგენილი, თუ ხელახლა აშენებული სახლების ეზოებში, აივნებზე და სადარბაზოებში. ადრე ამ სადარბაზოს ადგილზე უწესრიგო მშენებლობის ნიმუში იყო. ახლა ის ძველი არქიტექტურის ფასადის მიღმა მოაქციეს.
აღდგენის პროცესი ჯერ ბოლომდე არ დამთავრებულა, თუმცა ძირითადი სამუშაოები უკვე შესრულებულია.
შედეგად მიშენებულმა ლოჯიებმა თუ ამოშენებულმა აივნებმა ძველთბილისური იერი შეიძინა და ძნელად შესამჩნევი გახდა. ანალოგიურად მოწესრიგდა ეზოებიც.
მეჩეთთან
კიდევ ერთი ხედი მეჩეთის ზღურბლიდან.
საქართველოს სახალხო არტისტის, იბრაჰიმ ისფაჰანლის (ჰუსეინზადე) მემორიალური დაფა.
მშენებლობა-აღდგენა ჯერაც არ დასრულებულა. აი, ამდაგვარად მიმდინარეობს ნანგრევებად ქცეული შენობების საძირკველის, კედლების, თუ სხვენის შენარჩუნება.
აქვე ადვილი შესამჩნევია ჩვენებური ხელოსნობის ნიმუშები. ნახევრად დამარხული კანალიზაციის ჭის თავსახური.
და თავსახურის გარეშე დარჩენილი ჭა.
რეკონსტრუქცია მიმდინარეობს მეჩეთშიც.
გალავანზე გაუგებარი დამწერლობის მესიჯია, ლათინურ-რუსული ასოებით ვიღაც მიშოს სიყვარულს ეფიცება.
მეჩეთის ზევით, ბოტანიკური ბაღის ჭიშკართან, პატარა მოედანია, რომელსაც ერთი მხრიდან ნარიყალა გადმოჰყურებს, მეორე მხარეს კი ლეღვთახევია.
ბოტანიკური ბაღის ჭიშკარი. მომდევნო პოსტით ჭიშკრის შიგნით გავისეირნებთ.