გდანსკი საუკეთესო მიმართულებაა საინტერესო და ბიუჯეტური მოგზაურობისთვის, რომელიც აეროპორტიდან იწყება, ანუ როგორ მივიდეთ აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან Wizz Air-ის თვითმფრინავი ისეთ დროს (00:55 სთ.) ჩადის გდანსკში საზოგადოებრივი ტრანსპორტის დიდი ნაწილი უკვე აღარ მუშაობს. სხვადასხვა ჯგუფებში წავაწყდი კომენტარებს, რომ თითქოს ამ დროს ტრანსპორტი არ დადის და რომ მხოლოდ ტაქსით თუ მიხვალთ ქალაქის ცენტრამდე. არადა გდანსკის მუნიციპალური ტრანსპორტის საიტი სხვას ირწმუნებოდა.
ცდა ბედის მონახევრეა და გადავწყვიტე, რომ თუ ავტობუსი არ იქნებოდა უბერის ან ბოლტის ტაქსით წავიდოდით, რომელიც აეროპორტიდან Airbnb-ის აპარტამენტამდე დაახლოებით 35 ლარს წერდა.
მთავარ გამოწვევას წარმოადგენდა აეროპორტიდან სწრაფად გამოსვლა, რადგან გდანსკის ცენტრალური ვაგზლისკენ მიმავალი ღამის ავტობუსი N3 აეროპორტის წინ მიმდებარე გაჩერებიდან, გრაფიკის მიხედვით 1 საათსა და 16 წუთზე გადიოდა (მომდევნო ავტობუსი 1 საათის შემდეგ არის). ჩვენ ეს შევძელით, რადგან თვითმფრინავიდან სწრაფი ნაბიჯით გამოვედით და საზღვარიც სწრაფად გადავკვეთეთ.
შემდეგი გამოწვევაა აეროპორტიდან სწორი მიმართულებით გამგზავრება. N3 ავტობუსი გდანსკის ცენტრში, რკინიგზის ვაგზლისკენ (Dworzec Główny) გადის ნომერ 1 მოსაცდელიდან, იქედან რაც ფოტოზე მოსჩანს, ზედ აწერია კიდეც. გაჩერება გუგლის რუკაზე: https://goo.gl/maps/QP5fYJKQ9TrcYQdR7
მოერიდეთ #2 გაჩერებას, რადგან იქედან იგივე ნომრის ავტობუსი სხვა მიმართულებითაც გადის. მაინც რომ იცოდეთ, თუ ვინმე გდანსკში სხვა რეისით ჩახვალთ, 1 გაჩერებიდან ქალაქის ცენტრამდე მიხვალთ ნომერ 210 ავტობუსით.
აქვე, ესტაკადაზე არის მატარებლის სადგურიც, მაგრამ ქუთაისიდან ჩაფრენის დროს მატარებელი უკვე აღარ დადის, მომდევნო გასვლა დილის 5 საათის შემდეგ აქვს.
ავტობუსის ბილეთს შეიძენთ ბილეთების ავტომატში, ინგლისური ენა აქვს და მარტივად გაერკვევით. გადახდა ხდება როგორც ნაღდით (ზლოტებში), ასევე საბანკო ბარათით, ლარის ბარათით გადავიხადეთ.
ერთჯერადი ბილეთის ფასი 4,90 ზლოტია, დაახლოებით 3 ლარი. ბილეთი უნდა დაარეგისტრიროთ ავტობუსში შესვლის შემდეგ. მგზავრობის საფასურის გადახდა ავტობუსშიც შესაძლებელია, საბანკო ბარათებით და სწრაფი გადახდის სხვა საშუალებებით, მაგრამ ამჯერად არ მისარგებლია, უფრო სწორედ სხვა ავტობუსში ვცადე, მაგრამ არ მუშაობდა, გათიშული იყო. ამიტომ ბილეთის წინასწარ შეძენა ჯერ ისევ ყველაზე სანდოა 🙂
როგორც ზევით დავწერე ავტობუსი მიდის რკინიგზის ცენტრალურ ვაგზალთან (Dworzec Główny). აქედან ან ფეხით იმოძრავებთ ძველი ქალაქის გულში, ანდაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებით, ან ტაქსით მიხვალთ დანიშნულების ადგილზე.
აქედან იწყება ძველი გდანსკის ცენტრალური და უნიკალური, არაჩვეულებრივი ნაწილი
მგზავრობა გდანსკის ცენტრიდან უკან, აეროპორტისკენ
გდანსკიდან ვიზეარის თვითმფრინავი ქუთაისის მიმართულებით დღისით ბრუნდება, ამიტომ ღამის ავტობუსი აღარ გამოდგება. ქალაქის ცენტრიდან აეროპორტისკენ უნდა იმგზავროთ 210 ნომერი ავტობუსით. მისი გაჩერება Hucisko 04 მდებარეობს სავაჭრო ცენტრ “ფორუმსა და რკინიგზის ვაგზალს შორის, იხ გუგლის რუკაზე: https://goo.gl/maps/hfPpqWSoWvXcruRs7
ავტობუსის გაჩერებაზე ბილეთების ავტომატი არ დგას, თუმცა იქვეა ტრამვაის გაჩერება სადაც მარტივად შეამჩნევთ ბილეთების აპარატს.
აეროპორტის მიმართულებით 210 ავტობუსი გდანსკის საცხოვრებელ უბნებს გაივლის და რიგითი პოლონელების ეზოების თუ სახლების შეთვალიერების საშუალებაც გეძლევათ. თითქმის 1 საათიანი მგზავრობის შემდეგ მიადგებით აეროპორტს.
გდანსკის აეროპორტი ისევე როგორც თავად ქალაქი მშვენიერია.
კომენტარებში გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება გდანსკის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე მგზავრობის ამ და სხვა საშუალებების შესახებ. 👇
სასარგებლო ბმულები და რეკომენდაციები:
- დაგვიანებული, გადადებული ან გაუქმებული ავიარეისების კომპენსაცია
- იაფი ავიაბილეთების დაჯავშნის ხერხები და რეკომენდაციები
- მუზეუმების ბილეთების საიტი: Tiqets
- 10 ევროს ფასდაკლება მატარებლებისა და ავტობუსების ბილეთებზე: Omio
- მოგზაურობის შესახებ დეტალური ინფორმაცია: მოგზაურთა ჯგუფი