ბუდაპეშტში დუნაიზე გასეირნების სხვადასხვა საშუალებაა, გემ-რესტორნით დაწყებული და გემ-სასტუმროთი დამთავრებული, რაც არც თუ იაფი სიამოვნებაა.
თუ თქვენ ბიუჯეტური მოგზაური ბრძანდებით აუცილებლად დაგაინტერესებთ თითქმის უფასოდ, გემით გასეირნება დუნაიზე.
ბუდაპეშტის ტრანსპორტის 7 დღიანი ბილეთის შეძენის შემდეგ სატრანსპორტო კომპანიის საიტზე ბილეთის ინსტრუქციას გადავხედე და აღმოჩნდა, რომ მისი მეშვეობით შესაძლებელია მდინარის ტრანსპორტით გადაადგილება. ეს შესაძლებლობა ორიოდე კვირის წინ ბუდაპეშტში ყოფნისას გამოვიყენე და ძალიანაც ვისიამოვნე, შუაგულ დუნაიდან ბუდაპეშტის ულამაზესი ხედები იშლება.
გემით გასეირნება დუნაიზე
ბუდაპეშტში გემით გასეირნება დავიწყე ნავმისადგომიდან (გაჩერებიდან) Boráros tér. აქ იკვეთება სხვადასხვა ტიპის ტრანსპორტის მარშრუტები: ტრამვაი, ელექტრიჩკა, ავტობუსი… საწყლოსნო ტრანსპორტის გაჩერება-ნავმისადგომს ხიდის ქვეშ მდინარის პირას იოლად იპოვით.
ამ მოსაცდელში ჩამოჯდომის გარდა შესაძლებელია გაეცნოთ გემის განრიგს, მარშრუტის რუკას და სხვა ინფორმაციას.
როგორც მოსალოდნელი იყო 12 ნომერი მარშრუტის გემი გრაფიკის მიხედვით მოუახლოვდა ნავმისადგომს.
აღსანიშნავია, რომ გემის შემოსვლამდე ნავმისადგომზე არავინ დგას და ყველა ნაპირზე მოთმინებით ელოდება გემზე შესვლის ნებართვას.
ეს მიუხედავად იმისა, რომ ყველას აქვს სურვილი გემბანზე საუკეთესო ადგილები დაიკავოს.
თუ თქვენც გინდათ ასეთ რომანტიკულ ადგილზე ჩამოჯდეთ გირჩევთ, ერთი ან ორი გაჩერებით ადრე ადით გემზე, თუმცა უადგილოდ არც ჩემს შემთხვევაში დავრჩით. მაგრამ ეჭვი მაქვს ზაფხულის ტურისტულ სეზონთან ერთად გემბანის საუკეთესო ადგილებისთვის უფრო მეტი ძალისხმევა გახდება საჭირო.
რომანტიკას საღამოს დადგომა და დაისის სხივები კიდევ უფრო აფერადებს…
ამ ტიპის გემის უპირატესობა ის არის, რომ ტურისტულისგან განსხვავებით ის დუნაის ორივე ნაპირზე, სხვადასხვა ადგილზე ჩერდება და საშუალება გაქვთ ნებისმიერ გაჩერებაზე ახვიდეთ ან ჩამოხვიდეთ.
მიუხედავად იმისა, რომ მე-12 მარშრუტზე მცურავი გემები საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთიანი სისტემის შემადგენელი ნაწილია მათზე მოწყობილია ბარი და ბუდაპეშტის ხედებით ტკბობასთან ერთად სასმელის წრუპვაც ნებადართულია.
მდინარეს აღმა მივუყვებით პარლამენტის შენობისკენ და გენიალური კონსტრუქციის ახალ თუ ძველ ხიდებთან ერთად თვალწინ იშლება ბუდაპეშტის ასევე გენიალური არქიტექტურა.
ხედებით ესთეტიკური სიამოვნების გარდა საღამოს დუნაის დინებით მოტანილი ნიავით მიღებული სიამოვნება იმდენად მიმზიდვლი და მათრობელა აღმოჩნდა, რომ მეორე საღამოსვე იგივე გავიმეორეთ და ამ გზით მიღებულმა დადებითმა ენერგიამ ეს ულამაზესი ქალქი კიდევ უფრო შეგვაყვარა.
რეკომენდაციები იმის შესახებ თუ როგორ უნდა იმოგზაუროთ ბუდაპეშტში და რა ნახოთ, იხილეთ მსგავს თემებში.
რეკომენდაციები:
- იაფი სასტუმროების დაჯავშნის ხერხები და რეკომენდაციები
- მუზეუმების ბილეთების საიტი: Tiqets
- 10 ევროს ფასდაკლება მატარებლებისა და ავტობუსების ბილეთებზე: Omio
- მოგზაურობის შესახებ დეტალური ინფორმაცია: მოგზაურთა ჯგუფი
- დაგვიანებული, გადადებული ან გაუქმებული ავიარეისების კომპენსაცია