ექსკლუზიური პლიაჟი

ამ მშვენიერ, ექსკლუზიურ პლიაჟს შემთხვევით გადავაწყდი.

ის მხოლოდ ზღვიდან მოსჩანს და თუ წინასწარ არ იცი მისი არსებობის შესახებ, დიდი ალბათობით ვერც ვერასდროს შეამჩნევთ. მე მას ექსკლუზიური პლიაჟი შევარქვი.

მწვანე კონცხის მყუდრო პლიაჟზე გარუჯვისას ყურადღება მიიპყრო ზღვაში შეჭრილ კლდეზე გაკეთებულმა ხიდმა და ბუნებრივია მისკენ გავემართე.

ვიფიქრე ხიდზე ავძვრები და იქედან საინტერესო ხედებს გადავიღებ, მაგრამ ხიდზე ასასვლელი ხის კიბის მოაჯირზე საინტერესო აბრა შევნიშნე.

თუ ამ ფოტოს გაადიდებთ შეიძლება სერვისისა და ფასების ამოკითხვა, მაგრამ მე მოკლედ მაინც დავწერ. შესვლა დილის 8-დან საღამოს 7-მდე 10 ლარი ღირს. ფასში შედის შეზლონგი, ქოლგა, ტუალეტი, შხაპი, გამოსაცვლელი, Wi-Fi, ერთი ნალექიანი ყავა ან წყალი, დასუფთავებული სანაპირო და გემოვნებიანი მუსიკა. ტერიტორიაზე შესვლა უფასოა მათთვის ვინც ჩვენს კერძებს და სასმელებს შეუკვეთავსო. შედარებისთვის, ხიდის აქეთ მხარეს ორ შეზლონგსა და ერთ ქოლგაში 10 ლარი გადავიხადე, შხაპიც შედიოდა, მაგრამ ინტერნეტი, ყავა და გემოვნებიანი მუსიკა არავის შემოუთავაზებია, მთელი დღე რუსული ბლატნოი ისმოდა.

ავიდეთ ამ ხისა და რკინის ხიდზე.

აქედან გადახტომა არ შეიძლება, ამიტომ ხიდის მაცდურ კიდეზე ისეთი წინაღობებია, რასაც ხშრად ისტორიული ნაგებობების თაღებზე ჩამოჯდომისა და ექსკრიმენტების გამოყოფის მოყვარულ ფრინველებს უწყობენ ხოლმე.

ქვევით ლოდებში მაინც ბანაობდნენ, ეტყობა გვერდიდან შემოცურეს.

ჩანს რომ ხიდი ძალიან ძველია, მისი სამაგრები და მოაჯირები ისეა დაჟანგული საუკუნოვანი მოგეჩვენებათ.

ხიდის ბოლოდან უმშვენიერესი სურათი გადაიშალა.

ექსკლუზიური პლიაჟი

კერძები არ დამიგემოვნებია, მაგრამ მართლაც გემოვნებიანი მუსიკა ისმოდა, ისეთი, ზღვის გარეშეც, რომ ზღვის პირას გაგრძნობინებს თავს.

როგორც ჩანს ეს ადგილი ადამიანების გარდა დელფინებსაც მოსწონთ, დელფინარიუმის პროგრამის თითქმის ნახევარი უფასოდ შეასრულეს 🙂 მაგრამ სიშორის გამო მხოლოდ ამ კადრის გადაღება მოვახერხე.

იაფი სასტუმროები ექსკლუზიური პლიაჟის მახლობლად ეძებეთ საიტზე: www.hotelscombined.com

რუკა:

Related posts

ბათუმის ბოტანიკური ბაღი

მწვანე კონცხი

დღევანდელი ნუდისტური პლიაჟი