არაერთხელ უკითხავთ, გამოდგება თუა არა ვარშავა სამოგზაუროდ და დასასვენებლად, ანუ რისი ნახვა შეიძლება და როგორ გავერთოთ…
2018 წლის 23 მარტის სტატიის განახლება
გავრცელებული მოსაზრების მიხედვით ვარშავა არატურისტულია. უმრავლესობა სანახავ ადგილთა შორის ასახელებს ძველი ქალაქის ცენტრს, რომელიც ომის შემდეგ ფოტოებისა და ნახატების მიხედვით აღადგინეს.
შინაარსი
მცირედი ისტორია
გავრცელებული შთაბეჭდილება შედეგია იმ სურათისა, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის შემდგომი კომუნისტური რეჟიმის არქიტექტურა ქმნის.
საბჭოთა მრავალსართულიანი კორპუსები და სტალინური ცათამბჯენი, რომელიც ვარშავაში მოსკოვის გავლენის სიმბოლოს წარმოადგენდა. ეს და სტალინური არქიტექტურის სხვა “ნიმუში” მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ვარშავაში აღმოცენდა პოლონეთის გაწითლებიდან მოკლე პერიოდში. ფაშისტებისგან განთავისუფლების შემდეგ კი ვარშავა მიწასთან გასწორებული იყო.
პოლონელებმა დანგრეული დედაქალაქის აღდგენისას შეეცადნენ ძველი შენობები პირვანდელი სახით ხელახლა აეშენებიათ. ამ პროცესში გამოყენებული იქნა იტალიელი მხატვრის, კანალეტოს (ბერნარდო ბელოტოს – 1721 – 1780 წწ.) შემოქმედება. მისმა ტილოებმა ვარშავის ბევრი ქუჩისა და შენობის ულამაზესი არქიტექტურა შემოინახა.
მიუხედავად იმისა, რომ ვარშავის ცენტრი თითქმის ახლიდან აშენდა, ანუ ძველის რეპლიკა გაკეთდა, ის მაინც მოხვდა “იუნესკოს” მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში. შესაბამისად, ვარშავაში სანახავიც არის და დასათვალიერებელიც 🙂
ტურისტების ვარშავა
ტურისტული თავშეყრის ერთ-ერთი ცენტრია ძველი ვარშავის ბაზრის მოედანი. როგორც ხვდებით უამრავი კაფე-რესტორანი და ტურისტული მნიშვნელობის ობიექტია თავმოყრილი.
Rynek Starego Miasta – ძველი ქალაქის ბაზრის მოედანი არის ბაზრობების, ეროვნული ფესტივალებისა და კონცერტების ჩატარების ადგილი.
ამ მოედანს თითქმის ებჯინება Plac Zamkowy, სასახლის მოედანი. რომელიც ასევე მნიშვნელოვანი ტურისტული ღირშესანიშნაობაა.
აქ არის შემონახული ძველი ციხესიმაგრის კედლები და თავად სამეფო სასახლე (ფოტოზე მარჯვნივ), მდიდრული დარბაზებითა და კოლექციებით. მოედნის გულში კი აღმართულია სიგიზმუნდის სვეტი. მასზე დგას ქანდაკება სიგიზმუნდ III ვაზასი, რომელმაც 1596 წელს პოლონეთის დედაქალაქი კრაკოვიდან ვარშავაში გადაიტანა.
მეორე მსოფლიო ომის შედეგად სამეფო სასახლისგან თითქმის აღარაფერი დარჩა.
ახლა კი მდინარე ვისლას მხრიდან სამეფო სასახლე აი ასე გამოიყურება.
ტურისტული მონაცემები
2019 წლის მონაცემების მიხედვით მხოლოდ ვარშავას 9,6 მილიონზე მეტი ტურისტი ეწვია, მაშინ როდესაც საქართველოში 6 მილიონი ვიზიტორის ამბავი აღნიშნეს. ვიზიტორებში შედის ტურისტებიც და ისინიც ვინც ქვეყანას 24 საათზე ნაკლები დროით სტუმრობდა (ქვეყანა ტრანზიტად გამოიყენა). ვარშავაში ასეთი ვიზიტორების რიცხვი 11 მილიონამდეა. სულ ტურისტებისა და ვიზიტორების რაოდენობა 20 მილიონს აჭარბებს. ამ რიცხვებში ადგილობრივი ტურისტები ჭარბობენ. 9,6 მილიონ ტურისტში უცხოელი მხოლოდ 2,7 მილიონია. ვიზიტორებში კი უცხოელების რაოდენობა 155 ათასს არ აღემატება. თუმცა, ტურისტული ინდუსტრიისთვის უცხოელიც და ადგილობრივი ტურისტიც თითქმის ერთნაირად მნიშვნელოვანია.
საინტერესოა ისიც თუ რა მიზანი ამოძრავებთ ვარშავაში ჩასულ მოგზაურებს:
40 პროცენტი ადგილობრივებისა და 29 პროცენტი უცხოელების ვარშავას ღირშესანიშნაობების მოსანახულებლად სტუმრობს. დასასვენებლად ადგილობრივებისა 17 პროცენტი და უცხოელების 24 პროცენტი ჩადის და ასე შემდეგ.
უცხოელ ტურისტთა შორის ყველაზე პოპულარულია ძველი ქალაქი, მას სტუმრობს 48 პროცენტი. მეორე ადგილზე 16 პროცენტით არის კულტურისა და მეცნიერების მუზეუმი. 13 პროცენტი პოლონელი ებრაელების ისტორიის მუზეუმს სტუმრობს…
“სირენკა”, ანუ ქალთევზა ვარშავის სიმბოლოა. ლეგენდის მიხედვით ქალთევზას ზღვიდან მდინარის მეშვეობით ძველი ვარშავის მისადგომებამდე მიუღწევია. შესასვენებლად ნაპირზე ამოსულს არემარე ძალიან მოსწონებია… ის ერთ მეთევზეს შეუფარებია, ბევრი განსაცდელისგან უხსნია, მათ შორის ტყვეობიდან. მადლიერების ნიშნად ქალთევზას აღუთქვამს მეთევზეთა დაცვა და მფარველობა.
ქალთევზა არა, მაგრამ ჩვენს დროში უამრავი ვარშაველი და ქალაქის სტუმარი სიამოვნებით ისვენებს მდინარე ვისლას სანაპიროზე, რომელიც თავშეყრის პოპულარულ ადგილად ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შემდეგ გახდა.
ანალოგიური ვითარებაა სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზეც, რომელიც ვარშაველების და ქალქის სტუმრების საყვარელ სასეირნო ადგილად იქცა.
ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებამ ბევრი უფუნქციო შენობა გააცოცხლა და ახალი მნშვნელობა შესძინა. მაგალითად ასეთია ტრამვაის ელექტროსადგურის შენობა, სადაც რეკონსტრუქციის შემდეგ ვარშავის ამბოხების მუზეუმი განთავსდა.
ვარშავის ამბოხება ფაშისტების წინააღმდეგ 1944 წელს მოხდა და მას ემიგრაციაში მყოფი მთავრობა ლონდონიდან ხელმძღვანელობდა. ამიტომ წლების მანძილზე კომუნისტური მმართველობა მისი მნიშვნელობის დაკნინებას ცდილობდა და მუზეუმის გახსნა მხოლოდ კომუნისტური რეჟიმის დასრულების შემდეგ მოხერხდა.
ამ ერთი ფოტოდანაც ნათლად მოსჩანს, რომ მუზეუმში საკმაოდ ბევრი საინტერესო ექსპონატია.
სხვა მუზეუმების აღწერას არ შევუდგები, უბრალოდ რამდენიმე მნიშვნელოვან ტურისტულ ობიექტს ავღნიშნავ.
“ლაზენკის” პარკი და სასახლე. ყველაზე დიდი პარკი ვარშავაში, ხელოვნური ტბითა და ტბის შუაგულში მოწყობილ კუნძულზე აგებული სამეფო სასახლით. “სასახლე წყალზე”, ასეც ეძახიან მას, “ვარშავის ამბოხებისას” მისი უნიკალური ნახატები და თავად სასახლე ფაშისტებმა დაწვეს. მაგრამ სასახლე აფეთქებას სასწაულებრივად გადაურჩა და აღდგენილი იქნა ომის დამთავრების შემდეგ, რიგითი მოქალქეების შემოწირულობების მეშვეობით.
სასახლეში ახლაც უამრავი სიმდიდრე და ხელოვნების ნიმუში ინახება, ისევე როგორც მთელს პარკში მიმოფანტულ სხვადასხვა ისტორიულ შენობებში.
ეს არის 1860 წელს აგებული ორანჟერია ტროპუკული მცენარეების ბაღით. მოკლედ, სანახავი ამ პარკში მართლაც ბევრია…
გართობა
ისტორიული ძეგლებისა და დასასვენებელი პარკების გარდა ვარშავა გამორჩეულია მუსიკალური ფესტივალებითა და “ღამის ცხოვრებით”. ალბათ, ღამის ეკონომიკის მინისტრის პოსტი დიდი ხნის წინ შემოიღეს 🙂
მუსიკოსების და შემოქმედების თაყვანისმცემელთა თავშეყრის საყვარელი ადგილია შოპენის მონუმენტი. აქ, განსაკუთრებით ზაფხულის მანძილზე ხშირად იმართება მუსიკალური საღამოები.
ღამის ცხოვრება კი კლუბებშო, ბარებში და რა თქმა უნდა მდინარე ვისლას სანაპიროზე დუღს.
ვარშავა გამორჩეული ადგილია ბიზნესის წარმოებისთვისაც. ამაზე მეტყველებს თანამედროვე ბიზნესცენტრების შენობები, რომლებიც სტალინური ცათამბჯენის ფონზე წამოიმართნენ.
პოსტი მომზადებულია Mikolaj Tauber-ის პრეზენტაციის მიხედვით.
იაფი ავიაბილეთები ვარშავის მიმართულებით
ბევრს აინტერესებს სად შეიძლება იაფი ავიაბილეთების დაჯავშნა და შეძენა საქართველოდან ვარშავის მიმართულებით.
ქუთაისი-ვარშავა – ამ მიმართულებით ქუთაისის აეროპორტიდან ყოველდღიურად დაფრინავს ავიაკომპანია Wizz Air. ორმხრივი ავიაბილეთი დაახლოებით 240 ლარი ღირს და რაც მთავარია, ფრენის ხანგრძლივობა სულ რაღაც 3 საათს შეადგენს და თქვენ პირდაპირ ვარშავის შოპენის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მოხვდებით, ფაქტობრივად პირდაპირ ქალაქში. ეს იმითაც არის ხელსაყრელი, რომ თქვენს სასტუმრომდე საქალაქო საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავრებთ.
ბილეთები დაჯავშნეთ და შეიძინეთ საიტზე: kiwi.com
თბილისი-ვარშავა – ამ მიმართულებაზე პოლონეთის ავიახაზები LOT Airlines ოპერირებს. ორმხრივი ბილეთების ფასი კი 190 ევროდან იწყება.
რეკომენდაციები
- დაგვიანებული, გადადებული ან გაუქმებული ავიარეისების კომპენსაცია: AirHelp
- იაფი ავიაბილეთები თბილისიდან ან ქუთაისიდან: kiwi.com
- მატარებლის, ავტობუსებისა და თვითმფრინავების იაფი ბილეთები ევროპაში: Omio
- მუზეუმების ბილეთების საიტი: Tiqets
- მოგზაურობის შესახებ დეტალური ინფორმაცია: მოგზაურთა ჯგუფი