ვენეცია და ფასები

რამდენად შესაძლებელი ვენეცია მოვიაროთ მცირე ბიუჯეტით, მაღალი ფასების მიუხედავად? ეს რთულია, მაგრამ ეკონომია შესაძლებელია.

ვენეციის უნიკალურობის გამო მას ყოველწლიურად 5 მილიონი ტურისტი სტუმრობს და შესაბამისად ყველაფრის ფასი იმაზე მაღალია ვიდრე იტალიის ისედაც ძვირ, სხვა ტურისტულ ქალაქებში. აქ ჩემს მაგალითზე განვიხილოთ სად და როგორ შეიძლება ეკონომიის გაკეთება.

ვენეცია და ტრანსპორტი

ვენეციაში საქართველოდან ჩასვლის სხვადასხვა საშუალება არსებობს, მაგრამ ყველაზე ხელსაყრელი ქუთაისიდან მილანში “ვიზეარით” გადაფრენა და მილანიდან ვენეციაში ავტობუსით გამგზავრებაა. ქუთაისი-მილანის ბილეთი 65 ლარად შევიძინე 2-3 თვით ადრე. ასევე წინასწარ ვიყიდე ავტობუსის, Flixbus-ის ბილეთები 13.90 ევროდ. თუ კარგად ჩაუსაფრდებით უფრო იაფი ბილეთის პოვნაც შეიძლება.

ფლიქსბასის ავტობუსი საკმაოდ კომფორტული აღმოჩნდა. არც სკამებს შორის მანძილს შევუწუხებივარ და არც ხმაურს, მაგრამ ერთი უარყოფითი მხარე მაინც აქვს. ბილეთები ნომრების გარეშეა და ავტობუსში შესვლისას ყველა ცდილობს კარგი ადგილი დაიკავოს, უფრო წინა მხარეს.

ავტობუსში არის WI-Fi და შტეფსელი 220 ვოლტით, შეგიძლიათ მობილური ან ლეპტოპი დატენოთ და ინტერნეტში ისე იძრომიალოთ, რომ აკუმულატორი არ დაზარალდს. 3:35 საათიანი მგზავრობის შემდეგ ფლიქსბასით აღმოვჩნდით ვენეციის მისადგომებთან, მესტრეს რკინიგზის სადგურზე, რომელიც ადმინისტრაციულად ვენეციას ეკუთვნის, მაგრამ მატერიკზე მდებარეობს და ვენეციასთან სარკინიგზო და საავტომობილო ხიდი აკავშირებს.

მატარებლის ბილეთი, რომელიც ყოველ 10-15 წუთში დადის უნდა შეიძინოთ ავტომატში, მისი ღირებულება 1,25 ევროს შეადგენს. ყურადღება მიაქციეთ ტაბლოს, რადგან ვენეციის მატარებლები სხვადასხვა ბაქანზე შემოდიან ხოლმე. ჩემს შემთხვევაში პირველ ბაქანზე მდგომ მატარებელში ჩასხდომა ვერ მოვასწარი და შემდეგი მეთერთმეტე ბაქანზე შემოვიდა.

არის სხვა ვარიანტიც, თუ დროის დაზოგვა არ გაქვთ გადაწყვეტილი, შეგიძლიათ მესტრედან ვენეციაში “ერთრელსიანი” ტრამვაით წახვიდეთ, რომლის 75 წუთიანი ბილეთი 1.5 ევრო ღირს. ტრამვაის ბოლო გაჩერება არის ვენეციის Piazzale Roma-ს მოედანზე. აქვეა ავტოსადგურიც, სადაც სხვათაშორის ფლიქსბასის ავტობუსებიც შედიან, მაგრამ მილანიდან ასეთი ავტობუსით მგზავრობაზე უარი ვთქვით, რადგან მარშრუტი საკმაოდ გრძელი და ხანგრძლივი იყო, ორჯერ და უფრო მეტი ვიდრე ჩემს მიერ შერჩეული ვარიანტი.

მუსოლინის დროინდელი ფაშისტური არქიტექტურის ნიმუში – ვენეციის რკინიგზის ვაგზალი “სანტა-ლუჩია” (Santa Lucia) ავტოსადგურის მახლობლად მდებარეობს. ამის იქეთ ვენეციაში გადაადგილება, მხოლოდ ფეხით ან საწყლოსნო ტრანსპორტით შეიძლება. ვაგზლის წინ მარცხენა მხარეს არის წყლის ავტობუსების “ვაფარეტოს” გაჩერება – ნავმისადგომი, აქვე იყიდება ბილეთებიც. სტანდარტული 75 წუთიანი ბილეთის ფასია 9,5 ევრო. ერთდღიანი ბილეთი 20 ევრო ღირს, 2 დღიანი 30 ევრო და 3 დღიანი 40 ევრო.

ლაიფჰაკი: უკან გზაზე შევამჩნიე, რომ ვაფარეტოზე შესასვლელებში ხარიხები გახსნილი იყო და თუ ხარიხებს გაივლით შემდეგ ბილეთსაც არავინ ამოწმებს. ანუ თუ გარისკავთ უფასოდაც იმგზავრებთ.

მაგრამ თუ ვენციაში 1 დღეზე მეტხანს დარჩენას აპირებთ და წყლის ტრანსპორტით გადაადგილებაც დაგეგმილი გაქვთ, გირჩევთ შეიძინოთ ვენეციის ბარათი, რომელიც 50 ევრო ღირს. სამაგიეროდ თქვენ მიიღებთ დიდ ფასდაკლებას ვენეციაში გადაადგილებისას და მუზეუმების ბილეთებზე. მაგალითად ვაფარეტოთი (წყლის ავტობუსი) მგზავრობა 9,5 ევროს ნაცვლად 1,5 ევრო დაგიჯდებათ. თანხა ბარათის ბალანზიდან ჩამოიჭრება.

ასევე ფასდაკლებას მიიღებთ დიდი არხის ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე გონდოლით გადასვლისას – 2 ევროს ნაცვლად 70 ევროცენტის გადახდა მოგიწევთ. ერთი ნაპირიდან მეორეზე გონდოლით გადასასვლელი რამდენიმე ნავმისადგომის დასახელება: S. Maria del Giglio; Traghetto di Santa Sofia (Sestiere di Cannaregio) და სხვა.

ხოლო თუ გონდოლით ვენეციის არხებში სეირნობას მოინდომებთ, აქ ვენეციის ბარათი ვერაფერს დაგეხმარებთ, გონდოლის დაქირავების ფასი 80 ევროდან იწყება. თუ ექვსნი ხართ, ან თუნდაც ოთხი 80 ევროს გაყოფა თავისუფლად შეიძლება, არაფერი სჯობს ვენეციის არხებში გონდოლით სეირნობას.

აქვე დავამატებ, ვენეციაში არის საწყლოსნო ტაქსებიც (სწრაფმავალი კატერი), რომლის ღირებულება 100 ევროდან იწყება.

საცხოვრებელი – სასტუმრო ან აპარტამენტი

ტრადიცისამებრ საცხოვრებელი Airbnb-ზე შევარჩიე, თქვენც ამასვე გირჩევთ. როგორ უნდა დარეგისტრირდეთ და ისარგებლოთ ამ სისტემით აღწერილი მაქვს სპეციალურ პოსტებში.

Airbnb-ზე აპარტამენტი შევარჩიე სან-მარკოს მოედანთან სიახლოვისა და ფასის მიხედვით. ბინების უმრავლესობა საკმაოდ ძვირი ღირს და პლუს ამას ითხოვენ უსაფრთხოების დეპოზიტს 300 ევროს და ზევით. მე ისეთი აპარტამენტები შევარჩიე, რომელიც ამ დეპოზიტს არ მოითხოვს და შეფასებებიც საკმაოდ მაღალი აქვს.

აპარტამენტში, რომლის სახელწოდებაა COZY APARTMENT IN ST. MARK’S SQUARE და რომელიც გათვლილია მაქსიმუმ 5 სტუმარზე, არის ორი ტუალეტი, ერთი საშხაპე, სამზარეულო, ორი საძინებელი და ერთი საერთო ოთახი – ერთ დღეში გადავიხადე 174 აშშ დოლარი. ამაზე იაფ ვარიანტსაც იპოვნით, მაგრამ ცენტრიდან ოდნავ მოშორებით, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი მოძრაობა მოგიწევთ ფეხით. თუ ვენეციაში რამდენიმე დღით დარჩენას გეგმავთ და ტრანსპორტისთვის ვენეციის ბარათსაც შეიძლენთ, მაშინ ცენტრიდან მოშორებით დასახლება საინტერესოც კი იქნება.

მოკლედ, Airbnb განსაკუთრებით ამართლებს ვენეციაში რადგან აქ სასტუმროს დაქირავება მთელი ოჯახისთვის ან მეგობრების ჯგუფისთვის ძალიან ძვირი ფუფუნებაა. და თუ მაინც სასტუმროს დაჯავშნას გადაწყვეტთ, გირჩევთ ეძებოთ არა “ბუკინგკომზე”, ან სხვა რაიმე მსგავს საიტზე, არამედ მათში საუკეთესო ვარიანტების მაძიებელ skyscanner.net-ზე.

კვება და ფასები

ისევე როგორც ყველაფერი ვენეციაში კვებაც ძვირია განსაკუთრებით არხისპირა კაფე-რესტორნებში.

ეს კერძები, ორი ლაზანიე, პასტა და პიცა, ერთ წყალთან ერთად 60 ევროს ტოლია “რეალტოს” ცნობილ ხიდთან მდებარე რესტორანში. მილანში იგივე მენიუში 43 ევრო გადავიხადეთ. გაითვალისწინეთ, რომ ვენეციის ცენტრალური ნაწილის მეორე მხარეს ფასები დაახლოებით 10 პროცენტით დაბალია.

რეალტოს ხიდის მახლობლად ვიპოვეთ სუპერმარკეტი, რომელშიც პროდუქტებზე სტანდარტული ფასებია და თუ შინ სადილის მომზადება არ გეზარებათ დიდ ეკონომიასაც გააკეთებთ. განსაკუთრებით მომეწონა მასკარპონეს ფასი, რომელიც 2 ევრომდე ღირდა (ჩვენთან 15 ლარი) და რომლისგანაც მზადდება ნამდვილი ტირამისუ.

თუ ზღვის პროდუქტების მოყვარულები ბრძანდებით ვენეციის თევზის ბაზარს უნდა მიაკითხოთ, დროის უქონლობის გამო მე ეს ვერ შევძელი და ვერაფერს გირჩევთ.

მოკლედ, თუ ვენეციაში მოგზაურობას გადაწყვეტთ დაახლოებით ასეთი ხარჯების გაწევა მოგიწევთ. საუკუნეების მანძილზე ვაჭრობით განთქმული ეს ქალაქი ასევე კარგია შოპინგისთვის. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ ნამდვილი ტყავის ადგილობრივი წარმოების ჩანთები თუ ფეხსაცმელი, ისინი ხშირად საღამოობით ქუჩაშიც გამოაქვთ სარიალიზაციოდ. ფასი საკმაოდ ხელმისაწვდომია. ათასგვარი სუვენირები და ვენეციური შუშა კი ყოველ ფეხის ნაბიჯზეა.

რეკომენდაციები:

  • იაფი ავიაბილეთების საძიებელი საუკეთესო საშუალება: kiwi.com
  • დაგვიანებული, გადადებული ან გაუქმებული ავიარეისების კომპენსაცია: Air Help
  • თუ სასტუმროებს დაეძებთ, მაშინ ეწვიეთ სასტუმროების ფასების საძიებო და შესადარებელ სისტემას: skyscanner
  • მუზეუმების ბილეთების საიტი: Tiqets
  • 10 ევროს ფასდაკლება მატარებლებისა და ავტობუსების ბილეთებზე: Omio
  • მოგზაურობის შესახებ დეტალური ინფორმაცია: მოგზაურთა ჯგუფი

Related posts

ვენეცია და ტურიზმი

ვიდეოგასეირნება ვენეციაში