ვიშეჰრადი

თუ პრაღის ტურისტულ ნაწილში ხეტიალი მოგბეზრდება და დასვენებას გადაყვეტ, აუცილებლად ვიშეჰრადს უნდა მიადგე.

ამ უძველეს ციხესიმაგრეში, პრაღის შემაღლებულ ადგილას, ისტორიულ ძეგლებთან ერთად უზარმაზარი პარკიცაა, რომლიდანაც პრაღის საუკეთესო ხედები გადაიშლება.

აქვია გაშენებული ვენხები და ჩეხურ ღვინის რესტორანში ცხელი ღვინითაც გაგიმასპინძლდებიან. ვიშეჰრადში ინახება ”კარლოსის ხიდის” ძეგლების ორიგინალები, რამდენიმე ათეულ კრონად მათი დათვალიერებაც შეიძლება.  თუმცა პრაღის ხედები და მყუდრო და ლამაზი პარკიც არანაკლებ სასიამოვნოა.

ამ ციხესიმაგრის ისტორია სათავეს იღებს მეათე საუკუნიდან, თუმცა კი კლდოვანი ბორცვი ვლტავის სანაპიროსთან დასახლებული ყოფილა ოდითგანვე. ციხესიმაგრე იქ ეგრეთწოდებული ”დევიჩი” (ქალების) ომის დროს კაცებმა ააგეს.

მეთერთმეტე საუკუნეში, ციხესიმაგრეში პირველი ტაძარი (წმინდა პეტრე და პავლეს სახელობის) ააშენა ვრატისლავ მეორემ, რომელიც შემდეგ ჩეხეთის პირველ მეფედ აკურთხეს. სწორედ მაშინ შეიქმნა ”ვიშეჰრადის კოდექსიც”, რომელიც ერთერთი უძველესი ხელნაწერია ჩეხეთის ისტორიაში. აქ იყო განლაგებული მეფის სასახლეც, რომლის კვალი ახლა არსად ჩანს. არადა ვიშეჰრადი ჩეხეთის მეფეების რეზიდენცია დიდი ხნის მანძილზე იყო.

ციხესიმაგრეს მხოლოდ ცნობილი პრაღელების პანთეონი შემორჩა. ვიშეჰრადი პრაღას 1884 წელს შეუერთდა, ხოლო 1962 წელს ის ეროვნულ კულტურულ ძეგლად გამოცხადდა. მანამდე აქ იყო მცირე დასახლება.

ვიშეჰრადის პარკი და წმ. მარტინის როტონდა (გუმბათიანი მრგვალი ნაგებობა სადაც ჯვრისწერის რიტუალი ტარდება)

ფოტოები გადაღებულია 2008 წლის ოქტომბერში.

Related posts

ხუთვარსკვლავიანი აპარტამენტი პრაღაში

პრაღა – კარლის ანუ კარლოსის ხიდი

პრაღის ტრანსპორტი: მეტრო, ტრამვაი, ავტობუსი