თბილისის ავტომუზეუმი

პრესაში ხმა გავარდა თბილისობის დღეს ავტომუზეუმის გახსნა იგეგმებაო. გაჩნდა ტელესიუჟეტები სტატიები და ეს ყველაფერი ისე მომხიბლავად გამოიყურებოდა, რომ გახსნამდე ვერ მოვითმინე.

თბილისის ავტომუზეუმის მშვენება, საბჭოთა კავშირის გარიჟრაჟზე ГАЗ-ის “ფორდთან” თანამშრომლობით შექმნილი პიკაპი. ზუსტად ძნელია იმის თქმა რომელი მოდელია, ძალიან ჰგავს ГАЗ-4-ს, მაგრამ საბარგულით ოდნავ განსხვავდება.

1934-36 წლებში საბჭოთა კავშირში ფორდის პიკაპის Ford-A-ს ბაზაზე შექმნილი ეს ავტომობილი ავტომუზეუმის თანამშრომლებმა კახეთში აღმოაჩინეს.

საკმაოდ იშვიათი მოდელია, რადგან მისი დიდი ნაწილი მეორე მსოფლიო ომში განადგურდა.

ავტომუზეუმის შექმნა ბიზნესმენმა გიორგი მამულაშვილმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც რესტავრირებული ძველი საბჭოთა ავტომობილების რაოდენობა ორ ათეულს მიუახლოვდა. ყველაფერი კი 1998 წელს დაიწყო, როდესაც ბატონი გიორგი ავტომობილების ბაზრობაზე შემთხვევით მწვანე მოსკვიჩს გადაეყარა.

ახლა მუზეუმის კოლექციაში 1965 წელს გამოშვებული ამ მოსკვიჩ-403-ზე უფრო ძველი ექსპონატებიცაა, მაგალითად მოსკვიჩ-401, რომელის გამოშვების სავარაუდო თარიღია 1954-56 წლები. ის ზუსტი ასლია გერმანული ოპელ კადეტის (Opel Kadett K38). მოდელიც და მისი საწარმოო ხაზიც საბჭოთა კავშირმა გერმანიიდან გაიტანა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ.

კიდევ რამდენიმე მოსკვიჩი მუზეუმის ეზოში ელოდება რესტავრაციას. უკვე დასრულების სტადიაზეა და სავარაუდოდ თბილისობის დღესასწაულისთვის მწყობრში იქნება საბჭოთა საქართველოს მილიციის მშვენება, 1960-1970-იან წლებში გამოშვებული მოსკვიჩ-412.

ქუჩაში მის გამოჩენაზე ახლაც რეაგირეენ ძველი მძღოლები და ჯიბეში 5 ლარიანს ეძებენ.

ავტომუზეუმში ფართოდ არის წარმოდგენილი ზაპოროჟეცის სხვადასხვა მოდელი. ყველაზე მეტად მომწონს Заз-965 რომლის დიზაინი ძალიან წააგავს ფიატს და ფოლცვაგენის ხოჭოსაც.

ფოლცვაგენისა და პორშეს მსგავსად (ზაპოროჟეც-965) Заз-965-ის ძრავიც ავტომობილის უკანა ნაწილშია განთავსებული და გააჩნია ე.წ. საჰაერო გაგრილების სისტემა.

ზაპოროჟეცის ამ მოდელის შემდეგი ორი თაობის გარდა მუზეუმში იხილავთ Луаз-969, რომელიც მაღალი გამავლობის, ე.წ. ჯიპის კატეგორიას განეკუთვნება.

კიდევ ერთი საინტერესო ეგზემპლიარი СМЗ С3Д შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

ავტომუზეუმის კოლექცია ვერ დაიკვეხნის ჯიგულების სიმრავლით, ეტყობა იმის გამო, რომ თითქმის ყველა მოდელი ჯერ კიდევ მრავლად არის საქართველოს გზებზე.

ჟიგული ვაზ-2101 ვიზუალურად ზუსტი ასლია იტალიური ფიატ-124-ის, მაგრამ მთელი რიგი ტექნიკური მონაცემებით არა, მაგალითად სამუხრუჭე სისტემით. ფიატს დისკური მუხრუჭები ჰქონდა, ჟიგულს კი უფრო სუსტი ე.წ. ბარაბნების სისტემა.

03-იც საბჭოთა კავშირსა და ფიატს შორის დადებული ხელშეკრულების ნაყოფია. ჟიგულის შემდეგ მოდელებში იტალიელების ხელი აღარ ურევია.

საბჭოთა ავტოინდუსტრიის მაღალი კლასის ავტომობილებზე გადავიდეთ და გაზებს გადავხედოთ. ЗИМ (ГАЗ-12), ГАЗ-13 “Чайка” და ГАЗ-14 “Чайка”.

ჩვენში კარგად ცნობილი და საბჭოთა-კომუნისტური საქართველოს ბოლო წლებში საკმაოდ პოპულარული “ვოლგა”  ГАЗ-24. ახლა ძირითადად ელიავას ბაზრობის სატვირთო მანქანის ფუნქციას ასრულებს.

უფრო ძველი “ვოლგა”  ГАЗ-21

მის გვერდით “პობედა” ГАЗ-20

და “პობედის” კაბრიოვერსია

კიდევ ერთი გაზების სერიიდან, მაღალი გამავლობის 4X4 – Газ-69-Вилиси

ამით ჯერჯერობით ამოიწურა ქარხნული ნაწილებით აღდგენილი ავტომობილები, ახლა იმ ექსპონატების შესახებ, რომლებიც რეკონსტრუქციას ელოდებიან.

ЗИЛ-115 – მოსკოველი პარტელიტის ბრონირებული ავტომობილი საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლებში.

ალბად პირველი საბჭოთა ავტომობილი გადაცემათა ავტომატური კოლოფით.

ზილის გარდა რეკონსტრუქციას ელოდება რამდენიმე რარიტეტული ავტომობილი.

ავტომუზეუმის შემქმნელი გიორგი მამულაშვილი ისტორიაზე და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

ყველაზე მთავარი, როგორ მივიდეთ ავტოუზეუმთან: რუკაზე იპოვეთ მოსკოვის გამზირი და გაუყევით ჩემს მარშრუტს, რომელიც ლურჯად არის აღნიშნული.


View ავტომუზეუმი in a larger map

Related posts

ბუგატი და სხვები პრაღის მუზეუმში

ტაქსების რეგულაციის მოსალოდნელი შედეგი

ავტომობილის დაქირავება მოგზაურობისას