ჩეხეთის დედაქალაქში მოგზაურობისას აუცილებლად დაინტერესდებით შესაძლებელია თუ არა იაფი და გემრიელი კვება პრაღაში. თუ კი, რომელ კაფეში და რესტორანში?
ბიუჯეტური მოგზაურობის მოყვარულთა სამწუხაროდ, პრაღის რესტორნები საკმაოდ გაძვირდა ტურიზმისა და ჩეხეთში ცხოვრების დონის ზრდის პარალელურად. თუ ჩეხური კერძები გაინტერესებთ, ან მოგზაურობისას შიმშილის გრძნობამ შეგაწუხათ და გინდათ ხარისხიანად და საფუძვლიანად, თანაც იაფად გამოიკვებოთ გირჩევთ ესტუმრეთ ჩეხური სამზარეულოს რესტორანს.
ჰაველსკა კორუნა
შესასვლელ კარზე უფრო დიდი ასოებით შეამჩნევთ აბრას “ჩესკა კუჩინე” (ჩეხური სამზარეულო) სწორედ ეს არის იაფი რესტორანი, რომელიც პრაღის ისტორიულ ცენტრში, ჰაველსკას ქუჩაზე, სუვენირების ბაზრობის გვერდით მდებარეობს.
მენიუ და ფასები გამოფენილია რესტორანში შესასვლელთან.
2019 წლის ახალი წლის დღეების ფასები. შეგიძლიათ კარგად შეისწავლოთ და სხვებს შეადაროთ, თუმცა დარწმუნებული ვარ თითქმის ყველაზე ორჯერ იაფი იქნება. სიიაფე არ არის კერძების დაბალი ხარისხის შედეგი, უბრალოდ აქ მარკეტინგის და მომსახურების სხვაგვარი სისტემაა. გემრიელი და იაფი სამზარეულოს გამო ხშირად რიგი რესტორნიდან ქუჩაშიც გადადის.
ახლა კი შიგნით შევიხედოთ, შესვლისთანავე მოლარე ქალი, აი ისეთი საბჭოთა სასადილოებში რომ იყვნენ ხოლმე, მოგაწვდით ცარილ ბლანკს, ამ ფურცელზე აღინიშნება თქვენს მიერ მირთმეული კერძები და სასმელები.
შემდეგ, ჩვეულებრივი სასადილოს პრინციპით “პოდნოსით” ჩამოუვლით მზა და ცხელ-ცხელ კერძებს, აი ისე როგორც ეს 2000-იან წლებში თბილისში პოპულარულ “ნიკალაში” იყო.
ჩემს და ჩემი თანმხლები მოგზაურების მიერ არჩეული კერძები: სოკოს სუპი, ჩეხური გულიაში, 2 სვიჩკოვა, 3 კოლა და ლუდი.
გაგიმხელთ, რომ ყველაფერი დავაგემოვნე (მსუნაგი ვარ). დავიწყოთ სუპით, თბილისში არსად მიჭამია ასე კარგად მომზადებული, საკმაოდ სქელი და გემრიელი სოკოს სუპი. მხოლოდ ეს კერძიც საკმარისია, რომ კარგად დანაყრდეთ. გადავიდეთ გულიაშზე (ფოტოზე მუქი ფერის კერძი). გულიაში უნგრული წარმოშობის კერძია და ჩეხეთში მას ცოტა სხვაგვარად ამზადებენ, ამიტომ ჩესკი გულიაშს ეძახიან ლუდის წვენში ჩახარშულ ხორცსს და კნედლიკებს (პურის მსგავს ფუნთუშებს). და ბოლოს სვიჩკოვა. ეს კი ნამდვილი ჩეხური კერძია – ხორცი, არაჟანზე დამზადებული სოუსით, კნედლიკებითა და ლიმნის ნაჭერზე მოთავსებული მცირე მურაბით. უგემრიელესია და საუკეთესოდ მიდის ჩეხურ ლუდზე 🙂
თუ ამ ყველაფერს “გადაურჩით”, შეგიძლიათ სხვა კერძები დააგემოვნოთ და დესერტი, გემრიელი ნამცხვრებიც მიირთვათ.
ჩვენ კი გამოსასვლელთან მოლარე ქალი გველოდა, რომელმაც ფურცლებზე აღნიშნული უცნაური რიცხვები დათვალა და 540 ჩეხური კრონი გვიანგარიშა, ანუ დაახლოებით 63 ლარი გადავიხადეთ, თბილისური სახინკლის ფასია.
გამოსვლისას კარებთან ისევ რიგი დავტოვეთ.
კოზლოვნა
გახსოვთ “ევროტურიდან” მთვრალი თხა? ჰოდა ეს სცენა გადაღებულია პრაღაში, ჩვენში “კოზელის” სახელით ცნობილი ლუდის რესტორანში “კოზლოვნაში”. რამ გამახსენა ეს ამბავი და უამრავმა შეკითხვებმა პრაღაში იაფი კვების ობიექტების შესახებ. — “კოზლოვნა ლიდიცკა” – Kozlovna Lidická მოინახულოთ.
ეს არის კოზლოვნას ველკოპოპოვეცკი გულიაში, რომელიც 160 ჩეხური კრონა ღირს, დაახლოებით 18 ლარი. თუ კოზლოვნას 15 საათამდე ეწვევით და ლანჩმენიუს შეუკვეთავთ, იმავე ფასად, ანუ 160 კრონად მიიღებთ სუპს პირველ კერძად, შემდეგ თქვენს მიერ არჩეულ ერთ-ერთ ძირითად კერძს, მათ შორის შეგიძლიათ ეს ვებერთელა გულიაში შეუკვეთოთ და პლუს სასმელი. თუ დესერტზე უარს იტყვით, მაშინ იგივე მენიუში 140 კრონას (15 ლარი) გადაიხდით.
კომბოსტოს სუპი სულაც არ ნიშნავს, რომ მასში მხოლოდ კომბოსტოს იპოვით, ძეხვი, კარტოფილი და სტაფილო, შეგიძლიათ არაჟანიც აურიოთ და ისე დანაყრდეთ, რომ გულიაშის ნახევარსაც ვეღარ გაუმკლავდებით. შესაბამისად თუ მხოლოდ სუპით დანაყრებას გადაწყვეტთ სადილი მხოლოდ 40 კრონი დაგიჯდებათ (6 ლარი), ხოლო თუ მხოლოდ გულიაშს აირჩევთ 120 კრონის გადახდა მოგიწევთ.
ეს რაც შეეხება იაფ მენიუს, სხვა მხრივ კოზლოვნას სამზარეულო მრავალფეროვანია და ჩეხური სამზარეულოს საფუძვლიანად შესწავლის საშუალებას იძლევა.
ამ სამზარეულოს საკვანძო კერძია “კოლენო”, დააგემოვნეთ ველკოპოპოვეცკი კოზელის ლუდთან ერთად. სხვა კერძების ჩამოთვლას აღარ შევუდგები, მენიუ იხილეთ საიტზე. მისამართი: Lidická 20, Praha 5
ვინც პრაღაში ბიუჯეტურ მოგზაურობას გეგმავს, გირჩევთ სასტუმროს ან ჰოსტელის მოსაძებნად და მათ შორის საუკეთესო ფასის ასარჩევად გამოიყენეთ სასტუმროების ყველაზე დიდი საძიებო სისტემა: hotelscombined.com – ეს საიტი საშუალებას გაძლევთ “ბუკინგკომის” და სხვა მსგავსი საიტების ფასები ერთმანეთს შეადაროთ და ყველაზე იაფი ვარიანტი აირჩიოთ.
ჩეხური სამზარეულოს დაგემოვნება შესაძლებელია თბილისშიც, ახლახან გახსნილ რესტორან “სტარომესტკაში”.
სასარგებლო ბმულები და რეკომენდაციები:
- დაგვიანებული, გადადებული ან გაუქმებული ავიარეისების კომპენსაცია
- იაფი სასტუმროების დაჯავშნის ხერხები და რეკომენდაციები
- მუზეუმების ბილეთების საიტი: Tiqets
- 10 ევროს ფასდაკლება მატარებლებისა და ავტობუსების ბილეთებზე: Omio
- მოგზაურობის შესახებ დეტალური ინფორმაცია: მოგზაურთა ჯგუფი