რატომ არის საქართველოში კარანტინი დისკრიმინაციული და უსამართლო

საქართველოს მთავრობა თანდათან ამცირებს ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო შემოღებული კარანტინის ხანგრძლივობას. სულ რამდენიმე კვირის წინ კარანტინის ვადა ჯერ 14-დან 12 დღემდე ჩამოვიდა, შემდეგ კი 8 დღემდე შემცირდა. აქტივისტები მიიჩნევენ, რომ მთავრობამ ეს გადაწყვეტილება სოციალურ ქსელში წამოწყებული საპროტესტო კამპანიის შედეგად მიიღო. საპროტესტოსთან ერთად საინფორმაციო კაპმანია კარანტინის სისტემის დისკრიმინაციულ შინაარსს აკრიტიკებს. ჩანასახის სტადიაზე არსებული სამოქალაქო პროტესტი ფეისბუკჯგუფითა და პეტიციის ხელმოწერების შეგროვებით, რომლის მონაწილეც გარემოებათა გამო მეც აღმოვჩნდი.

 

როგორ მივედი კარანტინამდე

 

სანამ კარანტინში მოხვედრის დეტალებს აღვწერდე, წინათქმის სახით მოკლედ იმის შესახებ, თუ როგორ მივედი კარანტინამდე. სექტემბრის პირველ რიცხვებში გადაუდებელი აუცილებლობის გამო ევროპაში გამგზავრება მომიწია. ეს მოგზაურობა დაგეგმილი ჯერ კიდევ კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე მქონდა.

 

მთავრობის მიერ პანდემიის დროს და მის შემდეგ დაწესებული შეზღუდვების დისკრიმინაციული ან, თუნდაც, უსამართლო ხასიათი თავს იჩენს ჯერ კიდევ ქვეყნის დატოვების ეტაპზე. გაუქმებულმა ფრენებმა და საერთაშორისო ფრენებისთვის ძირითადად ჩაკეტილმა ცამ უამრავი მოქალაქე აზარალა. ნაწილს წინასწარ შეძენილი ავიაბილეთები გაუუქმდა, ხოლო ნაწილი, ვინც მოგზაურობის გადადება ვერ შეძლო, იძულებული იყო ძვირად ღირებული ჩარტერული ან ბოლო დროს დაშვებული სამი ავიაკომპანიის მომსახურებით ესარგებლა.

შეძენილი ძვირად ღირებული ავიაბილეთი სულაც არ არის იმის გარანტი, რომ ქვეყნის დატოვებას შეძლებთ. თბილისის აეროპორტში მაინც მოგიწევთ სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები ე.წ. სველი ბეჭდით დამოწმებული საბუთებით დაარწმუნოთ, რომ შენგენის ზონაში წონადი მიზეზის გამო მიემგზავრებით.

 

მესაზღვრეებს მოქალაქის შენგენის ქვეყნებში არგაშვების უფლება 2021 წლის პირველი იანვრიდან ენიჭებათ ახლახან მიღებული კანონით, რომელიც, ისევე როგორც ამჟამად არსებული პრაქტიკა, წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან. მისი ნორმების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეს აქვს თავისუფალი გადაადგილების, მათ შორის ქვეყნის თავისუფლად დატოვების უფლება.

მოკლედ, ყველა ფორმალური მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ შენგენის ზონის იმ ქვეყანას ვეწვიე,

რომელსაც საქართველო შეყვანილი ჰყავს წითელი ქვეყნების სიაში. შესაბამისად, ჩასვლისას უნდა გამევლო 2-კვირიანი თვითიზოლაცია ან კარანტინი, რომელთა ალტერნატივას წარმოადგენდა მოგზაურობის დაწყებამდე 5 დღის მანძილზე ჩატარებული ორი Covid-19-ის ტესტის უარყოფითი პასუხი.

თბილისში გაკეთებული ტესტის პასუხებითა და სხვა დოკუმენტებით შენგენის საზღვარი მიუნხენის აეროპორტში გადავკვეთე, სადაც მესაზღვრემ მხოლოდ ის იკითხა, თუ სად მივემგზავრებოდი, ხოლო საბოლოო დანიშნულების ქალაქში, ბუდაპეშტში, ისე ჩავედი, რომ აეროპორტში პასპორტიც კი არავის შეუმოწმებია, სიცხის გაზომვაზე საუბარიც ზედმეტია.

 

რა მოხდა უკან დაბრუნებისას

 

მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციები რიგით მოქალაქეს, როგორიცაა უმრავლესობა, არ აძლევს კოვიდტესტის საფუძველზე კარანტინის ალტერნატივით ისარგებლოს, როგორც იყო მაგალითად ჩემი ბუდაპეშტში ჩასვლის შემთხვევაში. გერმანია და კიდევ სხვა რამდენიმე ქვეყანა, რომლებსაც საქართველო მწვანე ზონად ჰყავდათ აღიარებული, საერთოდ არ ითხოვდნენ ტესტის წარდგენასაც კი. უფრო მეტიც, მიუნხენის აეროპორტში გახსნილია უფასო ტესტირების ცენტრი, რომლის მომსახურებით სარგებლობისკენ მოუწოდებენ რისკის შემცველი ქვეყნებიდან ჩასულ სტუმრებს.

საქართველო მწვანე ზონის ქვეყნებიდან მხოლოდ 5 ქვეყნის – გერმანიის, საფრანგეთის, ლიეტუვას, ლატვიისა და ესტონეთის – „სიმწვანეს“ აღიარებს და მხოლოდ მათ უხსნის კარს უკარანტინოდ. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, მათთვის თუნდაც მხოლოდ ამ 5 მწვანე ქვეყანაში მოგზაურობა არაფერს ცვლის.

ამ ინფორმაციით და იმის იმედით, რომ რეგულაციები შერბილებული დამხვდებოდა, მივადექი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის დერეფანს, რომელსაც სასაზღვრო კონტროლთან მიჰყავხარ.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შინ დაბრუნებისას აეროპორტი მხოლოდ ერთ რეისს ემსახურებოდა, გრძელი დერეფანი მაინც გაივსო რიგში მდგომი ხალხით. ამდაგვარი თავშეყრა, თუ რომელიმე მგზავრი ინფიცირებულია, ვირუსის გავრცელებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის, მით უმეტეს, რომ თვითმფრინავში ამ მგზავრებს ერთმანეთთან კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ 4 საათის მანძილზე.

ბარიერების რიგში პირველი ეტაპი ძველ მაგიდაზე დამონტაჟებული აპარატია, სავარაუდოდ, ტემპერატურის მზომი. მისი წარმატებით გადალახვის შემდეგ მივადექი მაგიდას, სადაც სამედიცინო ხალათებში გამოწყობილმა პერსონალმა ჩემი საპასპორტო და საკონტაქტო მონაცემები გადაიტანა სპეციალურ ბლანკზე, მკითხა, რომელ ქვეყნებში ვიმოგზაურე და მაქვს თუ არა რომელიმე ქვეყნის ბინადრობა. შემდეგ გადააბრუნა ფურცელი და იქ ჩამოწერილი პუნქტების გაცნობა და ხელმოწერა შემომთავაზა. ჩემს კითხვაზე, თუ რომელიმეს არ ვეთანხმები და შეცვლა მინდა, მაშინ როგორ ვიქცევით, პერსონალმა გაკვირვებული თვალებით შემომხედა.

უკვე მომდევნო ეტაპია სასაზღვრო-საპასპორტო კონტროლი, სადაც ერთმანეთისგან აცალკევებენ საქართველოს მოქალაქეებს, უცხო ქვეყნის რეზიდენტ საქართველოს მოქალაქეებს და მათ უცხოელების რიგში მარჯვნივ უშვებენ. ისინი საპასპორტო კონტროლის შემდეგ თავისუფლად იღებენ ბარგს და ასევე თავისუფლად, პოლიციის დაჟინებული მოთხოვნითაც კი, ტოვებენ აეროპორტის შენობას და მიემგზავრებიან შინ. მათ შორის შევაჩნიე ისეთი პიროვნებებიც, რომლებიც აშკარად არ ტოვებდნენ უცხო ქვეყანაში ცხოვრების უფლების მქონეთა შთაბეჭდილებას, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი ეჭვებია.

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს კი, პოლიციის მეთვალყურეობით მოგვცეს ბარგის მიღების საშუალება და აეროპორტის იმ მხარეს გაგვიშვეს, სადაც საკარანტინო ავტობუსი გველოდებოდა.

 

კარანტინის დასაწყისი

 

აეროპორტის გვერდით გასასვლელ კართან კიდევ ერთხელ ჩაიწერეს ჩემი მონაცემები და მიმითითეს ავტობუსში ბარგი ჩამელაგებინა და ჩავმჯდარიყავი.

ლოდინი დიდხანს არ დაგვჭირდა. „ჯორჰიან ბასის“ ავტობუსი, რომელიც პანდემიამდე ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს ემსახურებოდა, სწრაფად შეივსო. არავითარი ინფორმაცია, სად უნდა წავიდეთ ამ ავტობუსით, ან რამდენად შორს, ან ხომ არ გვჭირდება რაიმე 4-5-საათიანი ღამის მგზავრობის შემდეგ. არსად ჩანდა არც „გამოჩენილი“ ქართველი ინფექციონისტების გუნდის წევრები და არც უბრალო მედიკოსები. ავტობუსში მძღოლის გარდა სხვა ოფიციალური პირი არავინ იმყოფებოდა. მძროლმა კი არაფერი იცოდა, ან კიდევ აკრძალული ჰქონდა ინფორმაციის გაცემა.

ავტობუსმა აეროპორტის შიდა ეზოს ლაბირინთები გამოიარა, ძველი აეროპორტის დანგრეულ გზებზეც გავიარეთ და „საქაერონავიგაციის“ კოშკურის გამოსასვლელიდან გავედით აეროპორტის გზაზე, რომელსაც ისევ აეროპორტისკენ მიჰყავხართ. ავტობუსმა – ისე, თითქოს უკან მდევარი ჰყავდა – მაღალი სიჩქარე განავითარა, აეროპორტამდე მობრუნდა და ისევ მაღალი სიჩქარით დატოვა ეს ტერიტორია.

კახეთის მიმართულებით რომ გადავუხვიეთ, ერთი კი გავიფიქრე, ნეტა სადმე ლილოს ბაზრობის სასტუმროში არ წაგვიყვანონ-მეთქი და თითქოს შვებით ამოვისუნთქე, როდესაც ლილოს გავცდით, იმედიც კი გამიჩნდა, მაღალი დონის სასტუმრო „კაჭრეთი-ამბასადორი“ ხომ არ გადააკეთეს საკარანტინო სივრცედ-მეთქი, მაგრამ კაჭრეთამდე იმედი გამიცრუვდა. გზად გააჩერეს 15-წუთიანი შესვენებისთვის და ავტობუსის მგზავრებმა პოლიციის პატრულის ეკიპაჟთან გასაუბრებით – მთელი გზა ორი ეკიპაჟი გვაცილებდა – გაარკვიეს, რომ გეზი აღებული გვქონდა თელავისკენ.

მომქანცველი მგზავრობის შემდეგ თელავში ერთ უღიმღამო სასტუმროს მივადექით, მაგრამ მალევე გაირკვა, რომ ის საკარანტინოდ გადარჩეული მოქალაქეების ნაწილსაც კი ვერ მიიღებდა და სწორედ ამ დროს დავიწყე ვიდეოგადაღება იმის აღსაბეჭდად, თუ რა მოუწესრიგებლად მიმდინარეობს კარანტინში განთავსება. ამ დროს კადრში შემოდის ქალის აღშფოთების ხმა… რამდენიმე წამი კიდევ გადავიღე და მალევე შევწყვიტე.

მოგვიანებით მისი თანმხლებისგან გაირკვა, რომ ქალი იტალიიდან ბრუნდებოდა უცხოეთში დაღუპული შვილის დასაფლავებაზე და, ასევე, უდედოდ დარჩენილი ჩვილი შვილიშვილის გამო, თუმცა აეროპორტიდან პირდაპირ კარანტინში წამოიყვანეს.

საკარანტინოდ მზად მყოფი სასტუმროს ძებნის დაწყებისას სულიერი ტკივილით და მოთმინებით შეწუხებული ქალის მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა. ავტობუსის გაჩერება დიდი ხმაურისა და დაჟინებული მოთხოვნის შედეგად მოვახერხეთ, თუმცა ჩვენი ესკორტის პატრულის წარმომადგენლები ქუჩაში სასწრაფოს გამოძახებაზე არ თანხმდებოდნენ და დამატებითი ეკიპაჟიც კი გამოიძახეს. პოლიციის მხრიდან კარანტინის წესების დარღვევისთვის დაჯარიმების გაფრთხილებაც ისმოდა. ხმაურის შემდეგ, როგორც იქნა, სასტუმრომდე მისვლა და სასოწარკვეთაში მყოფი ქალის სამედიცინო დახმარებაც მოხერხდა. პარალელურად დაიწყო ავტობუსის მგზავრების სასტუმროში განთავსება.

 

კარანტინი

 

სასტუმროს აშკარად ეტყობოდა, რომ კარანტინისთვის მზად არ იყო, თუმცა ჯერ ოჯახების ერთად და შემდეგ სხვების სასტუმროში განაწილება, დაახლოებით, ერთ საათში მოხერხდა. შვილმკდარი დედის წუხილის ხმა რაღაც დროის მანძილზე კიდევ ისმოდა, შემდეგ სასტუმროს კარი დაიხურა.

სასტუმროს თანამშრომელი ჩვენთან საუბრისას მსგავს შემთხვევას იხსენებს, როდესაც ემიგრაციიდან დაბრუნებული ადამიანი კარანტინიდან არ გაუშვეს დასაფლავებაზე და ის „სკაიპით“ აყურებინეს.

მე, ისევე როგორც სხვები, სასტუმროს ნომერში მომათავსეს, თან გამაფრთხილეს, რომ გარეთ არ უნდა გავიდე და რომ კარანტინი 8 დღეში დასრულდება.

ცოტა რამ პირობების შესახებ: საკარანტინო სასტუმროს ოთახი კლასიკურ-რომანტიკულ სტილშია გადაწყვეტილი. ვერ ვიტყვი, რომ არაკომფორტულია. მსმენია სხვა სასტუმროების ნაკლოვანებების შესახებ, მაგრამ აქ მხოლოდ მოულოდნელი სტუმრების განთავსებით გამოწვეულ პრობლემებს ვამჩნევ. მაგალითად, პირველ დღეს დილის საუზმის 1 საათით დაგვიანება, ანდა ნომერში ფინჯნის არარსებობა, რაც მალევე გამოასწორეს და სხვა.

ცალკე კითხვებს ბადებს კვების რაციონი. ვინ შეადგინა, რამდენად არის გათვლილი მცირე ზომის ნომერში გამომწყვდეული უმოძრაო ადამიანისთვის, ხომ არ აზიანებს მის ჯანმრთელობას და სხვა კითხვები პასუხგაუცემელია. ასევე, გაუგებარია ის, თუ რა პრინციპით ხდება განთავსების ადგილების შერჩევა და შეესაბამება თუ არა სასტუმროების მომსახურების ხარისხი სახელმწიფოს ბიუჯეტიდან გამოყოფილი სუბსიდიის ოდენობას. ან, თუნდაც, რატომ არ შეიძლება ალტერნატიული მეთოდების გამოყენება?

რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, დანაშაულის ან, თუნდაც, Covid-19-ის დაავადების აღმოჩენის გარეშე მოქალაქეებისთვის თავისუფლების აღკვეთა – კარანტინი რომ სამართლებრივად გამართული გადაწყვეტილება არ არის, არაიურისტისთვისაც ნათელია. ის დისკრიმინაციულიცაა, რადგან ვრცელდება თანაბარ პირობებში მყოფი ადამიანების ნაწილზე, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის გამო.

საქართველოს მთავრობა თანდათან ამცირებს ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო შემოღებული კარანტინის ხანგრძლივობას. სულ რამდენიმე კვირის წინ კარანტინის ვადა ჯერ 14-დან 12 დღემდე ჩამოვიდა, შემდეგ კი 8 დღემდე შემცირდა. აქტივისტები მიიჩნევენ, რომ მთავრობამ ეს გადაწყვეტილება სოციალურ ქსელში წამოწყებული საპროტესტო კამპანიის შედეგად მიიღო. საპროტესტოსთან ერთად საინფორმაციო კაპმანია კარანტინის სისტემის დისკრიმინაციულ შინაარსს აკრიტიკებს. ჩანასახის სტადიაზე არსებული სამოქალაქო პროტესტი ფეისბუკჯგუფითა და პეტიციის ხელმოწერების შეგროვებით, რომლის მონაწილეც გარემოებათა გამო მეც აღმოვჩნდი.

წყარო: radiotavisupleba.ge

Related posts

ხუთვარსკვლავიანი აპარტამენტი პრაღაში

ვარშავა ტურისტული – რა ვნახოთ პოლონეთის დედაქალაქში

სასარგებლო ბმულები მოგზაურობისთვის