კრაკოვი ერთ დღეში – რისი ნახვა შეიძლება

კონკრეტულად რისი ნახვა შეიძლება ერთ დღეში პოლონეთის უძველეს და ულამაზეს ქალაქში? მითუმეტეს, რომ კრაკოვი საუკუნეების მანძილზე იყო პოლონეთის გული – სამეფო დედაქალაქი.

შესაბამისად აქ სანახავი და დასათვალიერებელი ბევრია და ყველაფრის ერთ დღეში ჩატევა ძალიან რთულია.

ჩემს ძველ პოსტებში აღწერილია თუ როგორ უნდა ჩახვიდეთ კრაკოვში დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიის მეშვეობით. მოკლედ, აეროპორტიდან თავდაპირველად აუცილებლად მოხვდებით ავტოსადგურში ან რკინიგზის სადგურში, რომლებიც ერთმანეთის გვერდით მდებარეობენ. ორივე ისტორიული ქალაქის ცენტრის მახლობლადაა და აქედან სრულიად შესაძლებელია მოგზაურობის დაწყება ფეხით.

კრაკოვი ერთ დღეში

ვაგზლისპირა მოედანი და შესასვლელი სავაჭრო ცენტრში “გალერეა კრაკოვსკა”. სხვათაშორის, ამ სავაჭრო ცენტრში შესაძლებელია პირდაპირ მოხვდეთ ავტოსადგურიდან ან კიდევ მატარებლის ბაქნიდან ლიფტით ან ესკალატორით, ყველაფერი ინტეგრირებულია. ამ მოედნის გადაღმა, სადაც მიწისქვეშა გადასასვლელით მოხვდებით, იწყება პარკი, რომელიც გარს აკრავს ძველი ქალაქის ყველაზე ძველ ნაწილს.

“ბარბაკანი”, გალავანშემოვლებული ქალაქის მთავარი შესასვლელი. ის მეთხუთმეტე საუკუნის მიწურულს ააგეს და გარშემორტყმული იყო თხრილებითა და არხებით. მასში შესვლა არა პირდაპირ, არამედ გალავნის კედლის პარალელურად, გვერდიდან ხდებოდა, რაც ქალაქის დამცველებს საშუალებას აძლევდა კარიბჭეს მიმდგარი მტერი გალავნის სათოფურებიდან მიზანში თავისუფლად ამოეღო. ბარბაკანის შესასვლელებში მოწყობილი იყო ასაწევი ხიდი. ასეთივე ხიდი აკავშირებდა მას კრაკოვის მთავარი კარიბჭის კოშკთან.

წმინდა ფლორიანის კარიბჭის კოშკი მე-14 საუკუნით თარიღდება და ბარბაკანის შემდეგ მასაც მნიშვნელოვანი თავდაცვითი ფუნქცია ჰქონდა. ახლა აქ თავს იყრიან ქუჩის მუსიკოსები და სილეზიის ფოლკლორული ჰანგებით ალამაზებენ ძველი ქალაქის მთავარ ქუჩას. ქუჩის ბოლოში კი მოსჩანს კრაკოვის მთავარი მოედანი.

Rynek Główny (რინეკ გლუვნი) – ბაზრის მოედანი. ის ევროპაში შუა საუკუნეების ერთ-ერთ ყველაზე დიდ ურბანულ სივრცედ ითვლება. ბაზრის მოედანი მე-13 საუკუნეში ჩამოყალიბდა და დღეს ტურისტების თავშეყრის მთავარ ადგილ წარმოადგენს. მოედნის შუაგულში განლაგებული რატუშის შიგნით ბაზარი ახლაც ფუნქციონირებს. იქ ძირითადად ტურისტული სუვენირები იყიდება. თუმცა სხვადასხვა დღესასწაულებზე ბაზრის მოედანზე ბაზრობები და კონცერტებიც იმართება.

მოედნის გარშემო უამრავი კაფე და რესტორანია, მაგრამ ზღვა ტურისტების გამო სიძვირით გამორჩეული. მათ შორის არის ქართულ რესტორნად ცნობილი “გრუზინსკი ხაჭაპური”.

კაფე-რესტორნების გარდა კრაკოვის მთავარ მოედანზე განლაგებულია “გუგლის” ოფისი, მიწისქვეშა მუზეუმი, ადამ მიცკევიჩის ძეგლი და ფოსტის ფაიტონის სკულპტურაც კი. მაგრამ მოედნის მთავარ მშვენებას წარმოადგენს წმ. მარის (მარიამის) ბაზილიკა. ამ ადგილზე, წყაროების მიხედვით პირველი ქვის ტაძარი ააგეს 1221-22 წლებში. ტაძრის დღევანდელი სახის ფორმირება ძირითადად მე-15 საუკუნის დასასრულს მოხდა და რა თქმა უნდა მისმა არქიტექტურამ საუკუნეების მანძილზე სხვადასხვა მოდიფიკაციები განიცადა.

ტაძრის ინტერიერის დიდებულია, მაგრამ სამწუხაროდ ფოტო არ გადამიღია.

ბაზრის მოედნიდან სვლას თუ გავაგრძელებთ უნივერსიტეტის ულამაზეს შენობას მივადგებით. “იაგელონსკი უნივერსიტეტი” ერთ-ერთი უძველესია მთელს ევროპაში. უნივერსიტეტის დაარსების სიგელი 1364 წელს გამოსცა მეფე კაზიმირ III დიდებულმა. უნივერსიტეტის ეზო ყოველთვის ღიაა და უძველესი შენობის დათვალიერების გარდა შეგიძლიათ მცირე სამეცნიერო ცდებიც კი ჩაატაროთ.

უნივერსიტეტიდან გზის გაგრძელება, პარკის გავლით, შეიძლება “ვაველის სასახლის” მიმართულებით. გზად არქეოლოგიური მუზეუმი შეგხვდებათ, თუ იქ შეივლით ვაველისთვის დრო აღარ დაგრჩებათ. ვაველის ციხესიმაგრის კედლებთან, მდინარე ვისლას სანაპიროზე ხშირად იმართება ბაზრობები სადაც შეგიძლიათ გემრიელად წაიხემსოდ და შემდეგ შეუდგეთ ვაველის დათვალიერებას.

ვაველის სასახლეს ფოტოებს ეს პოსტი ვერ დაიტევს, ამიტომ მას ცალკე შემოგთავაზებთ.

ვაველის შემდეგ შეგიძლიათ გზა განაგრძოთ ებრაელების კვარტლისკენ. ამ რაიონს “კაზიმეჟი” ჰქვია და ის ადრე კრაკოვის მეზობლად განლაგებულ ქალაქს წარმოადგენდა. 1335 წელს დაფუძნებულ ქალაქს კრაკოვის გამაგრების მისია ეკისრებოდა, მაგრამ 1495 წლის ებრაელების შევიწროვების კამპანიის შემდეგ ისინი იძულებულნი გახდნენ კრაკოვი დაეტოვებინათ და თავი კაზიმეჟისთვის შეეფარებინათ. მოგვიანებით ეს ქალაქი პოლონეთში ებრაული კულტურის ერთ-ერთ მთავარ ცენტრად გადაიქცა. 1800 წელს კაზიმეჟი კრაკოვს შეუერთდა.

მეორე მსოფლიო ომის დროს ებრაელები კაზიმეჟიდანაც გაასახლეს და მდინარე ვისლის მეორე სანაპიროზე სპეციალურად მოწყობილ გეტოში გადაასახლეს. გავყვეთ მათ მიგრაციის მარშრუტს. ტრამვაის ორი გაჩერების შემდეგ, ვისლას მეორე სანაპიროზე აღმოჩნდებით ებრაელების გეტოს ცენტრში. ცოტა მოშორებით კი განლაგებულია შინდლერის ფაბრიკა, მისი ძიების სურვილი არც კი გამიჩნდებოდა, რომ არა კინოფილმი “შინდლერის სია“. ფაბრიკის გვერდით მდებარეობს კიდევ ერთი ქართული წერტილი კრაკოვში, ქართული ღვინის მაღაზია.

სასარგებლო ბმულები და რეკომენდაციები:

Related posts

ევროპული განათლება თბილისურ ფასად

საკონცენტრაციო ბანაკი აუშვიცი (ოსვენციმი) | ფოტოგალერეა

კრაკოვი – ქალაქი რომელიც თავს შეგაყავრებთ