დალევდით ლუდს -10 გრადუსიან ყინვაში? მე ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამას შევძლებდი, მიუხედავად იმისა რომ ლუდის დიდი მოყვარული ვარ. მაგრამ ჩეხური ლუდი ისეთია, თანაც პრაღულ ატმოსფეროში, რომ სიცივეს დაგავიწყებს, ისევე როგორც შუა ზაფხულში სიცხეს.
პრაღა და საერთოდ ჩეხეთი ლუდის ნამდვილი ”სამოთხეა”. პრაღაში მგონი ლუდი უფრო იაფი ღირს, ვიდრე წყალი 🙂 ჩეხები თურმე, ბავშვების ჩათვლით, წლის მანძილზე საშუალოდ 160 ლიტრ ლუდს მიირთმევენ. პრაღას ბევრი ტურისტი სტუმრობს ლუდის დასაგემოვნებლად. რამდენად საოცარიც არ უნდა იყოს, ლუდისთვის, გერმანელებიც კი ჩადიან პრაღაში. მახსენდება ერთი გერმანელი, ”რუსთავი 2”-ის კორესპონდენტის ნათია ბანძელაძის სიუჟეტიდან, რომელიც ამტკიცებდა, რომ ჩეხური ლუდი უფრო კარგია ვიდრე გერმანული.
პრაღაში ლუდს არამარტო სვამენ, ჭამენ კიდეც 🙂 ლუდით სხვადასხვა კერძები მზადდება. ისე ლუდით გაძღობაც შეიძლება. ჩეხები ირწმუნებიან რომ, მხოლოდ ლუდის სმით დანაყრებას ახერხებენ და ამ მეთოდს ჭარბი წონის შესამცირებლადაც იყენებენ.
ჩეხური ლუდი არანაკლებ გემრიელი და სასიამოვნოა ჩეხურად შემწვარ-შებოლილ კერძებთან ერთად. არაა გამორიცხული ასეთი კერძი ლუდითაც იყოს დამუშავებული.
პრაღაში საუკეთესო ლუდით ბევრი ლუდხანაა განთქმული. ზოგგან ლუდს ადგილზევე ხარშავენ, ზოგგან იაფ, მაგრამ გემრიელ ”პივოს” შემოგთავაზებენ. მე კი ვაცლავის მოედნის პარალელურ პატარა, ”პოლიტპატიმრების” ქუჩაზე მდებარე რესტორანს ”ბრედოვსკი დვურს” ვანიჭებ უპირატესობას, სადაც უგემრიელესი ”პილსნერ ურქუელი” აქვთ. ლუდის განსაკუთრებული გემო მისი შენახვის საიდუმლოშია. მას სპეციალურ ლითონის კასრებში, ერთ ტემპერატურაზე, ყველა სტუმრის დასანახად, შემინულ ოთახში ინახავენ.
ხოლო, ლუდსახარშების ლუდებს შორის “სტრახოვის მონასტრის” ლუდს “სვეტოი ნორბერტს” გირჩევთ. ცოტა ძვირია ვიდრე ჩვეულებრივი ლუდხანის ლუდი, მაგრამ განსაკუთრებულია.
ასევე, საუკეთესო ჩეხური ქარხნული ლუდია: ”პილსნერ ურქუელი” ”სტაროპრამენი”, ”კოზელი”, ”კრუშოვიცე”, ”ბუდვაიზერი” და სხვა… ესენი თბილისის სუპერმარკეტებშიც იშოვნება, მაგრამ ზოგი რუსეთშია ჩამოსხმული და ზოგიც უკრაინაში, მაგრამ ჩეხური ლუდის წყურვილის მოსაკლავად მაინც კარგი საშუალებაა.