ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და USAID-ის პროექტის “მართველობა განვითარებისთვის” ინიციატივით ჟურნალისტების ჯგუფთან ერთად ახლადშექმნილი ინოვაციური ლაბორატორიები დავათვალიერე.
ამ ყველაფრიდან ის მომეწონა, რომ ლაბების რაოდენობა გაიზარდა და მრავალფეროვანი გახდა. პირველად ინოვაციების და ტექნოლოგიების ლაბორატორია “თავისუფალ უნივერსიტეტში” 3 წლის წინ დავათვალიერე და იქ ნანახმა შედეგებმა დიდი შთაბეჭდილება დატოვა.
CG Multilab – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) ინოვაციების და ტექნოლოგიების სახელმწიფო სააგენტოს გრანტის შედეგად შეიქმნა. ლაბორატორიაში ძირითადი მიმართულება კომპიუტერული გრაფიკაა. სტუდენტებისა და ფასიანი სწავლების გარდა შესაძლებელია კომპიუტერული გრაფიკის ცოდნა მიიღოთ ერთ თვიან “უფასო” სემინარებზე.
“ჯიპადან” გადავინაცვლოთ “გაუში” ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში სადაც “ჯეოსელის” და ინოვაციების სააგენტოს დახმარებით შეიქმნა მობილური (სმარტფონების) აპლიკაციების ლაბორატორია Geolab.
ლაბორატორიის დიზაინმა დაგლიჯა 🙂
“ოკულუს რიფტი” სამგანზომილებიან სივრცეში სამოგზაუროდ…
და “კვადროკოპტერი” ფრინველის სიმაღლეზე სამოგზაუროდ.
ეს უკანასკნელი კარგი იარაღია პანორამული ფოტოებისა და ვიდეოების გადაღების მოყვარულთათვის.
შემდეგი “ლაბი” ილის უნივერსიტეტში ვნახეთ. GameLab Iliauni – განკუთვნილია “გეიმერებისთვის”.
ამ ლაბის ხელმძღვანელი – ნიკა ჟურნალისტებს მიმდინარე და განხორციელებულ პროგრამებზე ელაპარაკება. მათ შორის არის სხვადასხვა ტურნირები კომპიუტერულ თამაშებში, პრაქტიკული სემინარები, კრეათონები და სხვა. ეს საშუალებას აძლევს მსურველებს გაიარონ ტრენინგი სამაგიდო თამაშების იდეის ჩამოყალიბებაში, დაგეგმვაში, დოკუმენტირებისა და პროტოტიპირების მომზადებაში. აქ შექმნილი პროდუქცია, ისევე როგორც სხვა ლაბებში პროდუქტად ქცეული იდეები შეიძლება სარფიან ბიზნესად იქცეს.
გეიმლაბის გარდა ილიას უნივერსიტეტში ინოვაციების სააგენტოს დახმარებით ფუნქციონირებს სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია – FabLab
3D პრინტერები, თანამედროვე ლაზერული დანადგარები ინოვაციების ავტორებს იდეების პროტოტიპების შექმნაში და წარმოებაშიც კი დაეხმარება.
3D პრინტერი პეპელას ბეჭდავს.
ხის მასალაზე (ფანერაზე) ლაზერული პრინტერით იბეჭდება მედიატურის აბრა.
ჩამოთვლილ ლაბებს მალე (დაახლოებით ოქტომბერში) შეემატება ტექნოპარკი. პროექტის ავტორია ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.
ტექნოპარკის პირველი შენობა საქართველოს მეფუტკრეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ყოფილ ტერიტორიაზე არსებული შენობის ადგილზე აიგო. ოქროყანაში 18 ათას კვადრატულ მეტრზე გაშლილ ამ კომპლექს შეიძლება მომავალში “გოლდენ ველი” შეერქვას 🙂
ჩემი აზრით კი ტექნოპარკის შენობას უფრო მეტი თანამედროვე დიზაინი და ინოვაციური გადაწყვეტა მოუხდებოდა. თუნდაც ისეთი, როგორიც არის უპატრონოდ მიტოვებული “ტრუბები“.
ტექნოლოგიური პარკი წარმოადგენს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ეკოსისტემას, რომელიც ხელს შეუწყობს ინოვაციური იდეების განვითარებას. ის სტარტაპებსა და პატარა კომპანიებს შესთავაზებს მათთვის აქამდე ძნელად ხელმისაწვდომ რესურსებს.
ოქროყანაში მშენებარე ტექნოპარკში განთავსებული იქნება მაღალტექნოლოგიური კომპანიების ტრენინგ-ცენტრები, შოუ რუმები, ინკუბატორი, საკონფერენციო დარბაზი და სხვა.