მიუნხენის ჰოფბრაუჰაუსი სასურველია ნებისმიერ დროს. ის არც ზამთარში და არც ზაფხულში არ უჩივის ლუდის მოყვარულთა სიმცირეს.
რესტორანი და ლუდსახარში ჰოფბრაუჰაუსი მიუნხენში ჩასული ტურისტებისთვის ერთ-ერთი მთავარი სანახაობაა, ერთგვარ ტურისტულ ატრაქციონს წარმოადგენს. მისი მონახულება მიუნხენში, Lufthansa-ს რეისებს შორის არსებული რამდენიმესაათიანი შუალედის დროს მოვინახულე იქაური ლუდის დასაგემოვნებლად.

ტურისტებს, ერთლიტრიან კათხებში ჩამოსხმული HB-ის ლუდის გარდა, ჰოფბრაუჰაუსში დაცული ტრადიციებიც იზიდავს. ეროვნულ ტანისამოსში გამოწყობილი მომსახურე პერსონალი, მოხატული დარბაზები, ტრადიციული მუსიკოსები და ბავარიული კერძები ტურისტული ინტერესის მთავარი მიზეზია.

ჰოფბრაუჰაუსის ლუდი არამარტო ტურისტების დიდ რაოდენობას იზიდავდა. 1607 წელს ბავარიელი ჰერცოგების სამეფო კარზე გახსნილი ეს ლუდსახარში 1828 წელს ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა და ბევრ ცნობილ ადამიანს უმასპინძლა. მათ შორის იყვნენ ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი, ლენინი ცოლთან, ნადეჟდა კრუპსკაიასთან ერთად და ადოლფ ჰიტლერიც კი.
კრუპსკაიას ძალიან მოსწონებია ჰერცოგების კარის ლუდსახარშის ლუდი, ისე, რომ დაუწერია, “საუკეთესო ლუდმა კლასობრივი განსხვავებები წაშალაო”.
გამორჩეულმა ლუდმა მიიყვანა ჰოფბრაუჰაუსში ადოლფ ჰიტლერი, თუ გამორჩეული ლუდის გამო შეკრებილი ელიტის დაუფლების სურვილმა ძნელი სათქმელია, მაგრამ ფაქტია, სწორედ ლუდის რესტორნის დარბაზები იქცა ნაცისტური პარტიის დაფუძნების მოწმე.

1920 წლის 24 თებერვალს ჰოფბრაუჰაუსში ჩატარდა “გერმანიის მუშათა პარტიის” 2000 კაციანი ყრილობა, რომელსაც ჰიტლერმა პარტიის სახელწოდების შეცვლა შესთავაზა. ამ დღიდან პარტიას ეწოდა “ნაციონალ-სოციალისტური გერმანიის მუშათა პარტია”.
1933 წლიდან, მას შემდეგ რაც ნაცისტები ხელისუფლებაში მოვიდნენ, 11 წლის მანძილზე, ყოველწლიურად სწორედ ჰოფბრაუჰაუსში ტარდებოდა ნაცისტური პარტიის ყრილობები.
მეორე მსოფლიო ომის დასასრულისკენ, როდესაც აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის საჰაერო ძალებმა მიუნხენის დაბომბვა დაიწყეს, ჰოფბრაუჰაუსი მთლიანად დაინგრა. დაბომბვას გადაურჩა ლუდის რესტორნის პირველი სართულის მცირე ნაწილი და ლუდის სარდაფი, სადაც ინახებოდა უნიკალური ძველი ლუდის კათხები. ჰოფბრაუჰაუსის შენობა მთლიანად აღადგინეს 1958 წელს.

ასეთ საცავში ინახება ჰოფბრაუჰაუსის ლუდის ერთგული მომხმარებლების კათხები, თითოეულ თაროს ბოქლომი ადევს, რომლის გასაღებიც მის მფლობელთან ინახება.
ჰოფბრაუჰაუსი თავისი მრავალფეროვანი ისტორიის გარდა ცნობილია ლუდის ბაღით, სადაც თავისუფალი ადგილის პოვნა ახლაც კი გამიჭირდა, იმ დროს როდესაც უცხოელი ტურისტები თითქმის აღარ სტუმრობენ მიუნხენის ამ ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშანობას.

ვინანე, რომ ახალი ნასადილევი შევედი ჰოფბრაუჰაუსში, მაგრამ ლუდი მაინც დავაგემოვნე, Münchner Weisse შევუკვეთე – ხორბლის ლუდი. 1 კათხა 4,80 ევრო ღირს, მშვენიერი იყო. ქვედა ფოტოებზე გამოსახულია ჩემი ლუდი და რესტორნის მენიუ.


ლუდზე მეტად გარემო მომეწონა, 1 ლიტრიანი კათხით ხელში რიგითი ბავარიელები, ზოგიერთი ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი, მათ შორის ქალებიც ქართველ მოქეფეებზე მეტად ხმაურობდნენ და თვრებოდნენ. ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო, ჯერ საღამოც არ დამდგარიყო, წარმომიდგენია საღამოს რა ჟრიამული და სმა-ჭამა იქნება.



მოკლედ, დიდი ისტორიის მქონე ჰოფბრაუჰაუსი და ცნობილი ლუდი HB ნამდვილად კარგი ტურისტული სანახაობაა მიუნხენში. ეს რომ ასეა მის ირგვლივ გახსნილი სუვენირების მაღაზიებიც მოწმობს, რომელთა ვიტრინები სავსეა ლუდის ძველმოდური კათხებით და სხვა ატრიბუტიკით.

იმედია, მალე გაიხსნება საზღვრები, ტურიზმი თანდათან აღდგება და კარგი ლუდის მოყვარულებს საშუალება მიეცემა, ქუთაისიდან, ავიაკომპანია Wizz Air-ის იაფი ბილეთებით მიუნხენს და ჰოფბრაუჰაუსს ესტუმროს. მიუნხენის ლუდხანებში ლუდის ტურის იაფი ბილეთები შეიძინეთ აქ.
რეკომენდაციები:
- კორონავირუსის გავრცელების გამო გაუქმებული ავიაბილეთების კომპენსაცია: Air Help
- იაფი ავიაბილეთების დაჯავშნის ხერხები და რეკომენდაციები
- მუზეუმების ბილეთების საიტი: Tiqets
- 10 ევროს ფასდაკლება მატარებლებისა და ავტობუსების ბილეთებზე: Omio
- მოგზაურობის შესახებ დეტალური ინფორმაცია: მოგზაურთა ჯგუფი