მოგზაურობა ბუდაპეშტში Covid-19-ის პირობებში

ამ ბლოგპოსტში აღწერილია როგორ შეიძლება მოგზაურობა ბუდაპეშტში და ზოგადად შენგენის ზონაში Covid-19-ის გამო ჩაკეტილი საზღვრების პირობებში.

 

შესავალი

არ ვიცი ვის შეიძლება გამოადგეს, მაგრამ მაინც აღვწერ ამ რთულ გზას რადგან მსგავს პრობლემებს შეიძლება სხვებიც გადააწყდნენ საქართველოდან ევროპაში გამგზავრების დროს.

მოგზაურობა ბუდაპეშტში დიდი ხნის წინ გვქონდა დაგეგმილი სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებული საკითხების გამო. Wizz Air-ის 30 ლარიანი ბილეთებიც შეძენილი გვქონდა და ველოდებოდით აგვისტოს ბოლოს. თუმცა შუა ზაფხულში ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობამ საზღვრები არ გახსნა და ვიზეარის ბილეთებიც გაუქმდა. უფრო მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ საქართველოდან ევროპაში ფრენის უფლება მისცეს ავიაკომპანია Lufthansa-ს თბილისი-მიუნხენის მიმართულებით.

 

Lufthansa-ს ბილეთების სიიაფის საიდუმლო

Lufthansa-ს ბილეთები შედარებით იაფია თუ შეიძენთ ორმხრივ ბილეთს (ტუდა-აბრატნი), რასაც ადრე ოპონენტები ხშირად აღნიშნავდნენ Wizz Air-ის ცალმხრივი იაფი ბილეთების კრიტიკისას. Lufthansa-ში ცალმხრივი, ერთი მიმართულების ბილეთი, უფრო ძვირია ვიდრე ორმხრივი. ასევე, ბილეთი უფრო იაფი გამოდის თუ ამავე ავიაკომპანით 1 ან 2 გადაჯდომას ანხორციელებ, როგორც ჩემ შემთხვევაშია. თბილისი-მიუნხენი-ბუდაპეშტი – ბუდაპეშტი-მიუნხენი-თბილისი უფრო იაფია ვიდრე იმავე რეისზე თბილისი-მიუნხენი-თბილისი.

ეს მეთოდი შეგიძლიათ გამოიყენოთ მაგალითად თბილისი-მიუნხენი-ბერლინის ბილეთების შეძენისას, რომელიც უფრო იაფი შეიძლება გამოვიდეს ვიდრე თბილისი-მიუნხენი და მიუნხენიდან მატარებლით ან ავტობუსით ბერლინში. ავიაბილეთები შეგიძლიათ მოიძიოთ და დაჯავშნოთ აქ.

Lufthansa – ავიაბილეთები

 

საბუთები

ბუდაპეშტში მოგზაურობისთვის ორმხრივი ბილეთების შეძენა, სამოგზაურო დაზღვევის გაკეთება და Airbnb-ის ბინის დაჯავშნა (Airbnb-ის ფასდაკლება აქ.) სულაც არ არის საკმარისი, მიუხედავად იმისა, რომ შენგენის ზონაში უვიზო მოგზაურობის რეჟიმი მხოლოდ ამ მოთხოვნებს გვიყენებს. უნგრეთში შესვლისთვის საჭირო საბუთების ჩამონათვალის მოძიება საკმაოდ რთული აღმოჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით ბუდაპეშტში კარანტინი გვემუქრებოდა, რადგან უნგრეთს საქართველო შეყვანილი ჰყავს წითელი ქვეყნების ჩამონათვალში. ძალიან დამეხმარა საიტი abouthungary.hu სადაც ინგლისურენოვანი ინფორმაცია ქვეყნდება Covid-19-ის გამო გამოწვეული შეზღუდვების შესახებ. ამ საიტზე აღმოვაჩინე, რომ კარანტინი არ მომიწევდა თუ უნგრეთის საზღვარს ბოლო 5 დღის მანძილზე, 48 საათიანი ინტერვალით გაკეთებული 2 კოვიდტესტით მივადგებოდი, პოლიციის სპეციალურ ნებართვასთან ერთად. ნებართვის ფორმა იხ აქ.

 

როგორ დაიწყო მოგზაურობა ბუდაპეშტში თბილისის აეროპორტიდან

აეროპორტში გაფრენამდე 3 საათით ადრე მივედით, ვიფიქრე კორონავირუსის გამო შემოწმება და რეგისტრაცია უფრო მეტ დროს დაიკავებდა. კიდევ კარგი რომ ადრე მივედი. შესასვლელში უსაფრთხოების ტრადიციული შემოწმება გავიარეთ და სიცხე გაგვიზომეს, რეგისტრაციაც მალე დაიწყო. სარეგისტრაციო დახლთან ჩასაბარებელი ბარგიც კი შემოვდე სასწორზე და ოპერატორი სარეგისტრაციო ფურცლის დაკვრას აპირებდა, რომ უცებ გადაიფიქრა და ვიღაცას დაუძახა, თან გადაულაპარაკა არ რეგისტრირდება, ვიზას ითხოვსო…

ავფორიაქდი, მაგრამ თავიდან არ შევიმჩნიე. ვიზა რომ არ გვჭირდება ყველამ იცის, მაგრამ Lufthansa-ს სისტემაში ასეა აღნიშნული და სხვაგვარად ბუდაპეშტს არ არეგისტრირებსო. ვუთხარი რომ უნგრეთის პოლიციის პერსონალური ნებართვები გვაქვს და ვაჩვენე კიდეც. პასპორტებს წავიღებთო მთხოვეს და ოფისში გადავამოწმებთო, წაიღეს პოლიციის ფურცლებიც. ერთმა ნიღბიანმა ეს რა არის საიტიდან ამობეჭდეო, ეტყობა “სველი ბეჭედი” უნდოდა და პოლიციის მიერ პერსონალურად გაცემული ნებართვა საიტიდან ამობეჭდილი უბრალო ფურცელი ეგონა. გავიდა ნახევარ საათზე მეტი, მოიტანეს პასპორტები, მაცნობეს, რომ პასუხს ელოდებიან მიუნხენიდან. გავიკვირვე, რა პასუხს ელოდებით, უნგრეთის სასაზღვრო პოლიცია მაძლევს შესვლის უფლებას და მიუნხენი რა შუაშია?… პასუხი იყო ასეთი – რადგან მიუნხენში ხდება შენგენის საზღვრის გადაკვეთა ამიტომ მათი თანხმობა გვჭირდებაო. თუმცა ამგვარი ნებართვის თუ თანხმობის მიღების ოფიციალური გზა არ არსებობს, ყველაფერი ვიღაც მორიგე პერსონალის სატელეფონო საუბრებზეა დამოკიდებული და თან ეს ხდება ღამის 3 საათზე.

ნამდვილად არ არის სასიამოვნო განცდა, როდესაც ხვდები, რომ ერთ უხასიათო მორიგეს თავისუფლად შეუძლია დაგინგრიოს თვეების მანძილზე აწყობილი მოგზაურობა და უზარმაზარ მატერიალურ ზარალთან ერთად დიდი მორალური ზიანიც მოგაყენოს.

გავიდა კიდევ 30 წუთი, კიდევ წაიღეს პასპორტები. ახლა ასე 15 წუთში დაბრუნდნენ და მახარეს თანხმობა მივიღეთო. მე კი ჩემი დამემართა…

ავდივართ მეორე სართულზე იქ სადაც უსაფრთხოების კონტროლია და შემდეგ სასაზღვრო კონტროლი. საზღვარზე მესაზღვრე შენგენის ზონაში ჩვენი მოგზაურობის მიზნებით ინტერესდება. ვეუბნები რომ ოჯახის წევრი სასწავლებლად მიდის მე კი თანმხლები ვარ. ითხოვს უნივერსიტეტის დოკუმენტებს, შემდეგ ეძახის უფროსს, ის უფროსი პასპორტებს ათვალიერებს და ბოლოს მეუბნება, ახლა ჩვენ კი გაგიშვებთ, მაგრამ იქ შეიძლება არ შეგიშვან და დაბრუნებულებს კარანტინში მოგათავსებთო. ასე მორიგეების ნებაზეა დამოკიდებული ის რაც კონსტიტუციით არის გარანტირებული. საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს ქვეყანა თავისუფლად და შეუფერხებლად დატოვოს. ამ კონსტიტუციურ ნორმასთან წინააღმდეგობაში მოდის ის რაც ხდება და კანონი, რომელიც ახალი წლიდან ამოქმედდება. ამ ახალი კანონის მიხედვით მესაზღვრე გადაწყვეტს გაემგზავრებით თუ არა შენგენის ქვეყნებში.

ვერ ვიტყვი, რომ აეროპორტი ცარიელი იყო, 2 თუ 3 რეისი სრულდებოდა. შესამჩნევი იყო საზღვარგარეთ სამუშაოდ მიმავალთა სიმრავლე, იტალიაში და ჩეხეთში გასამგზავრებლად მომზადებული ქალები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებდნენ და რჩევებს არ იშურებდნენ… ჩვენ კი 4 ლარად შევიძინეთ 45 თეთრიანი წყალი და ცოტა დავმშვიდდით კიდეც.

თბილისი-მიუნხენის რეისი უნდა განხორციელებულიყო Airbus A319-ით (მაქსიმალური ტევადობა 156 მგზავრი), მაგრამ თბილისის აეროპორტის ტელესკოპურ ტრაპს, ავიაკომპანია Lufthansa-ს Airbus A321 მოადგა (მაქსიმალური ტევადობა 236 მგზავრი). როგორც ჩანს იმაზე მეტი ბილეთი გაიყიდა ვიდრე A319-ში მოთავსდებოდა. მართლაც თვითმფრინავი მთლიანად გაივსო, თუმცა გაფრენა 1 საათით გადაიდო. როგორც კაპიტანმა გამოგვიცხადა ელოდებოდნენ 2 მგზავრს, რომლებიც საქართველოში ტურისტულად არ შეუშვეს და ახლა უკან გერმანიაში უნდა დაბრუნებულიყვნენ.

ვიდეო: აფრენა-დაფრენა – თბილისი-მიუნხენი

მახსოვს გასულ წლებში, ინტერნეტდისკუსიებში უამრავი კრიტიკა Wizz Air-ის და სხვა ბიუჯეტური ავიაკომპანიების მიმართ, რადგან მათ ბილეთის ფასში თვითმფრინავის ბორტზე კვება არ შედიოდა. ახლა Covid-19-ის შეზღუდვების პირობებში ამ დისკუსიებმა აზრი დაკარგა, რადგან სახელგანთქმული “ლუფთანზაც” კი აი ასეთი ბუტერბროტით გაგვიმასპინძლდა.

 

მიუნხენის აეროპორტში ყველაფერი მუშაობს

თბილისიდან გამოფრენის დაგვიანების გამო ვერ გამოვიყენეთ მიუნხენში, ბუდაპეშტში გაფრენამდე არსებული ექვს საათიანი შუალედი, რადგან აეროპორტიდან მიუნხენის ცენტრში მიმავალი ავტობუსი უკვე წასული დაგვხვდა. მისი ბილეთები წინასწარ შევიძინე Omio-ზე. ამ სისტემის გამოყენებისა და ფასდაკლების მიღების წესები აღწერილი მაქვს სპეციალურ პოსტში.

10 ევროს ფასდაკლება Ryanair-ის ბილეთებზე

შემდეგი ავტობუსი უკვე აღარ გვაწყობდა, რადგან ქალაქში ხეტიალისთვის დრო აღარ გვრჩებოდა. მოკლედ, მიუნხენის აეროპორტში დავრჩით.

აქ თითქმის ყველაფერი მუშაობს, ფეხსაცმლის მწმენდავი თურქი ძიაც კი. ერთადერთი რაც არ მუშაობდა და რამაც გული დამწყვიტა, უფასო ცხელი შოკოლადების აპარატებია.

აეროპორტში შესვლისას არავის გაუზომავს სიცხე, ხოლო რადიო კი ხშირად აცხადებდა, რომ აეროპორტში შესაძლებელი იყო Covid-19-ზე PCR ტესტის უფასოდ ჩატარება. რაც მთავარია, მესაზღვრემ მხოლოდ ის გვკითხა სად მივდიოდით, ჩაგვირტყა პასპორტში ბეჭედი და ასე შევედით შენგენის ზონაში. არავითარი ტესტების პასუხები, ან რაიმე Covid-19-თან დაკავშირებული, არავის არაფერი უკითხავს.

მიუნხენიდან ბუდაპეშტში Lufthansa CityLine-ის Bombardier CRJ-ით გავფრინდით, ჩვენებურ მარშრუტკას ჰგავს. თითქმის ერთსაათიანი ფრენის შემდეგ ბუდაპეშტის აეროპორტში აღმოვჩნდით.

 

ბუდაპეშტის აეროპორტი – შეგვამოწმებენ?

რადგან შენგენის საზღვარი მიუნხენში გადავკვეთეთ ბუდაპეშტამდე ფრენა შიდა რეისად ითვლება და სასაზღვრო-საპასპორტო კონტროლის გავლა აღარ გიწევს.

აეროპორტის მცირე ტერმინალიდან პირდაპირ ბარგის მისაღებად წავედით, გზად გრძელ დერეფანში ერთ ადგილზე, მცირე ბარიერთან რამდენიმე პოლიციელი იდგა, 1-2 კაცი ჰყავდათ გაჩერებული, ჩვენც შევჩერდით, მაგრამ პოლიციელმა ხელით გვანიშნა დროზე გაიარეთო და ასე აღმოვჩნდით ქვეყანაში, რომელიც აგვისტოს ბოლოს საქართველოსთვის ჩაკეტილი იყო. არც პოლიციის ნებართვა უკითხავს ვინმეს, არც საქართველოში გაკეთებული კოვიდტესტები და არც სიცხე გაუზომავთ.

აეროპორტიდან გამოსვლისთანავე შევიძინეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბილეთები. თუ როგორ აღწერილი მაქვს სპეციალურ პოსტში:

როგორ ვიმგზავროთ ბუდაპეშტში

ბუდაპეშტი კი ძველებურად ულამაზესია და Covid-19-ის შეზღუდვების მიუხედავად საკმაოდ ცოცხალი.

როგორც ცნობილია, 1 სექტემბრიდან უნგრეთმა საზღვრები ჩაკეტა იმ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც აქამდე უნგრეთში თავისუფლად მოგზაურობდნენ. ეს შეზღუდვა არ ეხება პოლონეთს, ჩეხეთს და სლოვაკეთს. ხოლო სხვა ქვეყნის მოქალაქეებმა, რომლებსაც უნგრეთში შესვლის სურვილი აქვთ სპეციალური ნებართვა უნდა მიიღონ უნგრეთის პოლიციისგან, დაახლოებით ისეთი როგორიც საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ და რომელიც ჩვენ ბუდაპეშტში მოგზაურობის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე მივიღეთ.

 

რეკომენდაციები:

  • კორონავირუსის გავრცელების გამო გაუქმებული ავიაბილეთების კომპენსაცია: compensair.com
  • ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების პირობებში მოგზაურობის შესახებ დეტალური ინფორმაცია: მოგზაურთა ჯგუფი
  • 10 ევროს ფასდაკლება თვითმფრინავების, მატარებლისა და ავტობუსების ბილეთებზე: Omio
  • დაბალფასიანი საცხოვრებელი შეგიძლიათ დაჯავშნით Airbnb-ზე. თუ ამ გვერდიდან დარეგისტრირდებით 40 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ.

 

Related posts

ხუთვარსკვლავიანი აპარტამენტი პრაღაში

ვარშავა ტურისტული – რა ვნახოთ პოლონეთის დედაქალაქში

სასარგებლო ბმულები მოგზაურობისთვის