გამოადგებათ მათ ვინც პარიზში ხეტიალს გადაწყვეტს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სპეციალისტებიც ბევრ საინტერესოს აღმოაჩენენ.
ავტორი: შოთა კუბლაშვილი
პარიზის მეტროს სახეობები
პარიზის სისტემა შედგება ორი ტიპის ხაზისგან. M და RER. M-ს უწოდებენ მეტროს.
მეტრო შედგება 14 ხაზისგან. ყველას აქვს განსხვავებული ფერი და ნომერი – 1 დან 14-ის ჩათვლით.
RER 5 ხაზიანია. აქაც ყველას აქვს თავისი ფერი და ლათინური ანბანის სიმბოლო A დან E-მდე.
მათ შორის განსხვავება ისაა, რომ მეტროს გაჩერებები არის მალ-მალე. ბევრგან სადგურები ისე ახლოს არის ერთმანეთთან, რომ გვირაბში ერთი სადგურიდან შემდეგი სადგურის ბაქანი მოჩანს. ეს ტრანსპორტი დადის ცენტრალურ ზონებში და შედარებით მოკლე შემადგენლობებია (ეს მოკლე ზოგ ხაზზე თბილისისაზე ორჯერ დიდია). ზოგ ხაზზე ვაგონებია, ზოგ ხაზზე კი სექციები.
RER ჩერდება მხოლოდ დიდ სადგურებზე, დადიან ორ სართულიანი მატარებლები გარეუბნებში. შემადგენლობაში არის ბევრი ვაგონი.
მგზავრობის ღირებულება და გადახდის ფორმა
ერთჯერადი ბილეთი ღირს 1.7 ევრო. ამით იმგზავრებ მხოლოდ ერთხელ, ოღონდ გადაჯდომა სხვა ხაზებზე შეგიძლია. ბილეთი არ უნდა გადააგდო, რადგან ხაზებზე გადაჯდომისასაც უნდა გაატარო ზოგან.
ერთ კვირიანი ბარათი ღირს 20.4 ევრო.
ბილეთი მოქმედებს მეტროში, RER-ში, ავტობუსში, ტრამვაიში, orly-bus ში (ესაა ე.წ გარმოშკა ავტობუსი, რომელიც მიდის ორლეის აეროპორტში, მეტრო-სადგურ Denfert rochereau-დან). ბარათით ტრანსპორტში მგზავრობის გარდა შესაძლებელია ველოსიპედის დაქირავება.
გადახდა შესაძლებელია ტურნიკეტებზე ბარათის უბრალოდ დაადებით, ერთჯერადი ბილეთი კი ტურნიკეტში უნდა შეაცუროთ, რომელიც მეორე მხრეს გამოვა დათარიღებული.
მაგრამ მეტროში (ასევე სხვა ტრანსპორტში) შესვლა სულაც არ ნიშნავს, რომ ლეგალურად იმგზავრებთ. ბილეთი უნდა შეინახოთ მგზავრობის ბოლომდე, ბარათი კი უნდა გაატარო შესვლისას და თან უნდა იქონიო იმ ბარათის მეორე მხარე (შეძენისას გადმოგცემენ). წინააღმდეგ შემთხვევაში კონტროლიორებმა შეიძლება დაგაჯარიმონ. ერთჯერადი ბილეთის ყიდვა შეიძლება აპარატებში, რომლებსაც ინგლისური მენიუც აქვთ და ხურდასაც აბრუნებენ.
ჯარიმა ზუსტად ვერ გავარკვიე რამდენია, როგორც მითხრეს არის 50 ევრო, მაგრამ ადგილზე გადახდაც შეგიძლიათ. ამ შემთხვევაში კონტროლიორი თვითონ საზღვრავს თანხის ოდენობას. მე, რადგან ტურისტი ვიყავი 5 ევროთი დამაჯარიმეს ბარათის მეორე მხარის უქონლობის გამო.
გაითვალისწინეთ, რომ:
არ გამოიყენოთ გუგლში ნანახი და ამობეჭდილი მეტროს სქემა, რადგან ქსელს ახალი სადგურები ემატება და ბოლო გაჩერებების სახელები იცვლება. ბოლო გაჩერების ცოდნა კი აუცილებელზე აუცილებელია. მიდით სალაროში და გამოართვით რუკა, უფასოა.
ერთ კვირიანი ბარათი მოქმედებს ორშაბათიდან ორშაბათამდე. მაგალითად რომ იყიდო ხუთშაბათს, ის ამოქმედდება ორშაბათს და მანამდე რამე სხვა საშუალება უნდა გამონახო.
მეტრო იკეტება 01:00-ზე. ავტობუსები 23:00-ის შემდეგ ძალიან ცოტა დადის.
ხაზებზე გადაჯდომისას უყურეთ არამარტო ხაზის ნომერს, არამედ იმ მიმართულების ბოლო სადგურს, საითაც აპირებთ წასვლას. უნდა იცოდეთ რომელ ხაზზე მიდიხართ და რომელი ბოლო სადგურისკენ.
სადაც დაინახავთ, რომ ბაქანზე ბოლო გაჩერების სახელი წერია არა სტაციონალურ აბრაზე, არამედ ციფრულ მონიტორზე, ეს ნიშნავს, რომ იმ ბაქანზე სხვადასხვა მიმართულების მატარებელი გამოივლის და მაშინ ჩაჯექით, როცა თქვენი მიმართულების ბოლო გაჩერება დაიწერება. ეს იმიტომ, რომ ზოგან ხაზი ბოლოს ორად იტოტება.
დაიმახსოვრეთ ჯადოსნური სიტყვა „სოღწი“, ყველგან წერია sortie. ეს არის გასასვლელი, ნუ გექნებათ ილუზია რომ სადმე Exit-ს შეამჩნევთ, ყველაფერი ფრანგულადაა. ეს სიტყვა თუ არ იცით, შეიძლება იმდენი იბოდიალოთ, რომ ქუჩაში გასასვლელი ვერ იპოვოთ და ან წრეები არტყათ, ან სხვა ხაზებზე აღმოჩნდეთ. განსაკუთრებით ისეთ დიდ სადგურებზე, როგორიცაა Chatlet, Gare D’Nord და ა.შ.
საჭირო სადგურები, სადაც ტურისტი უნდა ამოვიდეს
- ტრიუმფალური თაღი – Charles de Gaulle – Étoile (RER, M)
- შანს ელისე (ელისეს მინდვრები) Charles de Gaulle – Étoile, George V, Champs-Élysées – Clemenceau. (M)
- კონკორდის მოედანი, ეშმაკის ბორბალი Concorde. (M)
- ეიფელის კოშკი ზედ ასასვლელად. Champ de Mars-Tour Eiffel (RER)
- ეიფელის კოშკი, სურათის გადასაღებად, საუკეთესო ხედი – Trocadero (RER, M)
- ნოტერდამი, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი – cite (M)
- ოპერა, სავაჭრო ცენტრი “გალერი ლა ფაიეტი”, -opera.
- ლუვრი – Louvre Rivoli, ან Pyramides (იმენა ლუვრის სადგური დაკეტილია, ამიტომ აქ უნდა ჩამოხვიდეთ. )
- ვერსალის სასახლე. აქ უნდა გაყვეთ RER -ს C ხაზს. ოღონდ ეგ C ხაზი იტოტება და იმ მატარებელს უნდა დაელოდოთ რომელსაც ეწერება
- პომპიდეუ (თანამედროვეობის გალერეა) – Rambuteau. (M)
- თანამედროვე პარიზი – La Defence (RER, M)
- მულენ რუჟი – Blanche (M)
- მონმარტი – Anvers. (M)
- თავისუფლების ქანდაკება – Charles Michels (M)
მატარებლები
მატერებელი, როგორც ისინი უწოდებენ: “თღენ” არის სხვადასხვანაირი. ყველა არის ალსტომი და ყველა ვაგონში წერია გამოშვების წელი.
მეტროს პირველი ხაზი ყველაზე დონეა. ეს ხაზი გაივლის ლა-დეფენსეს, შანზელიზეს, კონკოღდს, ლუვრს და ა.შ.
დადის მემანქანის გარეშე. სექციებიანია, რეზინის საბურავებზე და რელსებზე დგას, შეღებილია ახალ ფერებში (თეთრი-მწვანით).
რადგან მემანქანე არაა, ბაქანი ჩაკეტილია და მაშინ იღება როცა მატარებელი შემოვა, რომ ვინმე არ ჩავარდეს.
შეგიძლიათ დადგეთ, დაჯდეთ ვაგონის დასაწყისში და უყუროთ გვირაბს.
2, 4 ხაზებზე დადის იგივენაირი მატარებელი, ალსტომი 1999 მოდელი, ოღონდ მემანქანიანი. ესეც სექციებითაა და საბურავებზეა. ძალიან სასიამოვნოა “პაკრიშკებზე” მდგარ მატარებელში ჯდომა. თუმცა ამავე მიზეზის გამო ძალიან უშნოა.
სადგურის სახელს აცხადებს ორჯერ, გაჩერებამდე და გაჩერების მერე. ოღონდ გამიკვირდა ის, რომ სხვადასხვა ხმით აცხადებს. რატო ჩაწერეს ორჯერ ერთიდაიგივე სადგურის სახელი არ ვიცი.
7, 12, 10 ხაზებზე შედარებით ძველი ვაგონებია ერთმანეთზე ჩაბმული, პაკრიშკებზე არ დგას, კარები არ იღება ავტომატურად, იღება ღიკალს თუ დააჭერ. გაჩერებებს არ აცხადებს. რელსებზე გადაბმების ხმა იშვიათად ისმის, მაგრამ მაინც რეზინის საბურავებიანი უკეთესია.
შედარება თბილისის მეტროსთან
რითი ჯობია თბილისის მეტრო:
-სადგურების არქიტექტურული მხარე. პარიზის სადგურები არანაირ ვიზუალურ ღირსშესანიშნაობას არ წარმოადგენს.
-სისუფთავე. ყარს შარდის სუნით იქაურობა, და ბოთლებს და ქაღალდის ნარჩენებსაც შეამჩნევ ბევრგან, მიუხედავად იმისა რომ თბილისისგან განსხვავებით ნაგვის ურნები არის.
-ესკალატორები არაა ყველგან. თუმცა ისეთი ღრმა არაა რა თქმა უნდა როგორც თბილისია.
სამაგიეროდ ყველა სადგურზე არის ლიფტები შეზღუდულ შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის, თუმცა ჩვეულებრივი ხალხიც სარგებლობს. მაგრამ ეს ესკალატორს არ ცვლის, ლიფტში განა რამდენი მოთავსდება?!
-ზოგ ხაზებზე არ აცხადებს სადგურებს, თუმცა იმხელა ასოებით წერია ყოველ 5 მეტრში ბაქანზე, რომ ყველა ვარიანტში დაინახავ.
პარიზის მეტროს უპირატესობები:
-რაც მთავარია, განლაგება არის ფანტასტიური. ქუჩა არააა, გზაჯვარედინი არაა, რომ მეტრო არ იყოს. ყველგან მეტროა.
-საინფორმაციო დაფები და მონიტორები. იდეალურად წერია ყველა გასასვლელი, ყველა მიმართულება, სადაც კი კითხვა დაგებადება რამე მიმართულებაზე, იქვეა პასუხი. ყველგანაა სქემა. სქემა იმისა, თუ რომელი ავტობუსი მოვა იმ სადგურთან. ასევე მონიტორები, რომელიც იდეალურად ზუსტად წერს რამდენ ხანში მოვა მატარებელი. სრულიად ფუჭია ის, თუ რამდენი ხანი გავიდა მატარებლის წასვლიდან, ჩვენთან რომ წერია. დაწერონ რამდენ ხანში მოვა, მესმის რომ ის მემანქანეებს ჭირდება, მაგრამ რამენაირად მემანქანეს დაუწერონ კაბინაში, და სადგურზე ეწეროს რამდენ ხანში მოვა.
-სკამები განლაგებულია ერთი და იგივე ვაგონში მიმართულია წინაც, უკანაც, გვერდულადაც. რაც მომეწონა არის ასაკეცი სკამები. ეს იმისთვის, რომ როცა ბევრი ხალხია ფეხზე მდგომი მეტი დაეტიოს. რამაც გამაოცა, რა დონის კულტურა აქვთ, როგორც კი ბევრი ხალხი შემოდის ვაგონში, ასაკეც სკამებზე მჯდომნი დგებიან.
ყველა სადგურზე, სადაც მატარებელი ჩერდება ბაქნიდან რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით, აცხადებს ფრანგულად, ინგლისურად და იტალიურად რომ ფრთხილად გადით ბაქანთან დიდი დაშორებაა.
მაგრად ვისიამოვნე ვერსალისკენ RER-ით მგზავრობისას. მეორე სართულზე ვიჯექი და მიწისქვეშეთიდან ესტაკადაზე ისე მაღლა ავიდა, რომ 8-10-12 სართულიანი შენობები ჩვენს ქვემოთ მოექცა, 80 კმ/სთ-მდე სიჩქარით მიჰქროდა.