პარიზი, ფიქრების ქალაქი. დღე მეორე

დილით ადრიანად გაგვეღვიძა. ჯერ კიდევ დაუბანლებმა, გაჩეჩილი თავები რიგრიგობით გავყავით ჩვენი სხვენის დახრილი სახურავის ფანჯარაში და მშვიდობიანი დილა ვუსურვეთ დანარჩენ დახრილ სახურავებს.

გარშემო ჩამი-ჩუმი არ ისმოდა. მოპირდაპირე სახლის სახურავზე ალუმინის მამალი ტრიალებდა. პარიზის თავზე ახალი, ნამდვილი პარიზული დღე თენდებოდა.

წყალი გადავივლეთ და  მაცივრიდან საუზმე გამოვაძვრინეთ. ხუთ ევროიანმა საუზმის ვეება ყუთებმა ქინდერ სიურპიზი მომაგონა. ყუთი რამდენიმე ნაწილისგან შედგებოდა და ამოდიოდა და ამოდიოდა ახალ-ახალი რაღაცეები. ზედა ნაწილში აკურატულად იყო ჩაწყობილი  ხორცი (ჩემთან ორაგული, მაიკოსთან შემწვარი ქათმის ფილეები) , კრუტონები,  ყველივით რაღაცა (გემრიელი იყო) და კიდევ რაღაცა-რაღაცა (ასევე გემრიელი), ქვედა ნაწილში მწვანე სალათის ცოცხალი ფოთლები და წვრილად დაჭრილი წითელი კომბოსტო დაგვხვდა, ხოლო ქვემოდან ამოკრულ გასახსნელ ყუთში, სალათზე მოსასხამი სოუსი და პლასტმასის დანა-ჩანგალი ამოგვივიდა. მაიკომ ყავა მოადუღა, ფორთოხლის წვენი ჩამოვისხით, საქართველოდან ჩამოყოლილი შოკოლადი გავხსენით, ლოგინზე ფეხი მოვირთხით და დღის დაგეგმვა დავიწყეთ. იმ სტატიას ვკითხულობდი, ყველაზე გემრიელს, სადაც ძალიან დეტალურადაა აღწერილი ტკბილეულის რომელ ბუტიკს უნდა ეწვიო პარიზში, რატომ და სად. ახლახანს დაკლებულ 5 კილოს ნაღლიანი ოხვრა მივუძღვენი და თითოეული წერტილი დღის მარშუტზე საგულდაგულოდ დავიტანე. მერე სტატიის სხვა შედარებით ტექნიკური ნაწილები ჩუმად ჩავიკითხე,  ყვითელ ჟილეტიანები დავგუგლე, სახლში ჩემებს მივწერე, ბრიოშის ნარჩენი, რუკები და სხვა საჭირო ნივთები ჩანთაში ჩავალაგე და ცოტა ხნით ფეისბუქში განვმარტოვდი. მაიკო გუშინ გადაღებულ რამდენიმე ათასს სურათს ნამდვილ გენოციდს უწყობდა. გახსნიდა, გაადიდებდა, მერე რაღაც წერტილს კიდევ უფრო გაადიდებდა, დააკვირდებოდა, დააკვირდებოდა და ბაც, წაშლიდა. ბოლო-ბოლო მგონი სულ 5 სურათი დატოვა.

მერე ჩავიცვით და დაახლოებით 10 საათისთვის უკვე ტრიუმფალურ თაღთან მივაბიჯებდით. კვირის ქალაქში სიცოცხლე მთელი ძალით ჩქეფდა. ნამდვილი ფრანგული სიცოცხლე. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ამ პერიოდში პარიზი ტურისტებისგან ისვენებს. ქუჩების გასწვრივ ჩაყოლებულ კაფეებს გარეთ გამოედგათ პატარა მრგვალი მაგიდები რომლის გარშემო გახარებული ფრანგები შემომსხდარიყვნენ (აი ისე, მე რომ მიხაროდა ქუთაისის გეითთან სკამის პოვნა),  გაბადრულები მზეს ეფიცხებოდნენ და ჩემთვის წარმოუდგენლად ხმამაღლა და დაძაბულად ჟღურტულებდნენ. ღმერთო, რა არაესთეტიურია, გავიფიქრე ჩემთვის. აქამდე ასე მეგონა ფრანგულად მარტო სიყვარულს უხსნიან ერთმენთს და ისიც ჩურჩულით, ვნებიანად. ესენი კიდე იდგნენ და არც მეტი არც ნაკლები, ფრანგულად (!) პოლიტიკაზეც კამათობდნენ, მოსაწყენ საოჯახო საქმეებსაც არჩევდნენ და ვინ იცის ბედავდნენ და ჩხუბობდნენ კიდეც. აი ერთი დედა, ნაგავი გადააგდეო, თავის შვილს გასძახის აშკარად ფრანგულად. გულგახეთქილმა ერთი ამოვიგმინე ეს თავხედები-თქო გავიფიქრე (განა დაილია მაგალითად ინგლისური სიტყვები ასეთი დანიშნულებებისთვის?) და მოედანს გადავხედე. თვალებით „ჩემს“ ჟურნალისტს ვეძებდი და თან გონებაში დილით ნამეცადინებ ტექსტებს ვიმეორებდი. მალევე დავინახე და მივხვდი რომ არ გამიმართლა. უკვე ვიღაც სხვა ტურისტი ყავდა გამოჭერილი, პირში ლურჯ/თეთრ/წითელა მიკროფონი ჩაეჩხირა და ისეთი ინტერესით მისჩერებოდა მის ლაპარაკს, გეგონება კი არ უსმენს, მერვე კბილის დაბჟენას უპირებსო. გაგულისებულმა ჩავუარე გვერდზე, ერთი-ორი დაზეპირებული ფრაზა ხმამაღლა გავივლე გულში და  გზას ქვევით ჩავუყევი. ჰმ, ვერც კი შემამჩნია.

არადა ახლა რომ ვფიქრობ, მაგარი გადარჩენილი ვარ. მართლა რომ გამოვეჭენებინე სადმე ფრანს-რაღაცა-ტივიში ჩემი „თანასწორობა ყველას“ და „ქართველები თქვენთან ვართ ფრანგო ძმებო“ გულზე ხელის ბრახუნით…ჰაჰ, მაგას ისევ ეგ ჯობდა, რომ ვერ შემამჩნია.

გეცოდინებათ, ან თუ არ იცით ხვდებით ალბათ, რომ შანზ-ელიზეზე ერთი მეორეზე მიყოლებით, ულამაზესი მაღაზიებია ჩამწკრივებული. თვალისმომჭრელი და მაცდური ვიტრინებით. ხოდა, მივდივართ, მივდივართ და ყოველ დაულაშქრავად ჩავლილ მაღაზიაზე, მაიკო გმინვას უმატებს. არადა ვიცი, ერთ-ერთ მათგანში მაინც რომ შევიდეთ, ფრენაზე დავაგვიანებთ (ორ დღეში გვაქვს). გონებაში დღის სანახავ ღირშესანიშნაობებს ვითვლი, ჩვენს შეზღუდულ ბიუჯეტს ვზომავ და გმირულად ვიტან ბავშვობის მეგობრის ტანჯვას. ბოლო-ბოლო პარფიუმერიის მარკეტთან მაინც გავტყდი. აი მაშინ, თვალის ჩრდილის ყიდვა მინდაო, საწყლად რომ ამოიკნავლა. კაი, წარმოვიდგინე თვალის ჩრდილი, აი თითის წვერის ოდენა რაღაცაა და  რა უნდა იყოს. შევალთ, ვიყიდით და გამოვალთ. გეგონოს ძვირფასო. მას შემდეგ, რაც ყველა დახლს ჩამოვუარე, ყველა პროდუქტის შემადგენლობა და მოხმარების წესები ზეპირად ვისწავლე და ყველა ძვირიანი სუნამო ზედ ვიპკურე, აგერ უკვე ერთი საათია რომელიღაც გამყიდველის სკამზე მისავათებული ვზივარ და სასოწარკვეთილი ვცდილობ სიმშვიდე შევინარჩუნო. თავს დაცვის შავკანიანი ახმახი მადგას და თანაგრძნობით შემომყურებს.  ნუ მაღაზია ტრადიციულად გიგანტური და თვალუწვდენელი და ვენახივით ჰექტარზე გადაჭიმული რომაა, აღარ დავაკონკრეტებ. მაიკო რიგებს შორის ლაღად დაჰქრის და ყველა თვალის ჩრდილს, რომელიც ჩემდა ბედად მილიონობითაა (ნუ მე ასე მეჩვენება) სათითაოდ ისვამს ზედ.  მერე ჯერ სარკეში იხედება, მერე მე მაკითხავს და ჩამჭრელ კითხვებს მისვამს. წიპა -ეს უფრო მუქია თუ ის უფრო ბრჭყვიალებს თუ ეს უფრო მდიდრულია თუ ის უფრო ეფექტურია თუ ეს უფრო მოდურია თუ ის უფრო-უფროა ? ჯერ სად ვარ.  კითხვებში ნელ-ნელა ახალი ცვლადები შემოდის: ეს ისე არ ბრჭყვიალებს, მაგრამ იმ ზედაზე, მე რომ მაქვს, გახსოვს? არა, არა ეგ არა, ის, ეს უფრო ეფექტური იქნება თუ ისა, აი წინა არა და წინის წინა? ღმერთო ჩემო. თვალის ჩრდილი ცხოვრებაში ერთხელ წავისვი. უფრო სწორედ არ ვარ დარწმუნებული რომ ჩრდილი იყო. აი რომ გავთხოვდი მეორე დღეს იყო ეგ ამბავი. იდო რაღაც თვალზე წასასმელი და რავი ავიღე და რავი წავისვი. ხოდა გულგახეთქილმა ჩემმა ქმარმა ასე მითხრა, გეხვეწები ეგრე მეორედ აღარ ქნაო. აღარც მიქნია. ახლა კიდე ვზივარ და არ ვიცი რა ვიღონო, რამეთუ ჩემს არგუმენტირებულ მსჯელობაზე დაჩვეულ გონებას, მოცემული სიტუაციისთვის მხოლოდ ერთი სცენარი აქვს. კითხვა-რა დაშავდება, თუ იმ თვალის ჩრდილს არ ვიყიდით, რომელიც მაიკოს მოეწონება? და პასუხი- დაიკარგება 6 ევრო. ხოდა მაგის დედაც ჯეკ. კაია, იყიდე,იყიდეეე….ყველაფერზე გავიძახი, მაგრამ მაიკოს ეს დიდად არ აბრკოლებს. ჩემს დაკითხვას ეშხში შესული აგრძელებს და მაღაზიაში უბედნიერესი დაჰქრის. ამასობაში თავიდან ბოლომდე ფუნჯებ და ტონალურებ ასხმული მაღაზიის თანამშრომელი გამომეცხადა, ნაზი ღიმილით მაკიაჟის გაკეთება შემომთავაზა და არც დამელოდა ისე ამიცაცუნა ვეება ფუნჯი ცხვირზე. არ ვიცი, შეიძლება იმ დაცვის ახმახს შევეცოდე და რელაქსაციის მიზნით მომიგზავნა? ყოველშემთხვევაში მე ასე ვიფიქრე რადგან იქით შევნიშნე, იდგა და ღიმილით რაღაცას მანიშნებდა. აი აქ კი კოსმეტიკასთან დაკავშირებულმა ყველა ჩემმა ბოღმამ ერთიანად იფეთქა. კატეგორიულად შევიცხადე მოცემული სიტუაცია და მყარი უარი განვაცხადე მაკიაჟზე. მას შემდეგ რაც განმიმარტა, რომ ეს პროცედურა უფასო იყო და მაინც, ჩემი ჩაშავებული თვალებით კიდევ ერთხელ უარი ვტკიცე, ფუნჯებიანი ცოტა ნირწამხდარი გამშორდა, შე ქაჯოო და იქვე, პირველივე შემხვედრ ტიპს უკმაყოფილოდ დაუწყო მილამაზება. სკამიდან ჩამოვხტი და მაიკოს სამკვდრო-სასიცოცხლო გადაწყვეტილების მიღების პროცესში სისხლის ფასად ჩართვა გადავწყვიტე. აღარ მახსოვს რაები ველაპარაკე, მაგრამ ფაქტია, ასე 10 წუთიანი მოლაპარაკების შემდეგ, 221 ნომერი ჩრდილით ბოლო-ბოლო სალაროსკენ გავისტუმრე (ნუ, ცოტა ზურგში ხელს კი ვკრავდი, მაგრამ ნაღდად თავისით მიდიოდა). მაიკო მაინც არ დანებდა და გზაში გააყოლა ყველა +/-3 ნომრის ფერის კოლოფები, რიგში გადავწყვიტავო. ცოტა ხანში კი რიგიდან გამობრუნდა, ყუთები დახლებზე მშვიდად დააბრუნა და მორიდებით გამიღიმა, იყოს გადავიფიქრეო.

რუზველტის მოედანზე აღმოვაჩინეთ, რომ გზები გადაკეტილი იყო (ისევ ეს ყვითელჟილეტიანები). გზაზე პოლიცია იდგა და ყველა ჩვენნაირს დიდი ბოდიშებით თავის კოლეგასთან ამისამართებდა, რომელიც შეძლებისდაგვარად ცდილობდა აეხსნა როგორ გაგვეგრძელებინა გზა. სამწუხაროდ მისი სიტყვები სულ ასე აჟღერდა: ქლოზდ, თურნ ლეფთ, თურნ ლეფთ ფლიზ…. კიდე ეს მინდოდა მე? არა, მარცხენა და მარჯვენა კი ვიცი, მაგრამ თქვენც ხომ ნახეთ, რომ მერევა?!

შეცვლილმა მარშუტმა ჩვენი გზა რამდენიმე კილომეტრით დააგრძელა. წინ მე მივდივარ, რუკაში მაქვს ცხვირი ჩაყოფილი და ლაშქრობებში გამობრძმედილი, ფართე და ჩქარი ნაბიჯებით მივალაჯებ. საწყალ მაიკოს ორი ნაბიჯის გადადგმა უხდება ჩემს ერთ ნაბიჯს რომ დაეწიოს, ამიტომ რაღაცით პატარა პუდელს გავს, რომელიც დიდი ლაბრადორის გვერდით მიცუნცულებს. თუ არ შევუნელე ცოტაც და ქასქასს დაიწყებს. ხმას არ იღებს, ფიქრობს, ფიქრობს და მერე საწყალი ხმით ამბობს, რა ვქნა მხატვარი ვარ, ჩემთვის ყველა ტონი ძალიან მნიშვნელოვანია, ხომ იციო. ვიცი, განა არ ვიცი, მაგრამ არ ვიმჩნევ. სამაგიეროდ იქვე რაღაც მყუდრო კაფეს ვპოულობ და ყავასა და ბრაუნიზე ვეპატიჟები.

ფანჯრის წინ  მაღალ მაგიდასთან მოვკალათდით, ორი უშაქრო კაპუჩინო ნამცხვართან ერთად წინ დავიდგით და ქუჩას მივაჩერდით.  მაგარი იყო. ვიტრინის იქით პარიზული ცხოვრება მიდიოდა. ადამიანები დარბოდნენ, ვარჯიშობდნენ, შეყვარებულები ხელჩაკიდებულები მიღუღუნებდნენ, ვიღაც ტიპმა, ორი გაფუებული კატა გვერდით კორპუსში ძლივს-ძლივობით მიიყვანა (ალბათ ვეტერინართან), ვიღაცამ ზებრაზე არ გააჩერა (და გამიხარდა). მე და მაიკო კი უგემრიელეს ბრაუნს უგემრიელეს კაპუჩინოს ვაყოლებდით და სიამოვნებისგან ვკრუსუნებდით. ნახევარ საათში, ერთი-ორი სელფი გადავიღეთ, ავიბარგეთ და ისევ გზას გავუყევით. მალევე მივადექით მარია მაგდალინელის ეკლესიას. ვეება შენობაა რომაული იერსახით. მთელ შენობას გარშემო უზარმაზარი სვეტები აკრავს. ვიზიტი უფასოა, შენობა კი ძალიან ლამაზი და საინტერესო. ასე რომ მე და მაიკომ ერთი 2.5 ევროსი მაინც ვიბოდიალეთ შიგნით.  თურმე 1849 წელს აქ მიმდინარეობდა შოპენის დაკრძალვის ცერემონიალი, რომელიც ორ კვირას გაგრძელდა და მთელი ამ დროის განმავლობაში, შოპენის ანდერძის მიხედვით, მოცარტის რექვიემი სრულდებოდა. ასევე ღირშესანიშნაობას წარმოადგენს ეკლესიის 3.2 ტონიანი კარიბჭე და უძველესი ორღანი. გაგვიხარდა ძალიან (ნუ, ამ ეკლესიაში რომ აღმოვჩნდით ეგ). კიბეებზე ჩამოვსხედით, ერთი ხანი მზეს მივეფიცხეთ და ვინმე სამხრეთ-ამერიკელს ეკლესიის ფონზე სურათის გადაღება ვთხოვეთ. ტიპმა 3*4 ზე სურათი გადაგვიღო.

ბევრი ვიბოდიალეთ თუ ცოტა ვიბოდილეთ, ბოლო-ბოლო რუ-დე-რივოლის ქუჩასთანაც მივედით, რომლის გაყოლებაზეც, ჩემი რუკების, გაჯეტებისა და წყალგაუვალი ორიენტაციის თანახმად, ლუვრი უნდა იყოს. მიმართულებაშიც დედასვფიცავარ ჩამოყალიბებული ვარ, მარცხნივ უნდა გავუხვიო, მაგრამ  ჩემდა ბედად ვამჩნევ, რომ მარჯვნივ რაღაც საეჭვოდაა გზა გადაკეტილი და პოლიციელებიც დგანან. ხოდა, არ ვიცი რა მომივიდა, მაიკოს ვტაცე ხელი, მივეჭერი პოლიციელებს და გაცხარებული ავუტეხე ხვეწნა-მუდარა, გეხვეწები ბიძია, შორიდან ჩამოვსულვარ, ულუვროდ ნუ დამტოვებ, შემიშვი გადაკეტილში-თქო და თან ორანჟერიისკენ ვიშვერ თურმე ხელს. იმას ცოტა ჩაეღიმა და მითხრა, ლუვრი მარცხნივააო. თან აი დებილი ბავშვივით მომკიდა ხელი და გზაზე დამაყენა, ასე იარე, არსად გადაუხიოო. შერცხვენილმა გადავკეცე ჩემი სამი რუკა, ჯიბეში ჩავიდე და მაიკოს გადავხედე. არაფერს იმჩნევს. საერთოდ ეგეთია. უკვე მერამდენე კილომეტრი გაიარა ჩემს გამო ზედმეტად. ეგ კიდე მაინც ბედნიერია და ყველაფერზე კისკისებს. ახლაც უდარდელად მიკუნტრუშობს რივოლის ფართო და ულამაზეს ქუჩაზე და იმ სიცილით იცინის, მე რომ დედამიწის ზურგზე ყველაზე გულახდილი მგონია. თვითონ ამბობს, მრცხვენია ასე ხმამაღლა რომ ვიცინი, უხერხულიაო, მაგრამ სხვანაირადაც არ შემიძლიაო. არადა, ნეტავ ყველა ადამიანი ასე გულახდილად იცინოდეს, რა ლამაზი იქნებოდა სამყარო.

 

მოკლედ, ლუვრი იქვე იყო, მოხვეულში. გავიარეთ ულამაზესი სამეფო ბაღი, ულამაზესი ჩანჩქერი და ვნახეთ სასახლე. გარედან. ხომ მასე ვთქვით თავიდანვე არა? ამ პარკის ბალახზე მგონი მთელი პარიზი იყო განრთხმული. აი, მე რომ სახლს დავალაგებ და მერე დივანზე მივეგდები ხოლმე დასასვენებლად, ესენიც ზუსტად მასე ისვენებედნენ. ოღონდ ტიულრის ბაღში. წამოღებული ქონდათ წიგნებით მთელი პარიზი, სასუსნავებით ბედნიერება, თერმოსით სიმშვიდე, პლედებით საკუთარი თავები და პატარა გასაშლელი სკამებით ერთმანეთი. ისხდნენ ბალახზე, ეფიცხებოდნენ მზეს, ეჟღურტულებოდნენ ერთმანეთს რაღაცას, იღიმოდნენ ბედნიერად და არ იცოდნენ, არ იცოდნენ, რომ ჩემს ქალაქში ერთადერთი პარკია, სადაც მასე თუ მიეფიცხე მზეს, ან გიურზა გიკბენს, ან ვინმე სპორტულებიანი ჯეელი მოინდომებს შენს შებმას ან რომელიმე გამხმარი ხე წაიქცევა და აუცილებლად თავზე დაგეცემა. ასე გულზემოსულებმა გადავკვეთეთ სენა, გადავედით მეორე სანაპიროზე, ჩავიარეთ ბუკინისტების დახლები და ღვთისმშობლის ტაძრისკენ ავიღეთ გეზი. რა ვქნა ამ ტაძარზე პირველ რიგში, ჰიუგო კი არა, რაბლე მახსენდება. გარგანტუას რომ ტაძრის ზარები მოეწონა და „თან წარიტანა“ რათა თვის ცხენებისთვის კისერზე შეება, ხოლო ბერებმა დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ ძლივს დააბრუნებინეს უკან.

ტაძრის ეზოში უამრავი ხალხი ირევა. ტაძრის მონახულება (თუ ზემოთ არ აპირებ ასვლას) უფასოა. ამიტომ მე და მაია გულმხურვალე მლოცველებივით საკურთხეველთან მივიჭერით და პირველივე რიგში ჩამოვსხედით. ისე გვტკივა ფეხები, ვეღარ ვინძრევით. ვზივართ გასუსულები და ვათვალიერებთ ეკლესიაში გამოკრულ პლაკატებს მოსალოდნელი ივენთების შესახებ. არ გამოტოვოთო, ამადა ამ დღესო რომელიღაცა წმინდანის სახელობის ეკლესიის გუნდი ჩამოდის საგალობლადო და დაუვიწყარი მადლი გელოდებათო. რომელიღაც თარიღებში, ესა და ეს მამაო იბარებს აღსარებასო და არიქა, მოამზადე ცოდვებიო. ცოტა ეჭვი შემეპარა ჩემს ინგლისურში, ემანდ რამეს არასწორად ხომ არ ვკითხულობ-თქო. მაგრამ მალევე მარცხნივ შუშის კაბინეტი დავინახე და რომ გავიაზრე რაც იყო, ეჭვებს შევეშვი. ფსიქოლოგის ოფისს გავდა, მაგრამ არა! სააღმსარებლო იყო. თეთრი შუქით გაჩახჩახებულ მინიმალისტურად გადაწყვეტილ ოფისში კარგად ჩანდა მამაო თეთრ შუშისავე მაგიდასთან როგორ იჯდა და ვიღაც აღმსარებელს ელაპარაკებოდა. ოფისის შესასვლელში, თავზე რაღაც მორბენალი სტრიქონები ტრიალებდა. ალბათ ასეთი ტექსტებით: ჩააბარე ორი ცოდვა და მიიღე მესამე უფასოდ ან რამე ეგეთი. მოკლედ, სიტუაციამ მატრიცა გამახსენდა და ვიფიქრე აი ახლა უცებ ეს მამაო შავი კალამივით რაღაცას გააძრობს, მიუშვერს თავის დამწუხრებულ მრევლს, ჭყლიტ! დააჭერს, რაღაც გაანათებს და გამოვა ოთახიდან ის ცოდვიანი უცოდველი, რამეთუ აღარ ემახსეოვრება არაფერი. და რადგან არ გახსოვს, ესე იგი არც არაფერი დაგიშავებია. კარგახანი აღფრთოვანებული ვფიქრობდი, მომავალში მოვხვდი-თქო და ოთახისკენ აღტკინებული მივიწევდი. მაგრამ ჩემმა რაციონალურმა გონებამ მალევე მიკარნახა: ჰეი, ქალმ დაუნ, არაფერია ისეთი, აწმყოში ხარ, უბრალოდ გვარიანად ჩამორჩენილი ქვეყნიდან მოსულიო.

სიტეში კაი ხანს ვიბოდიალეთ. საოცარი დღე იდგა. გაზაფხულის  გულახდილი და მხიარული მზე ჩახჩახებდა. სენას სანაპიროზე უამრავი ადამიანი ჩამომწკრივებულიყო. ლუდს სვამდნენ, საუბრობდნენ და მზეს ეფიცხებოდნენ. ტურისტებით დახუნძლული გემები ხიდების ქვეშ დაცურავდნენ და ჟივილ-ხივილით დაასეირნებდნენ ფრანგული ღვინით გამომთვრალ ხალხს. მაიკოს ბეგბედერის და უელბეკის შესახებ ვუყვები. მაინც როგორ მოხდა, რომ რემარკის შემდეგ, ფრანგულმა მწერლობამ ადამიანი და მისი ინდივიდუალიზმი ასე ამაზრზენად და ცინიკურად მოიტანა ჩვენამდე. ასე მიწასთან გაასწორა გრძნობები და საერთოდაც მოინდომა შეგვზიზღდეს საკუთარი თავები. რაშია საიდუმლო. რა ხდება აქ, სენას მზიან სანაპიროზე ასეთი?

კუნძულს ვტოვებთ და სენჟერმენისკენ მივიწევთ. ხიდზე ჩვენს ყურადღებას პატარა შოუ იპყრობს. მიუხედავად იმისა, რომ მე და მაიკოს უკვე გვარიანად გვშია, ვერ ვითმენთ, სხვა დანარჩენ ხალხთან ერთად პირდაპირ ხიდზე ვსხდებით და თვალს ვერ ვაშორებთ სანახაობას. ლამაზ კოსტუმებში გამოწყობილ როლიკიან ტიპებს ერთჯერადი ჭიქებით ტრასა მოუწყვიათ და წარმოუდგენელ ტრიუკებს აკეთებენ.. მუსიკა ჰაერში იფრქვევა, ხალხი ოვაციებს ვერ მალავს, ყველა მხრიდან აღფრთოვანების ხმები და ტაში ისმის. ოჯახები, შეყვარებულები, ბავშვები, დიდები, ყველანი აქ არიან და გულწრფელი ემოციებით გაჰყვირიან კომპლიმენტებს. მაიკო ვიდეოს იღებს, მე ბრიოშის ნარჩენებს ვლოღნი და ჩაბოღმილი ვზვერავ ჩემს გვერდით მჯდომ პატარა ფრანგ ბავშვს, რომელიც ისე გულისშემაღონებლად ბედნიერია, ერთი სული მაქვს როდის მივუბრუნდები და იმ ტექსტს ვეტყვი, „ჩაჭრილებიდან“, ხომ გახსოვთ: „მომისმინე ვირიშვილო მაიმუნო შენა… ჩინელი ბავშვები დღე და ღამე კერავენ ადიდასებს რო ბრინჯის პერაშკი მაინც შეჭამონ…“ არადა არაფერს აშავებდა.

უკვე შებნელებულზე, ბოლო-ბოლო მივაგენით ჩვენს მოსაწონ რესტორანს, ვიტრინასთან, მრგვალ მაგიდასთან გამოვიჭიმეთ და ორი ხახვის სუპი და ერთიც ოთხი ყველის პიცა შევუკვეთეთ. მაიკო კმაყოფილებას ვერ მალავდა, სამ საათიანი ძებნის, სკამების ტესტვის და მიმტანების დაკითხვის შემდეგ ზუსტად ის ადგილი რომ ნახა, სადაც გარემო მოეწონა. მე კიდევ ბედნიერებისთვის ისიც მყოფნიდა, სკამზე რომ ვიჯექი. შეკვეთა მალევე მოგვიტანეს. ხახვის სუპი იმაზე გემრიელი აღმოჩნდა ვიდრე სიტყვათა კომბინაცია „ხახვის სუპი“ ჟღერს. მაგრამ ისე გვშიოდა და ეს ოხერი სუპიც ისეთი ცხელი იყო, რომ ორივემ პირები დავითუთქეთ. მაიკო ირწმუნებოდა, კერძს საკუთარი სასის ნაჭრებიც მივაყოლეო, მაგრამ ეგ არაფერი, მაინც ძალიან გემრიელი იყოო. ბევრი ვიჭორავეთ, დაღლილი ფეხები დავასვენეთ, ტელეფონით დავტენეთ, ინტერნეტში ინფორმაციები შევამოწმეთ და 2 საათიანი ყურყუტის შემდეგ, ასე საღამოს 9 საათისკენ გარეთ გამოვაღწიეთ. ხო, სადილი (უფრო სწორედ ვახშამი) 28 ევრო დაჯდა. ზრდილობიანმა მიმტანმა, ბარათი ხელში ააფრიალა და გვკითხა, ხომ არ გინდათ, რომ ბარემ „ჩაი“ ბარათით გადაიხადოთო. რა თქმა უნდა-მეთქი, 30 ევრო აიღე-თქო  გავუღიმე და მაიკოს ბარათს შევცინე.

უკანა გზაზე კიდევ ერთი ორი კილომეტრი აგვერია, მაგრამ ეგ აღარავის გაკვირვებია. სენას ფეხით მივუყვებოდით. სადღაც შორს, ეიფელს ბრჭყვიალა კაბა ჩაეცვა და მთელს ქალაქს გასძახოდა, მოდით და მნახეთო. ჩვენს გარშემო ათასი ისტორია და თავგადასავალი ყვიროდა მთელი ხმით, თავისი უზარმაზარი სასახლეებით, უძველესი ხიდებით, ულამაზესი თაღებით, სვეტებით და მოლაპარაკე ქანდაკებებით. ბედნიერების, სიყვარულის და რაღაცნაირი თავისუფლების სუნი ტრიალებდა გარშემო. ჩვენც, ორი ადამიანი მივუყვებოდით სენას სანაპიროს, ვიხსენებდით ბავშვობის ისტორიებს და მთელ ხმაზე ვხითხითებდით, ვხარხარებდით, ვმღეროდით და ვცმუკავდით (არა, არაფერი მოგვიწევია). სახლში ისევ ღამის პირველისკენ მივაღწიეთ. საუზმედ იგივე გავიყოლეთ. ისეთი დაღლილი ვიყავი, ყუთების მაცივარში შეყრაც კი ვერ მოვახერხე. აბაზანა გავავსე და არაქათგამოცლილი ცხელ წყალში ჩავყურყუმალავდი.

ხვალ მძიმე დღეა. სასტუმრო უნდა შევიცვალოთ და ქალაქის მეორე ბოლოში გადავბარგდეთ.

 

მეორე დღის დასკვნები

ასეთი ფიქრები დღეს პირველად მოვიდა. ვიფიქრე, რომ ერთი შავ-თეთრი ადამიანი ვარ და ჩემი ყველა სხვა ფერი მაიკოს დააქვს. ჩემთვის, რაიმე ფერის არ ქონა, ზუსტად ისე როგორც დღეს, რაციონალურად იზომება, ციფრებით იწონება და ფასდება რა ღირებულების დანაკლისია. აი მაიკოსთვის კი ფერის არ ქონა, უბრალოდ 6 ევრო კი არა, იმ კონკრეტული ტონალობის არ ქონაა, რომელიც მას სასიცოცხლოდ სჭირდება. მისთვის ეს ამბის, თავგადასავალის, ემოციების და ისტორიის დანაკლისია. ამაშია ჩვენი განსხვავება და ამავდროულად კავშირი. მოვდივართ მთელი ცხოვრებაა  ჩვენ ორნი გვერდი-გვერდ. მე ჩემი ორად-ორი პოლარული ფერით, ის თავისი ჭრელი სამყაროთი  და ვხვდები, მთელი არსებით ვგრძნობ როგორ მავსებს იმ დანარჩენი ენერგიით, რომელიც ასე ძალიან მაკლია და მჭირდება.

პარიზი ფიქრების ქალაქია. უცნაური და ახალი ფიქრების აღმოჩენის ქალაქი. და თუ ოდესმე აქ მოხვდებით, გთხოვთ ერთი წამით თავი დაანებეთ სანახავი ღირშესანიშნაობების სიას, მასთ დუ და მასთ სი მარათონს. გაიხედეთ გვერდით, შეხედეთ იმ ადამიანს, რომელიც გვერდით მოგყვებათ და დაფიქრდით, იქნებ შემთხვევით არაა, რომ სწორედ ახლა ის თქვენს გვერდით დგას. იქნებ საერთო თქვენს შორის უფრო მეტია ვიდრე განსხვავება, იქნებ ოდესღაც თქვენი რაღაც ნაწილი მასში დაიბადა და გაიზარდა.  და იქნებ ეს რომ აღმოგეჩინათ, ამისთვის პარიზი იყო საჭირო…

 

რეკომენდაციები

  • დაბალფასიანი საცხოვრებელი შეგიძლიათ დაჯავშნით Airbnb-ზე. თუ ამ გვერდიდან დარეგისტრირდებით 41 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ.
  • თუ სასტუმროებს დაეძებთ, მაშინ ეწვიეთ სასტუმროების ფასების საძიებო და შესადარებელ სისტემას: hotelscombined.com
  • პარიზში მოსახვედრად იაფი ავიაბილეთები ეძებეთ საიტზე: kiwi.com
  • აეროპორტიდან ტრანსფერისთვის გამოიყენეთ: kiwitaxi.com
  • მატარებლის და ავტობუსების ბილეთები ევროპაში: Omio
  • მუზეუმების ბილეთების საიტი: Tiqets

Related posts

ხუთვარსკვლავიანი აპარტამენტი პრაღაში

ვარშავა ტურისტული – რა ვნახოთ პოლონეთის დედაქალაქში

სასარგებლო ბმულები მოგზაურობისთვის