ბუდაპეშტში ბიუჯეტური მოგზაურობა რომ რთული არ არის ბევრმა იცის, მაგრამ ეკონომიის გაკეთება ყოველთვის შეიძლება 🙂 პიცის მოყვარულებს იაფ და გემრიელ პიცას გირჩევთ, პლიუს “ჰიპსტერული” გარემო. ისე აღმოჩნდა, რომ “პიცის მანუფაქტურა” იმავე ქუჩაზე მდებარეობს, რომელზეც არის ვალუტის უპროცენტო გადამცვლელი პუნქტი და საუკეთესო აპარტამენტი ბუდაპეშტში.
ეს მცირე ზომის პიცერია Lónyay u.-ის ქუჩაზე ჯერ კიდევ შარშან სექტემბერში შევამჩნიე. მაგრამ ყოველთვის ხალხმრავლობა იყო და სივიწროვეში შესვლას მოვერიდე, ვიფიქრე სტანდარტული პიცა და სტანდარტული ფასი იქნება მეთქი. ახლახანს ბუდაპეშტში ყოფნისას ამ პიცერიაში მაინც შევიხედე.
ერთ მცირე ზომის ოთახში ჩამოსაჯდომი ადგილის პოვნა ჭირს, კიდევ უფრო მეტი რიგში დგას პიცის თან წასაღებად. ხიპსტერულ გარემოსთან ერთად ამ პიცერიის მთავარი ხიბლი იმაშია, რომ გემრიელ და იაფ პიცებს ამზადებს.
როგორც მენიუში ხედავთ basic (ძირითადი) პიცის ფასი 1000 ფორინტია (10 ლარი), მაშინ როდესაც სხვა კაფე-რესტორნებში პიცის ღირებულება 1500 ფორინტზე (15 ლარი) ქვემოთ არ ჩამოდის. როგორც ჩანს პიცის მანუფაქტურა დაბალი ფასის შენარჩუნებას მცირე ზომის ფართის, თვითმომსახურებისა და ჭურჭლის ნაცვლად მუყაოს გამოყენებით ახერხებს.
გაითვალისწინეთ, რომ აქ ძირითადად პიცას ამზადებენ და ყიდიან, პიცერიასაც შესაბამისად ჰქვია – “პიცა შოპი”, რაც იმას ნიშნავს, რომ სასმელებიდან მხოლოდ კოკაკოლას ან ლიმონათს შემოგთავაზებენ. შევამჩნიე, რომ გარედან ლუდის შეტანაც შეიძლება, თუმცა არ დამიზუსტებია პიცერიის პერსონალის დამოკიდებულება. პრინციპში მათ ამის გასაკონტროლებლად არ სცალიათ, სამუშაო თავზე საყრელად აქვთ.
მოკლედ, ეწვიეთ და მიირთვით გემრიელი პიცა იაფად 🙂
მისამართი იხ. გუგლის რუკაზე.