პრაღა – კარლის, იგივე კარლოსის ხიდი, ჩეხურად Karlův most პრაღის მთავარი ღირსშესანიშნაობა და სიმბოლოა. რა იზიდავს აქ ტურისტებს?
2007 წლის 17 დეკემბრის პოსტი. ქვეყნდება მცირედი ცვლილებებით.
არარომანტიული ადამიანი ვარ, მაგრამ იქაურობის რომანტიკა, განსაკუთრებით დაბინდების შემდეგ, თავისით მიზიდავდა. ერთხელაც, ზლაზვნით სიარულის დროს ქართველების ხმა შემომესმა. ”ზღაპარში ვართ, ზღა-პა-რშიიი!!!…” იმეორებდა აღტაცებული ქალი ქართველების დიდი ჯგუფიდან. წამოვეწიე, მივესალმე და აღმოჩნდა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს დელეგაცია იყო. სურათის გადაღება მთხოვეს, გადავუღე, დავემშვიდობე და კარლოსის ხიდის ქანდაკებებით შექმნილ ზღაპრულ აურაში, “ზღაპარში” დავტოვე.
წელს პრაღა კარლოსის ხიდის მშენებლობის დაწყებიდან 660 წლისთავს აღნიშნავს. ეს არის ყველაზე უძველესი ხიდი მდინარე ვლტავაზე და პრაღის სიმბოლოდაა ქცეული. ხიდის აშენება მეფე კარლოს IV გადაწყვიტა და ასტროლოგების რჩევის მიხედვით ხიდის საფუძვლის პირველი ქვა 1357 წლის 9 ივლისს ზუსტად დილის 5 საათსა და 31 წუთზე ჩაადუღაბა.
ხიდის სიგრძეა 520 მეტრი და სიგანე 9,5 მეტრი. ის ერთმანეთთან აკავშირებს პრაღის რაიონებს, ”სტარო მესტო” და ”მალა სტრანა”. ისინი მეთოთხმეტე საუკუნეში დამოუკიდებელ ქალაქებს წარმოადგენდნენ. ”კარლოსის ხიდის” აშენებამდე მდინარე ვლტავაზე ამავე ადგილზე 1170 წლიდან იუდიფეს ხიდი ფუნქციონირებდა, რომელიც 1342 წლის წყალდიდობამ დაანგრია. კარლოსის ხიდი კი ისეთი გამძლე აღმოჩნდა, რომ საუკუნეების შემდეგაც, 2002 წლის წყალდიდობამ ვერაფერი დააკლო.
ხიდისთავს კოშკები ამშვენებს. აღმოსავლეთის კოშკი შუა საუკუნეების არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშად ითვლება. კოშკზე გამოსახულია სხვადასხვა სკულპტურები, “წმინდა რომის იმპერიის” გერბები და სხვა. მეორე მხარეს აღმართულ კოშკზე კი ხიდის მფარველის ”ვიტას”, კარლოს IV-სა და ვაცლავ IV-ის სკულპტურებია.
სკულპტურა და ქანდაკება არ აკლია თავად ხიდსაც. მის ყოველ ბურჯზე აღმართულია სხვადასხვა საკულტო ქანდაკება, სულ 30. ისინი ბაროკოს ხანაში ცნობილმა მხატვრებმა შექმნეს.
კარლოსის ხიდს მაგიურსაც უწოდებენ, რადგან მასზე სრულდება ოცნების ჩაფიქრების რიტუალი. ხშირად მინახავს ტურისტები, რომლებიც იან ნეპონუცკის სკულპტურაზე ხელით შეხებას ცდილობენ (პირველი ფოტო). თუმცა ეს არ ყოფილა საკმარისი იმისთვის, რომ ოცნება აგიხდეთ.
ამის შემდეგ უკან, ჩუმად, უნდა გაიაროთ ასი მეტრი და ხიდიდან წმინდანის გადაგდების ადგილზე (ხიდიდან ვაცლავ IV-ს გადაუგდია), ხელებისა და ფეხის შეხებით თქვენი ოცნება უნდა დაამაგროთ (მეორე ფოტო).
პრაღა და კარლის, კარლოსის ხიდი არის უამრავი ტურისტის, მხატვრებისა და ქუჩის მუსიკოსების თავშეყრის ადგილი
ვინც პრაღაში მოგზაურობას აპირებს, გირჩევთ:
- იაფი ავიაბილეთების საძიებელი საუკეთესო საშუალება: kiwi.com
- დაგვიანებული, გადადებული ან გაუქმებული ავიარეისების კომპენსაცია: AirHelp
- თუ სასტუმროებს დაეძებთ, მაშინ ეწვიეთ სასტუმროების ფასების საძიებო და შესადარებელ სისტემას: hotelscombined.com
- მატარებლის, ავტობუსებისა და თვითმფრინავების იაფი ბილეთები ევროპაში: Omio