ჟენევის ტრამვაი

ბევრ ქართველს შემთხვევია სიტუაცია, როდესაც ევროპის რომელიმე ცნობილ ქალაქში ტაქსით სარგებლობის შემდეგ შეხვედრაზეც დაგვიანებია და ჯიბეც საგრძნობლად შეუთხელებია.

ასეთ გასაჭირს ჟენევაში ტრამვაი აგარიდებთ. საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის ტალონს სასტუმროში უფასოდ მიიღებთ, ხოლო ტრამვაის სისტემა შვეიცარიული საათივით გამართულად და ზუსტად მუშაობს.

ჟენევის ტრამვაის სისტემას გამორჩეული დიზაინის მქონე ტრამვაი ამშვენებს. ყველაზე მეტ ყურადღებას ტრამვაის ეს მოდელი იპყრობს – შტადლერის “ტანგო” (Stadler Tango ZR) – ტანგოს მოცეკვავეს წააგავს რელსებზე 🙂

ამ თანამედროვე, მიმზიდველი დიზაინის შიგნით ისეთი ინტერიერი იმალება, რომელიც ცეკვასთან მწყრალად მყოფსაც კი აცეკვებს ტანგოს 🙂

ტანგოსკენ გიბიძგებთ უამრავი საფეხური, მიხვეულ-მოხვეული გასასვლელი და სხვა უცნაურობები, რომლებსაც ბევრ თანამედროვე ტრამვაიში აღარ ვხვდებით (ეს “ტანგოს” ერთ-ერთ ძირითად ნაკლს წარმოადგენს).

ხედი ვატმანის კაბინიდან.

ჟენევაში შტადლერის ტანგო 2011 წლიდან გამოჩნდა. ის 70%-იან დაბალიატაკიან ტრამვაით ითვლება. ვაგონში დახმარების გარეშე შესვლა და გამოსვლა შეუძლიათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, საბავშვო ეტლით მოსეირნე მშობლებს თუ მოხუცებს. 6 სექციანი ვაგონის სიგრძე 44 მეტრს შეადგენს, ცარიელის წონა 57 ტონაა, იტევს 260-მდე მგზავრს.

ყველა კარი აღჭურვილია ავტომატური პანდუსით, რომელიც ტრამვაისა და ტროტუარს შორის არსებულ მანძილს ფარავს. მისი მოქმედების პრინციპი კარგად ჩანს შემდეგ ვიდეოზე.

გაცილებით კომფორტულია, სალონში უფრო მეტი სივრცე აქვს და შიდა საფეხურების დაძლევა არ მოგიწევთ ბომბარდირის “ფლექსიტი აუთლუკში” (Bombardier 3000 Flexity Outlook Cityrunner).

ამ 7 სექციანი ტრანსპორტისთვის სირთულეს არ წარმოადგენს ჟენევის ცენტრის ვიწრო ქუჩებში გადაადგილება. მისი სიგრძეა 42 მეტრი, სიმძიმე 50 ტონაა და შეუძლია 231 მგზავრის გადაყვანა.

ბომბარდირის ეს მოდელი ჟენავაში 2004 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ ჟენეველების და ჟენევის სტუმრების სიმპატიებს იმსახურებს.

“ფლექსიტი” 100%-იან დაბალიატაკიან ტრამვაის წარმოადგენს, და მაში შესვლა-გამოსვლა თავისუფლად შეუძლიათ ეტლიან მგზავრებს. ისიც, ისევე როგორც “ტანგო”, აღჭურვილია გადმოსაკეცი მცირე პანდუსით, რაც ტრამვაის ტროტუართან კიდევ უფრო აახლოვებს.

ბომბარდირის ფლექსიტი გამოირჩევა სალონის მოცულობით, სივრცით.

მის ზირითად ნაკლად შეიძლება ჩაითვალოს წკაპა-წკუპი, რომელიც ისმის “გარმოშკიდან” მოსახვევების გავლისას. აუფრო მეტ დეტალს აღმოაჩენთ ვიდეოში (1:46 წუთიდან).

რამდენიმე სიტყვა ჟენევის ტრამვაის უფრო ძველ ვაგონებზე. “დუევაგის” (Duewag-Vevey) სხვადასხვა მოდიფიკაციები ჟენევაში 1984 წლიდან გამოჩნდა და დღემდე ექსპლოატაციაშია.

ასაკის მიუხედავად ტრამვაის ეს ვაგონები საკმაოდ კომფორტულია.

მასში შესვლის საშუალება აქვთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსაც და სალონში გაცილებით მეტი სივრცეა ვიდრე შტადლერის ტანგოში.

ჟენევაში “დუევაგის” ორ და სამსექციანი ვაგონები ერთმანეთს ჩაბმული მოძრაობენ. ტრამვაის ასეთი შემადგენლობის სიგრძე 53 მეტრია და შეუძლია 450 მგზავრის გადაყვანა. ცარიელ მდგომარეობაში შემადგენლობის ჯამური წონა 62 ტონამდე აღწევს.

ეს ვიდეო კი ჟენევაში დუავეგის მოძრაობის თავისებურებებს ასახავს.

ჟენევის ტრამვაის 2013 წლის რუკა

ჟენევის ტრამვაი სათავეს იღებს 1862 წლიდან, რომელიც ცხენების მეშვეობით მოძრაობდა. 1889 წელს კი ორთქლის ძრავიანი ტრამვაი ამუშავდა, ხოლო 1894 წლიდან ჟენევაში ელექტროენერგიის ძრავიანი ტრამვაი გამოჩნდა. მას შემდეგ სისტემა სწრაფი ტემპით ვითარდებოდა და 1920 წელს მთელს ევროპაში ყველაზე დიდი ქსელის (119 კმ) ტიტული მოიპოვა. ის ჟენევას გარეუბნებთან ერთად საფრანგეთის ქალაქებთანაც აკავშირებდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო ტრამვაის დეგრადაცია და 1970 წლისთვის ჟენევაში მხოლოდ ერთი ხაზი შემორჩა. ტრამვაის აღორძინების პროცესი სათავეს ირებს 1995 წლიდან.

ამჟამად ქსელის სიგრძე 36 კილომეტრს შეადგენს და ის თითქმის ყოველ წელს იზრდება.

Related posts

როგორ გავიაროთ უფასო რეგისტრაცია Check-in Wizz Air-ზე

ულიმიტო მოგზაურობა გერმანიაში 49 ევროდ

როგორ მივიღო კომპენსაცია ავიაკომპანიებისგან 2024 წელს