რა არ მომეწონა ბათუმში

სასტუმრო “რედისონთან” ახლოს, იქ სადაც ტექნოლოგიური უნივერსიტეტისთვის “ბათუმი ტაუერი” აშენდა და იქ სადაც საკამაოდ დიდი სასტუმროს, “კემპინსკის” მშენებლობა დასასრულს უახლოვდება, საშინელი სუნი ტრიალებს. მიზეზი ფოტოზეც ჩანს. ეს ჩაოხრებული ფეხსალაგი, როგორც ჩანს მუშებს ემსახურებოდა და ცათამბჯენის მშენებლობის დამთავრების შემდეგ მისი ავტორის შესარცხვენად შემოინახა ადგილობრივმა თვითმართველობამ 🙁

არ ვიცი რა მიზეზით არის ჩაბნელებული ეს ულამაზესი შენობა და რა მიზეზით არ მუშაობს მასზე დამონტაჟებული ეშმაკის ბორბალი.

იმავე ავტორს მიაწერენ ამ საბაგირო გზის მშენებლობასაც, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად გამართულია, არ მუშაობს, დაკეტილია.

ალბათ ველობილიკის ავტორის მიმართ დამოკიდებულება ჩანს ავტომობილების მფლობელთა საქციელშიც.

დავიჯერო ამ ფეხითმოსიარულეთა საქციელიც (ისინი გზას გაზონზე გადავლით კვეთენ) პოლიტიკით არის განპირობებული?

თუ ფეხითმოსიარულენი გაზონებს თელავენ, ავტომობილები ტროტუარებს ამსხვრევენ.

შედეგი

არც მოქალაქეები აკლებენ ახალ ქვაფენილს.

აყრილი ქვაფენილი ბევრგან შემხვდა, უხარისხობა თავის როლს თამაშობს, მაგრამ გადამწყვეტი მაინც უხეში ჩარევა მგონია.

ეჭვი მაქვს აქ ტროტუარის კიდეზე მდგარი ბოძი ავტომობილმა შეიწირა. სანაცვლოდ გაურკვეველი ფორმის ბოძი ჩაარჭეს, თანაც სხვა ადგილზე და ძველის საძირკველი ანგრეული დატოვეს.

დროშების გაქრობის ამბავი ეტყობა შემცირებული ბიუჯეტის შედეგია. ალბათ ამავე მიზეზით ვერ სრულდება ცათამბჯენებს შორის ჩარჩენილი ძველი ლოჯიებით დამშვენებული კორპუსების რეკონსტრუქცია.

არ ვიცი რაში იხარჯება ქალაქის ბიუჯეტი, მაგრამ მონდომებული კაცი ასეთ ადგილზე ასფალტის დაგებას მაინც მოახერხებდა.

ასევე არ მომეწონა საკონსტიტუციო სასამართლოს გვერდით, მედეას ძეგლის პირას გაშლილი კარვები. აქ ეკომიგრანტების საპროტესტო აქცია კვლავაც გრძელდება მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრი კომისიის გამოყოფას და საკითხის შესწავლას დაჰპირდა.

ასევე არ მომეწონა მოდად ქცეული სიტყვები “არ შეიძლება”. ძირითადად ამას ამბობდნენ ფოტოკამერის დანახვისას. მაგალითად სანაპიროზე გაშლილ ამ კომპლექსში გადაღება ამიკრძალეს.

ფოტოკამერით გადასაღები აღარაფერი დამრჩა, თორემ დაცვა ნამდვილად ვერ გააკონტროლებდა მობილურ ტელეფონს სალაპარაკოდ გამოვიყენებდი თუ გადასაღებად. უბრალოდ, ამდაგვარი უაზრო აკრძალვები არ უხდება ტურისტულ ქალაქს.

Related posts

ბათუმის ბოტანიკური ბაღი

მწვანე კონცხი

ექსკლუზიური პლიაჟი