მილანი – რისი ნახვა შეიძლება?

მილანი, რისი ნახვა შეიძლება? კითხვა რომელიც ხშირად ისმის, მას შემდეგ რაც Wizz Air-მა ამ მიმართულებით ავიარეისების შესრულება განაახლა.ამ გავრცელებულ კითხვაზე მოისმენთ ასევე გავრცელებულ პასუხს, რომ მილანი მხოლოდ ფეშენის ქალაქია, იქ სანახავი ბევრი არაფერია და რომ მის დასათვალიერებლად ერთი დღეც საკმარისია. ეს მართლაც ასეა თუ არა?…

ერთი დღის რა მოგახსენოთ, მაგრამ 2-3 დღეში ძირითადი სანახაობების დათვალიერება ნამდვილად შესაძლებელია.

მილანი – ტოპ სანახაობები

დავიწყოთ მთავარი ღირშესანიშნაობით დუომოს ტაძრით. იქამდე ჩვენი აპარტამენტიდან ფეხით მივედით, შეიძლებოდა ტრამვაით მგზავრობაც, მაგრამ ძველი მილანის არქიტექტურამ ჩაგვითრია და ასე გავუყევით ქუჩას Porta Ticinese-დან.

ეს არის ქალაქის კარიბჭე, რომელიც 19-ე საუკუნეში ააგეს შუასაუკუნეების დანგრეული კარიბჭის ადგილას. მისი სახელი კი უკავშირდება მდინარე ტიჩინოს.

მივუყვებით დუომოსკენ მიმავალ ქუჩას Corso di Porta Ticinese და კარიბჭიდან სულ რამდენიმე მეტრში არის Piazza Sant’Eustorgio, ამავე წმინდანის სახელობის ბაზილიკა და ძველი ბაზარის მოედანი.

გზად უამრავ საინტერესო დაწესებულებას წააწყდებით. ნამდვილი იტალიური ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის ასევე, საიველირო მაღაზიები და კაფე-ბარები. თუ კარგად დააკვირდებით უგემრიელესი ბლინების კაფესაც იპოვით, ბლინის ფასია 3,5 ევრო.

ცოტაც წინ და მიადგებით კიდევ ერთ ულამაზეს კარიბჭეს Porta Ticinese-ს, რომელიც 16-ე საუკუნით თარიღდება.

როგორც კი ამ კარიბჭეს გადალახავთ გამოჩნდება სან ლორენცოს კოლონები – Colonne di San Lorenzo. ეს არის რომაული კულტურის ძეგლი და თარიღდება მეოთხე საუკუნით.

ამ კოლონების მარჯვენა მხარეს არის სან ლორენცოს ბაზილიკა – Basilica San Lorenzo Maggiore

ეს ტაძარიც მეოთხე საუკუნით თარიღდება და არქიტექტურულ ფასეულობასთან ერთად მნიშვნელოვან რელიგიურ სიწმინდესაც წარმოადგენს იქ დაცული სიწმინდეების გამო.

უფრო წინ ეს ქუჩა უერთდება Via Torino-ს, სადაც კიდევ უფრო მეტი მაღაზია, კაფე-ბარი და რესტორანია, რა თქმა უნდა ისტორიული ღირსშესანიშნაოებები.

სან სებასტიანის ბაზილიკა, რომელიც ფოტოზე ქუჩის მარჯვენა მხარეს ჩანს, მე-16 საუკუნის ძეგლია. ცოტაც წინ და მალე გამოჩნდება დუომო.

დუომოს (ტაძრის) მშენებლობაში, რომელიც 1386 წელს დაიწყო და 600 წელი გრძელდებოდა, მონაწილეობა მიიღეს როგორც ლეონარდო დავინჩიმ ასევე ნაპოლეონმა. სწორედ ნაპოლეობის ბრძანების შედეგად მოხერხდა დუომოს ფასადის დარჩენილი ნაწილის მოპირკეთება, თუმცა გარკვეული დეტალების დამონტაჟება 1965 წლამდე გრძელდებოდა.

მილანის დუომო გოთიკური არქიტექტურის ნიმუშია და სილამაზის გარდა გამორჩეულია თავისი ზომებითაც, იტალიაში ყველაზე დიდია, ხოლო მსოფლიოში მეოთხე.

იმისთვის, რომ დუომოში შესვლა შეძლოთ, უნდა შეიძინოთ ბილეთი, რომელიც 2 ევრო ღირს. მაგრამ ამ ულამაზესი ტაძრის სრულფასოვნად აღსაქმელად აუცილებელია მის ტერასაზე ასვლა, რომლის ბილეთი 12 ევრო ღირს ლიფტის გამოყენების შემთხვევაში, ხოლო 9 ევრო თუ კიბეებით ისარგებლებთ. დუომოს ტური ურიგოდ შეგიძლიათ დაჯავშნოთ ბილეთების საიტზე.

დუომოს მარცხნივ არის არანაკლებ პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშანობა Galleria Vittorio Emanuele II.

გალერეა მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აუგია არქიტექტორ ჯუზეპე მენგონის, რომელიც ამ დიდებული ნაგებობის მშენებლობის დასასრულს დაიღუპა, ხარაჩოდან გადმოვარდნილა თუ განზრახ გადმოუგდიათ.

გალერია მნიშვნელოვანია არა მარტო არქიტექტურული თვალსაზრისით, აქ არის ცნობილი ბრენდების ბუტიკ-მაღაზიები, რაც ბუნებრივი უამრავ ტურისტს იზიდავს.

აქვე შეგიძლიათ შიმშილის გრძნობაც დაიკმაყოფილოთ, რომელიც აუცილებლად დაგეუფლებათ მილანის ქუჩებში ხეტიალის შემდეგ. პირველ სართულზე განლაგებულ “ფასტფუდებში” პიცის ნაჭერი 4-5 ევრო ღირს, მაგრამ თუ მეორე და მესამე სართულზე ახვალთ, სადაც ასევე უამრავი კაფე-რესტორანია, უფრო სერიოზულ კერძებს არც თუ ძვირად მიირთმევთ.

აუცილებლად მოინახულეთ H&M ჩვენებური ჰ და მ რადიკალურად განსხვავებული კოლექცია აქვთ ვიდრე თბილისში და ხარისხიც გამორჩეულია, ფასი კი სტანდარტული.

გალერეის მეორე მხარეს გავედით, მცირე ზომის პიაცას ცენტრში ლეონარდო და ვინჩის ძეგლი დგას. მის ირგვვლივ, ერთ მხარეს მილანის მერიაა Palazzo Marino-ში, მეორე მხარეს კი ცნობილი ოპერის თეატრი ლა სკალა – Teatro alla Scala. (იხ. ფოტოებზე).

მერიის შენობაზე მილანის წითელჯვრიანი დროშა ფრიალებს, შორიდან ძალიან ჰგავს საქართველოს დროშას. იქვე არის ხელოვნების გალერეა Gallerie d’Italia, სუვენირების მაღაზიები, რესტორნები…

იქვე შორიახლო არის არქიტექტურული თვალსაზრისით საინტერესო ნეო-კლასიკური ტაძარი უზარმაზარი გუმბათით San Carlo al Corso.

ბუნებრივია, მილანის ხარჯები სერიოზულად ურტყამს რიგითი მოკვდავის ჯიბეს. უფრო ხელსაყრელია სუპერმარკეტის პროდუქტების გამოყენება, რომელთა მომზადების საშუალებას აპარტამენტის სამზარეულო იძლევა. თუ არა და 10 ევროიანი ბარებია სადაც ამ ფასად სასმელს შეიძენთ და იმდენის ჭამის უფლება გაქვთ რამდენსაც შეძლებთ. მაგრამ ასეთ დაწესებულებაში ბავშვებთან ერთად შესვლა არ გამოვა. მსგავს და სხვა ტიპის ბარ-რესტორნებს უხვად გადააწყდებით არხების ქუჩებზე, რომლებიც ერთ-ერთი მთავარი მილანური ღირშესანიშნაობაა.

არც დღისით არის უინტერესო, უამრავი კაფე-რესტორანია კარგი ყავითა და პიცით.

კასტელო სფორცესკო – Castello Sforzesco

მუზეუმებითა და საიდუმლოებებით სავსე ციხესიმაგრე. სულ ახლახანს, 2013 წელს ერთ-ერთი კედლის რესტავრაციისას აღმოაჩინეს ლეონადრდო და ვინჩის უცნობი ფრესკა.

მე-15 საუკუნეში აგებული ციხესიმაგრე სადაც მოწყობილია რამდენიმე მუზეუმი, მდებარეობს მილანის ცენტრალურ ნაწილში.

კასტელო ატარებს მილანელი ჰერცოგების დინასტიის სახელს. მილანის ციხე აიგო მე-14 საუკუნეში, მაგრამ დღემდე მოაღწია უფრო გვიანდელი სახით. მეთხუტმეტე საუკუნეში კასტელოს მშენებლობისტვის მიიწვიეს და ვინჩი. მისი კვალი ამჟამად შემორჩენილია ციხესიმაგრის რამდენიმე ადგილზე. კასტელოს არქიტექტურა საფუძვლად უდევს მოსკოვის კრემლის არქიტექტურას, მისი მშენებლებიც იტალიელი არქიტექტორები იყვენენ.

კასტელოს ირკვლივ გაშენებულია უზარმაზარი პარკი Parco Sempione სადაც სეირნობს და ისვენებს უამრავი ახლაგაზრდა თუ ხანშიშესული მილანელი. აქედანვე მოსჩანს ტრიუმფალური თაღის მსგავსი მშვიდობის თაღი.

და ბოლოს, კასტელოს შესასვლელთან უზარმაზარი შადრევანია, რომელიც უამრავ მილანელს იზიდავს.

გარემო იმდენად მიმზიდველია, რომ შუქნიშანიც კი რომანტიკულად მოგეჩვენებათ.

მილანში კიდევ უამრავი სანახავია, მაგალითად ლეონარდო და ვინჩის საიდუმლო სერობა.

მაგრამ ყველაფერს ვერც ეს ერთი პოსტი დაიტევს და ვერც მილანში გატარებული 2-3 დღე.

ქვევით, კომენტარებში შეგიძლიათ აღწეროთ თქვენი გამოცდილება იმის შესახებ თუ კიდევ რისი ნახვა შეიძლება მილანში.

რეკომენდაციები:

  • მუზეუმების ბილეთების საიტი: Tiqets
  • თუ სასტუმროებს დაეძებთ, მაშინ ეწვიეთ სასტუმროების ფასების საძიებო და შესადარებელ სისტემას: hotelscombined.com
  • 10 ევროს ფასდაკლება მატარებლის, ავტობუსებისა და თვითმფრინავების ბილეთებზე: Omio
  • დაგვიანებული, გადადებული ან გაუქმებული ავიარეისების კომპენსაცია: Air Help

ვიდეოგასეირნება მილანში

Related posts

ხუთვარსკვლავიანი აპარტამენტი პრაღაში

ვარშავა ტურისტული – რა ვნახოთ პოლონეთის დედაქალაქში

სასარგებლო ბმულები მოგზაურობისთვის