როგორ ვიმგზავროთ ათენში? ანუ როგორ გადავადგილდეთ აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში და ათენის ქუჩებში. ამ კითხვაზე პასუხი განსაკუთრებით აინტერესებთ ათენში მოგზაურობის მსურველებს. მათი რაოდენობა აუცილებლად გაიზრდება 17 მაისის შემდეგ, როცა “ვიზეარი” ქუთაისიდან ათენში პირდაპირი დაბალბიუჯეტური რეისების შესრულებას დაიწყებს.
ათენში თბილისიდანაც დაფრინავს რამდენიმე ავიაკომპანია და არც თუ იშვიათად აქვთ ბიუჯეტური, დაბალფასიანი ბილეთები.
ათენში მოგზაურობისას ხარჯების შემცირებისთვის საჭიროა საქალაქო ტრანსპორტის სახეობების ოპტიმალურად შერჩევა. მაგალითად აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე მისასვლელად უფრო იაფია ავტობუსით მგზავრობა ვიდრე მატარებლით (ელექტრიჩკა). ავტობუსის ბილეთში 6 ევრო გადავიხადე, მაშინ როდესაც მატარებელით მგზავრობა დაახლოებით 2 ევროთი ძვირი ჯდებოდა (ელექტრიჩკიდან პირდაპირ მეტროში გადაჯდომა შეიძლება). თუმცა თუ მეტრო არ გჭირდებათ მცირედი სხვაობაც კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ბიუჯეტური მოგზაურობისას, როდესაც ათენამდე ჩასვლა სულ 25 ევრო ჯდება. თანაც ავტობუსი უფრო ხშირად მოძრაობს და მატარებელს ლოდინი სჭირდება.
აეროპორის გამოსასვლელთანვე იპოვით X95 ავტობუსის გაჩერებას, იქვეა ბილეთის სალაროებიც. ერთჯერადი ბილეთის ფასი 6 ევროს შეადგენს.
აქვე დგებიან აეროპორტიდან მიმავალი სხვა ავტობუსებიც, X93, X95, X96, X97 – მათი მარშრუტები შეგიძლიათ იხილოთ ათენის ტრანსპორტის საიტზე.
X95 ავტობუსი აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, “სინტაგმას” მოედანზე მიგიყვანთ. შეგიძლიათ ათენის შესწავლა სწორედ აქედან დაიწყოთ. პარლამენტის წინ საპატიო ყარაულის შეცვლის საინტერესო რიტუალი ტარდება ხოლმე, სამხედროებთან ფოტოს გადაღებაც შეიძლება 🙂
ამავე მოედანზეა ერთადერთი მაკდონალდსი ათენში, გამოგადგებათ შიმშილის სწრაფად მოსაკლავად, სანამ ადგილობრივ სამზარეულოში და რესტორნებში გაერკვევით.
აქედან ჩემს მიერ Airbnb-ზე დაქირავებულ აპარტამენტამდე ფეხით მისვლაც შეიძლებოდა, მაგრამ ხანგრძლივი მგზავრობით დაღლილებმა გადავწყვიტეთ მეტროს გამოყენება.
მეტროს ბილეთების შეძენა შესაძლებელია მეტროს სადგურის შესასვლელ დარბაზებში მდგარ ავტომატებში, რომლებიც ხურდასაც კი აბრუნებენ და ასევე ტრადიციულ სალაროებში. ბილეთი უნდა დაარეგისტრიროთ, ვალიდაცია გაუკეთოთ მეტროს ჩასასვლელში მცირე ზომის სვეტებზე მიმაგრებულ აპარატებში. ზედა ფოტოზე ადვილი შესამჩნევია ეს ადგილი. დაურეგისტრირებელი ბილეთი არ ითვლება მოქმედ ბილეთად და შემოწმების შემთხვევაში ისევე დაჯარიმდებით, როგორც უბილეთო მგზავრობისას. ჯარიმა შეადგენს 60 ევროს.
ათენში საქალაქო ტრანსპორტის ერთიანი სისტემაა და მეტროს ბილეთი მოქმედებს როგორც ტრამვაიში, ტროლეიბუსში, ასევე ავტობუსშიც. შეგიძლიათ მეტროდან გადაჯდეთ ავტობუსში, შემდეგ ტროლეიბუსში, ტრამვაიში და პირიქით… მთავარია ბილეთის მოქმედების ვადა არ იყოს ამოწურული.
- 70 წუთიანი ბილეთი – ყველაზე იაფფასიანი სატრანსპორტო ბილეთია – ფასი 1,40 ევრო. მოქმედებს (რეგისტრაცია-ვალიდაციის შემდეგ) 70 წუთის მანძილზე ყველა მიმართულებით და ტრანსპორტში, აეროპორტის ავტობუსის გარდა. ბავშვებისთვის ამ ბილეთის ფასი 0,60 ევროს შეადგენს.
- 24 საათიანი ბილეთი ღირს 4,50 ევრო.
- 5 დღიანი ბილეთი, ფასი 9 ევრო.
- 3 დღიანი ტურისტული ბილეთი ღირს 22 ევრო და მასში ყველა ტრანსპორტთან ერთად შედის 2 მგზავრობა აეროპორტის მატარებელზე (ელექტრიჩკაზე).
ათენში მეტრო საკმაოდ განვითარებული ტრანსპპორტია. მისი მოდერნიზება 2000-იან წლებში განხორციელდა და ამჟამად მოქმედებს 3 ხაზი.
მეტროს და ავტობუსების გარდა ათენის სატრანსპორტო სისტემის შემადგენელი ნაწილია ტრამვაი. როგორ ზევით ავღნიშნე იგივე ბილეთით შეგიძლიათ ისარგებლოთ.
თანამედროვე ტრამვაი კარგი საშუალებაა ქალაქის დიდი ნაწილის კომფორტულად დასათვალიერებლად. ასევე კომფორტულია და ავტობუსებისგან არაფრით განსხვავდება ტროლეიბუსით მგზავრობა.
და ბოლოს ტაქსები. თუ ტაქსით მგზავრობას გადაწყვეტთ გირჩევთ ქუჩაში მდგარ და მომლოდინე ტაქსისტებს ერიდოთ. გაცილებით კომფორტულია და თანაც 2-ჯერ იაფი უბერის გამოყენება. პირადად ვისარგებლე და ძალიან კმაყოფილი დავრჩი. „უბერი“ ახალდარეგისტრირებულ მომხმარებელს 5 ევროს სამგზავრო ბონუსს აძლევს, ანუ ამ თანხით შეგიძლიათ პირველი მგზავრობა ისე განახორციელოთ, რომ თქვენი ჯიბიდან არაფერი გადაიხადოთ (გამოიყენეთ პრომოკოდი: kakham11ue ).
სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებთ ათენში!
რეკომენდაციები:
- იაფი ავიაბილეთების საძიებელი საუკეთესო საშუალება: kiwi.com
- დაგვიანებული, გადადებული ან გაუქმებული ავიარეისების კომპენსაცია: Air Help
- თუ სასტუმროებს დაეძებთ, მაშინ ეწვიეთ სასტუმროების ფასების საძიებო და შესადარებელ სისტემას: hotelscombined.com