სასტუმროს დაჯავშნა – პრაქტიკული რჩევები

ამ პოსტში მინდა გაგიზიაროთ პრაქტიკული რჩევები, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ ვებსაიტები, რომლებზეც სასტუმროს დაჯავშნა შეიძლება.

ხშირად უკითხავთ ამა თუ იმ ქალაქში რომელი სასტუმროს დაჯავშნა სჯობდა.

ზოგიერთს დავხმარებივარ კიდეც სასტუმროს შერჩევაში, მაგრამ არის საიტები, რომლებიც თქვენთვის სასურველი სასტუმროს მოძიებას ჩემზე უკეთ ახერხებენ.

სასტუმროების დაჯავშნის ყველაზე ცნობილი საიტია Booking.com, ასევე არსებობენ სხვა მსგავსი საიტებიც, მაგალითად Hotels.com და ასე შემდეგ. მაგრამ, გირჩევთ პირდაპირ ნუ მიაკითხავთ მათ, ან ნუ დაიწყებთ სასტუმროს ოფიციალური საიტის ძიებას. და თუ რატომ შევეცდები განვმარტო.

მაგალითად Booking.com მომხმარებელს სასტუმროებს სთავაზობს იმის მიხედვით რომელი სასტუმროც უფრო მაღალ საკომისიოს იხდის. ანუ ბუკინგკომის მიერ რეკომენდირებული სასტუმრო შეიძლება სულაც არ აღმოჩნდეს ისეთი რომლის რეკომენდირებაც ღირდა. ასევე, ბუკინგკომი პრივილეგიას ანიჭებს დიდ სასტუმროებს, ისეთებს რომლებსაც ბევრი მომხმარებელი ჰყავს. აღსანიშნავია, რომ ასეთი სასტუმროები შეიძლება სულაც არ მდებარეობდნენ ქალაქის ცენტრში.

ამ სურათზე, პრაღაში 14-18 ნოემბერს ბუკინგკომი პირველ რიგში მთავაზობს სასტუმროებს, რომლებიც საგრძნობლად მოშორებულია ქალაქის ცენტრალურ ნაწილს. პრაღაში ტრანსპორტით გადაადგილება არ არის რთული, მაგრამ დამატებით ხარჯებთან ერთად ეს ძვირფასი დროის ფუჭად ხარჯვაცაა.

შეგიძლიათ ძიების შედეგები ფასების ან ვარსკვლავების მიხედვითაც დაალაგოთ, მაგრამ აქაც ბევრი რამ პირობითია და ნათელ სურათს არ იძლევა, მაგალითად ვარსკვლავები. ჩეხეთში, ან თუნდაც თურქეთში ვარსკვლავების მინიჭების საკუთარი სისტემა გააჩნიათ და 4 ვარსკვლავის მქონე სასტუმრო, ხარისხითა და სერვისით შეიძლება სულაც არ უტოლდებოდეს ერთმანეთს.

არის კიდევ სხვა დეტალებიც, რომელთა შორის ერთ-ერთია საკომისიოს მოცულობა. მაღალი საკომისიო, რომელსაც სასტუმრო ამა თუ იმ საიტს უხდის პირველი გვერდის კარგ ადგილზე გამოჩენისთვის, ხშირად ფასზე აისახება. შესაბამისად მისი ღირებულება მოცემულ საიტზე შეიძლება გაცილებით მაღალი იყოს, ვიდრე სხვა საიტზეა, სადაც იგივე სასტუმრო ნაკლებად მნიშვნელოვან ადგილზეა განთავსებული.

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ბუკინგკომზე ან მსგავს საიტებზე ძიების დაწყებამდე, მით უფრო ჯავშნის განხორციელებამდე, გირჩევთ საძიებო სამუშაოები ჩაატაროთ საიტზე სახელწოდებით HotelsCombined.com

HotelsCombined.com

HotelsCombined.com არის ე.წ. აგრეგატორი, რომელიც სასტუმროების დაჯავშნის საიტებზე, ისეთებზე როგორიც არის ბუკინგკომი, ექსპედია და სხვა მსგავსი სერვისები, ახორციელებს სასტუმროების ფასების ძიებას და თქვენს მიერ შერჩეული სასტუმროს გვერდზე გაჩვენებთ თუ რომელ საიტზე რა ფასად შეგიძლიათ ჯავშნის განხორციელება. ამის შემდეგ არჩევანი თქვენზე.

როგორც HotelsCombined.com-ის სკრინშოტზე ჩანს ბუკინგკომზე ეს სასტუმროები ყველაზე ძვირი ღირს. პირველი სასტუმროს დაჯავშნა ყველაზე იაფად შესაძლებელია საიტზე სახელწოდებით HRS, ხოლო მეორე სასტუმრო ყველაზე იაფი ღირს საიტზე Prestigia. ასეა სხვა შემთხვევებშიც და სრულიად შესაძლებელია ამ საიტის დახმარებით სერიოზული ეკონომიის გაკეთება შესძლოთ.

სასტუმროს დაჯავშნა

ასევე, ყურადღება მიაქციეთ შეფასებებს და მათ რაოდენობას. ორი და სამი მაღალი შეფასება შეიძლება სულაც არ იყოს ობიექტური სურათის მაჩვენებელი. მეტნაკლებ რეალურ სურათს ქმნის 20 და მეტი შეფასება.

და მთავარი, დარწმუნებული იყავით, რომ ის რაც ფოტოებზე ჩანს სულაც არ იქნება რეალობის შესაბამისი. ერთი მაგალითი ჩემს მიერ კრაკოვში დაჯავშნული სასტუმროს საფუძველზე.

ეს არის სასტუმრო ქსელის ibis-ის სტანდარტული ნომრის ოფიციალური ფოტო.

ფართეკუთხოვანი ობიექტივით გადაღებული ფოტო დიდი სივრცის განცდას ქმნის, არადა რეალურად სივრცე გაცილებით ნაკლებია, რაც შემდეგ კადრზე მოსჩანს.

ამიტომ სასტუმროს მეტნაკლები რეალური მდგომარეობის შესაფასებლად მისი ფოტოები ეძებეთ tripadvisor.com-ზე და გუგლის მეშვეობით.

მოგზაურობისას ჩემთვის სასტუმროების მთავარი ხიბლი ფასში შემავალი, ე.წ. დილის უფასო საუზმეა.

ასევე ის ამართლებს მოკლევადიანი საქმიანი ვიზიტებისას. რაც შეეხება შედარებით გრძელვადიან დამოუკიდებელ მოგზაურობას, მე ვამჯობინებ აპარტამენტების (ბინების) დაქირავებას და ამას ვაკეთებ არა სასტუმროების დაჯავშნის საიტზე, არამედ აპარტამენტების სპეციალიზებულ საიტზე Airbnb-ზე. მრავალ ფასდაკლებასთან და ბონუსთან ერთად Airbnb.com უფრო მოსახერხებელ სერვისს ქმნის ბინების დაჯავშნისას. თუ რატომ ვირჩევ აპარტამენტებს, აღწერილი მაქვს სპეციალურ პოსტებში:

რეკომენდაციები:

  • კორონავირუსის გავრცელების გამო გაუქმებული ავიაბილეთების კომპენსაცია: AirHelp
  • მოგზაურობის შესახებ დეტალური ინფორმაცია: მოგზაურთა ჯგუფი
  • 10 ევროს ფასდაკლება თვითმფრინავების, მატარებლისა და ავტობუსების ბილეთებზე: Omio
  • თუ კერძო ბინებში და სახლებში საცხოვრებლის დაჯავშნა გსურთ ეწვიეთ: Airbnb

Related posts

ხუთვარსკვლავიანი აპარტამენტი პრაღაში

ვარშავა ტურისტული – რა ვნახოთ პოლონეთის დედაქალაქში

სასარგებლო ბმულები მოგზაურობისთვის