სინოპი – აჭარის ალტერნატივა შავი ზღვისპირეთში

რატომ არის სინოპი აჭარის ალტერნატივა, რა უპირატესობები და მინუსები გააჩნია თურქეთის შავი ზღვისპირა ამ ისტორიულ ქალაქს?

მოხიბლული ვარ ბათუმით, მაგრამ კლიმატი კაიფს ტეხავს. აჭარის და მთლიანად საქართველოს შავი ზღვისპირეთის სხვა ადგილებში კლიმატს კიდევ ემატება გაუმართავი ინფრასტრუქტურა, მომსახურების დაბალი დონე და სიძვირე.

ეს ფოტოები თურქეთის შავი ზღვის სანაპიროზე უძველეს ქალაქ, სინოპში 2007 – 2010 წლებში გადავიღე.

სინოპის შესახებ ადრეც ვწერდი და ახლა ბათუმში გასეირნების შემდგ კიდევ ერთხელ გამახსენდა.

სინოპი წარმოადგენს ნახევარკუნძულს, რომელიც შავ ზღვაში ისე არის შეჭრილი, რომ ზღვის დინება და ტალღები მხოლოდ მის ერთ ნაპირს ეჯახება.

მეორე მხარეს კი მშვიდი ზღვა, სუფთა წყალი და ოქროსფერი ქვიშებია.

წყალი იმდენად გამჭვირვალეა, რომ თავისუფლად ჩანს გათამამებული თევზების “ტინგიცი” 🙂 მაგრამ ამ სანაპიროს ერთი პატარა ნაკლი აქვს, უამინდობის დროს, რომელიც იშვიათობაა, დინებას ნაპირზე გამოაქვს წყალმცენარეები. პლაჟის ნაწილს არ ასუფთავებენ, ამიტომ ზოგიერთ ადგილას წყალმცენარეები ქვიშაზე კოტრიალის საშუალებას არ იძლევა.

თუმცა კი სინოპში ჩემი რეკომენდაციით ჩასული ადამიანი უკან დაბრუნებული უკმაყოფილო არ მინახავს.

სინოპში რამდენჯერმე ყოფნისას წვიმიანი სულ ორიოდე დღე მახსენდება. მისი მდებარეობა ხელს არ უწყობს ღრუბლების თავმოყრას და გადაუღებელ წვიმას.

სინოპი და მისი ეკონომიკა

ბათუმი გართობის ცენტრია არა მარტო კავკასიის ქვეყნებისთვის. ბათუმში ჩადის თურქეთის შავი ზღვის სანაპიროს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილიც. რაც შეეხება აჭარის სხვა ადგილებს ისინი ვერც გართობის საშუალებებით და ვერც დასვენების სერვისით ვერ გაუტოლდებიან სინოპის შესაძლებლობებს.

ეს არის ხედი სასტუმრო “დიოგენის” აივნიდან. ამ სასტუმროში ერთი საოჯახო ნომერი, რომელიც გათვლილია 4-5 კაცზე (მონდომების შემთხვევაში 6-იც მოთავსდება) 100-დან 140 დოლარამდე ღირს.

ფასი დამოკიდებულია სტუმრის ვაჭრობის უნარზე, რელიგიურ დღესასწაულებზე, თურქული ლირის კურსზე … ბოლოს დღეში 95 დოლარი გადავიხადეთ იმის გამო, რომ ჩვენი წამოსვლის წინა დღით რამადანი დაიწყო. საოჯახო ნომერი აერთიანებს ერთ დიდ და ერთ მომცრო ოთახს, სამზარეულოს, აბაზანა-ტუალეტს და აივანს მშვენიერი ხედით.

თუ ზღვა არ მოგეწონებათ, შეგიძლიათ აუზში ან აუზისპირას დაისვენოთ. აქვეა ღია ბარიც და საღამოობით ცოცხალი მუსიკაც არის ხოლმე, თურქული როკიდან დაწყებული და ლაზური “დიდოუ ნანათი” დამთავრებული.

სასტუმროში კვება ერთჯერადია, ე.წ შვედური სუფრა, ყველაფერია იმისთვის, რომ სუფთა ჰაერზე კარგად დანაყრდე 🙂 შეგიძლიათ რესტორანში ნებისმიერ დროს შეუკვეთოთ, თუმცა ქალაქის რესტორნების დალაშქვრა უფრო საინტერესოა.

სინოპის სხვა სასტუმროები ნახეთ და დაჯავშნეთ აქ.

თევზის მოყვარულებისთვის პორტის გასწვრივ, ზღვაში მოტივტივე კაფე-რესტორნების ცვენაა. თურქული ქაბაბების და ხორცის კერძების დიდი არჩევანით. საშუალოდ, საკვები ოდნავ უფრო ძვირი ჯდება ვიდრე აჭარაში.

თურქეთი ბოლო წლებში საკმაოდ გაძვირდა, მაგრამ ქართველის ჯიბისთვის სრულებით ხელმისაწვდომი რჩება.

სინოპი მცირე ზომის ქალაქია, მაგრამ გადაადგილებისთვის მაინც დაგჭირდებათ ტრანსპორტი.  “დოლმუში” (გამოტენილი, გადაჭედილი) – ასე ჰქვია იქაურ “მარშრუტკას” – წარმოადგენს მინიატურულ ავტობუსს, რომელიც ზოგჯერ მართლაც გადატენილია.

წლების მანძილზე მგზავრობის ფასი 10 ლირამდე გაიზარდა რაც დაახლოებით 2 ლარია. გაჩერებისთვის მძღოლს დაუყვირეთ “დურაქ”! თავიდან მეც მეხამუშა, მაგრამ სტოპ რომ ვერ გაიგო და ჩემს სასტუმროს გასცდა, მერე სულ დურაკი ვეძახე, გაჭრა 🙂 შემოკლებით “დურ” გაჩერებას ნიშნავს.

იქაური საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტრადიციაა: უფროსი, რაც არ უნდა მოხუცი იყოს ადგილს უთმობს ბავშვს, მომავალ თაობას.

სხვა სასტუმროები გაცილებით იაფია. ჩემი რეკომენდაციით სინოპში ჩასულმა ერთმა წყვილმა ახლადგახსნილ სასტუმროში 2 ადგილიანი ნომერი 35 დოლარად დაიქირავა. კარგი პლაჟით გამოირჩევა ერთ-ერთი სასტუმრო, რომელსაც ქართველები ფლობენ.

ხილი და ტკბილეული თავზე საყრელი და ძალიან გემრიელია.

იქაური ატმის და საზამთროს არომატი ყოველთვის მახსენდება, როდესაც თბილისში ნორმალურ საზამთროს ვერ ვპოულობ.

თუ ვაჭრობა არ დაგეზარებათ ფასდაკლება გარანტირებულია, მითუმეტეს თუ გამყიდველი ლაზი ან გურჯი (ძველი ქართველი) შეგხვდათ.

ღირშესანიშნაობა

სინოპის ერთ-ერთი ღირშესანიშნაობა ძველი ქართველებია (გურჯები). ისინი აქ ძირითადად საქართველოს რუსეთის იმპერიასთან მიერთების დროს გადმოსახლდნენ.

მაგრამ. სინოპი მანამდეც ყოფილა ქართველთა სამიზნე. თამარ მეფესაც კი გაულაშქრია სინოპის ციხის დასაპყრობად.

ადრე სინოპის ძალაუფლება ფარავდა სივრცეს სადაც ისტორიული ქართველური ტომები – მოსინიკები, ხალიბები და კოლხები სახლობდნენ.

ქალაქის სიმბოლოს დიოგენი წარმოადგენს. ითვლება, რომ დიოგენი სწორედ სინოპში ფილოსოფოსობდა.

სინოპი სელჯუკების გავლენის სფეროში 15-ე საუკუნიდან მოექცა და მას შემდეგ იწყება ქრისტიანულის მუსულმანური კულტურით ჩანაცვლების ხანა. მაგრამ აქ ქრისტიანული კულტურის ძეგლები დღემდეა შემონახული. მუზეუმში დაცულია მრავალი ექსპონატი.

მართმადიდებლური ხატების გადაღების უფლება არ მოგვცეს.  ექსპონატების უმრავლესობა ბიზანტიური კულტურის ნიმუშია, მათ შორისაა ქვევრიც.

ძველის და ახლის შერწყმის ადგილი

შეძლებული სინოპელების საცხოვრებელი დაახლოვებით ასე გამოიყურება

ასეთ სახლებში სხვადასხვა სართულზე სხვადასხვა ოჯახი ცხოვრობს. რაღაც ქალაქურისა და აგარაკული ცხოვრების ნაზავია.

ქორწილი არ გეგონოთ, წინდაცვეთის (მუსულმანური ნათლობის) ცერემონიალია.

მოკლედ, თუ აჭარის ალტერნატივას ეძებთ და მოგზაურობა არ გეზარებათ ეწვიეთ სინოპს 🙂

რეკომენდაციები:

  • იაფი ავიაბილეთების საძიებელი საუკეთესო საშუალება: kiwi.com
  • დაგვიანებული, გადადებული ან გაუქმებული ავიარეისების კომპენსაცია: Air Help
  • თუ სასტუმროებს დაეძებთ, მაშინ ეწვიეთ სასტუმროების ყველაზე დიდ საძიებო სისტემას: Booking.com
  • მუზეუმების ბილეთების საიტი: Tiqets
  • მოგზაურობის შესახებ დეტალური ინფორმაცია: მოგზაურთა ჯგუფი

Related posts

სინოპი