სტამბოლი გასტონომიული

არაფერია ისე იოლი სტამბოლში, როგორც ზედმეტი წონის აკრეფა, ამიტომ ბევრი იარეთ ფეხით და მცირეკალორიული რამეები ჭამეთ.  მაგრამ ეს მეორე ოჰ, რა ძნელი შესასრულებელია! თურქებს ძალიან უყვართ სალათები – თქვენც გირჩევთ. არ დაგამძიმებთ და არ მიგაძინებთ. ტრადიციული სეზონური მევსიმ სალათასი (Mevsim salatası) მართალია თურქული ბოსტნეულით კეთდება და ჭოპორტის პომიდორს ვერ მოგართმევენ, მაგრამ მაინც საღი და გემრიელია.  თუ ადრე ადგებით, შეგიძლიათ ბოსფორიდან მზის ამოცურვით დატკბეთ და თან ბალიქ-ექმექით (Balık Ekmek – “თევზი და პური” – თევზის სენდვიჩია) წაიხემსისაუზმოთ. სანაპიროზე (და არამარტო) ყოველ ფეხის ნაბიჯზე ამზადებენ მიდიებს. ცხარეა და გემრიელი.

თუკი თევზი გიყვართ, ეწვიეთ ქუმქაფის (Kumkapi) უბანს მარმარილოს ზღვის სანაპიროზე. ეს ადგილი ცნობილია არცთუ ურიგო და არცთუ ძვირი თევზის რესტორნებით; თევზის კერძებს მოგართმევენ გალათას ხიდის ქვეშ განლაგებულ კაფე-რესტორნებშიც და თევზის მშვენიერი რესტორნები არის ხიდს გაღმა, ბეიოღლუს რაიონში, მაგრამ, წინა ნაწილშიც ვწერდი – ეს ბოლო “პეროიანი” რაიონია და ფასებიც, ცხადია, უფრო მაღალია.

ზოგადად (ისევე როგორც თბილისში) “პრესტიჟულ”, ტურისტულ, გაპიარებულ უბნებში, ქუჩებსა და ადგილებში ფასები 2-3-ჯერ და კიდევ მეტჯერ მაღალია იმ ადგილებთან შედარებით, სადაც, მეტწილად, ადგილობრივები დადიან, თან სულაც არ იგულისხმება, რომ ძვირიან დაწესებულებებში მომსახურება უკეთესია – როგორც წესი, მომსახურება სტამბოლის ყველა წესიერ და სინდისიერ ობიექტში ძალიან კარგია. ეგ კი არა, ქუჩის მზარეულ-გამყიდველი ისე მოგიმზადებთ დონერ-ქებაბს (ჩვენებურად – შაურმას) ან ქეშთანეს (წაბლს) ისე შეგიწვავთ, რომ ფამუქის მოწონებული.  ნიშანთაშიში უამრავი კარგი რესტორანია. ყველა – საგრძნობლლად ძვირი.    თაქსიმიც – იგივე.

სამაგიეროდ, სულაც არაა ძვირი და ძალიან გემრიელია თურქული ფასთ-ფუდი ქუმფირი(Kumpir) – მოხარშული კარტოფილი ნაირნაირი შიგთავსით: კარაქით, ყველით, მაიონეზით, იოგურტით…  ყოველ ფეხის ნაბიჯზე ყიდიან “ბუბლიკებს” (თურქულად – Simit ჰქვია) სიმინდს, ყველანაირ ხილს.

ჩაი სტამბოლში ყველაფერია. ამ სასმელის დიდი მოყვარული არ ვარ, მაგრამ ვაშლის ჩაის სიამოვნებით ვსვამ ხოლმე – ელმა ჩაი (Elma Çay) არომატულია და აგრილებს. სხვა ხილის ჩაიც ბევრია.

ქუჩებში ხშირად მოჰკრავთ თვალს ჭიქებს ალისფერი წვენით – ძალიან მომხიბლველად გამოიყურება, განსაკუთრებით, ცხელ, მზიან დღეებში… არ დალიოთ! იშვიათი სიმჟავის საზიზღრობაა  თურქულად შალგამი ჰქვია და თალგამის წვენია (აი იმის, “დედკამ” რომ დათესა და “კოშკა-მიშკის” დახმარებით რომ ამოთხარა როგორაც იქნა).

ყველაზე კარგი დასალევი ფორთოხლის ფრეშია (portakal suyu) – რომელსაც იქვე, თქვენს თვალწინ გამოწურავენ. 2-2,5 ლირა ღირს. სხვა ხილის ფრეშიც ბევრია – ბროწეულის, მანგოს რა ვიცი კიდევ რის აღარ. გირჩევთ, ადგილობრივი მაწონი – აირანიც გასინჯოთ. ღვინოს არ მიეძალოთ, არ გირჩევთ (თუმცა, Villa Doluca (ვილა დოლუჯა)-ს წითელ ღვინოებს არა უშავრს რა), ადგილობრივ არაყს – მითუფრო ნუ მიეძალებით. ლუდი კი დაილევა. გინესამდე ბევრი უკლია, მაგრამ ჩვენ, ყაზბეგნაზიარებ ხალხს, აბა, რას დაგვაკლებს.

ქოფთე (Kofte) – თურქული გუფთა. ლავაშში ახვევენ სხვადასხვა სპეციებით შეზავებულს. ადანა-ქებაბი, ჩვენი თვალი და კუჭი რომ მიჩვეულია, ისეთი ქებაბია. ლავაშით. ცხარეა და გემრიელი. მასთან ერთად ადგილობრივები აირანსაც მიირთმევენ ხოლმე.  ისქანდერ ქებაბი(ალექსანდრე მაკედონელის სახელობის ქაბაბი) ციკნის ხორცისგან მზადდება ცხარე სოუსითა და იოგურტით, დიდი პორციებია – მისწრებაა, თუ ძალიან დამშეული ხართ.  ჩვენებური მწვადი კი იქაურად შიშ ქებაბია. ფრანგულ კრეპსს კი თურქები გიოზლემეს (Gözleme) უძახიან. ჩვეულებრივ, ყველით, ხორცით, ბოსტნეულითაა…

და, რაღა თქმა უნდა, ტკბილეული: ფახლავა, ფუნთუშები, ნამცხვრები, შოკოლადი… ნაყინი. გემრიელი სტამბოლური ნაყინი, იგივე დონდურმა (Dondurma)… დონდურმა ეძახე შენ და უგემრიელესია.

იაპონელი ტურისტი და სტამბოლელი მენაყინე
  • ყველაზე ცნობილ სანაყინედ სტამბოლში Mado მიიჩნევა, რომელიც ისთიქლალზეა და ერთ-ერთი უძველესია ამ ქალაქში. ამბობენ, რომ რეცეპტურა 300 წლისაა და არ შეცვლილა – მადოში ტრადიციებს მიჰყვებიან და დონდურმას მხოლოდ თხის რძისგან ამზადებენ. ასეთ ნაყინს ევროპაში ვერ იგემებთ.

ფახლავა ფახლავად, მაგრამ მე ყველაზე მეტად რახათ-ლუქუმი (რაჰათ ლოქუმი) მიყვარს. სახელიც როგორი აქვს – Rahat – სიამოვნებაა და Lokum კი – ნაჭერი (აქედანაა ქართული ლუკმაც)… გირჩევთ, ეს სიამოვნება მრავალ და მრავალ ლუკმად გასინჯოთ.

თურქული ნუგბარის პოპულარული ქსელია КOSKA. ყოველ ფეხის ნაბიჯზეა. გვერდს ვერ აუვლით. და თქვენ, აქ მოსულნო, წონაში არმომატების იმედები დატოვეთ ყველა! 

  • პატარა ვირეშმაკული რჩევა – თქვენს სასტუმროს სიახლოვეს რომელიმე ტკბილეულის მაღაზია შეათვალიერეთ და გვიან, დაკეტვის პირს ესტუმრეთ – ამ დროს ყველაფერს თუ მთლად გროშკაპიკად არა – დიდი ფასაკლებით კი ყიდიან, იმიტომ რომ თურქები წინა დღიდან შემორჩენილ ტკბილეულს არ კადრულობენ.

ქუჩაში გადარბენით თუ წაიხემსებთ – 5-8 ლირის ამბავია, პერო-კაფეში თურქული დელიკატესი შოკოლადით და თხილეულით, ყავა ან წვენი 30 ლირამდე დაგიჯდებათ. გალათას ხიდქვეშ კაფე-რესტორანში თევზის მენიუთი სადღაც 15-20 ლირაში გამოხვალთ.

“რიტერ სპორტის” შოკოლადის ფილა “მიგროსის” ქსელში 5 ლირა ღირს, მისი თურქული ანალოგი კი (მთელ-მთელი თხილით ერთი-ერთზე რომ ჰგავს “რიტერის” კვადრატულ შოკოლადს), რომელსაც ისთიქლალზე ყიდდნენ პატარა ჯიხურში 3 ლირა ღირდა.

ათასნაირი სუფები და ფლავი თურქეთში ძალიან პოპულარულია, მაგრამ მე არ მიყვარს, ამიტომ ხმას არ ვიღებ. 

© Lord VaderStylish Blogსაავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under aCreative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

1. სტამბოლი და სტამბოლს მიღმა: ნაწილი 1
2. ტრამვაის ფანჯრიდან დანახული სტამბოლი: ნაწილი 2
3. ფოტოობიექტივში დანახული სტამბოლი: ნაწილი 3
4. სტამბოლი შოფინგური: ნაწილი 4

Related posts

უფასო ტური სტამბოლში თურქეთის ავიახაზებისგან

მოგზაურობა სტამბოლში პანდემიის პირობებში

სტამბოლი: მეტი კომფორტი ტურისტს