მოგზაურის რვეული: ქალაქი, რომელიც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ
ვხედავ, რომ ჩემს სტამბოლულ პოსტებს ბევრი ადამიანი კითხულობს, იმასაც ვხედავ, რომ ბევრი კითხვას შუიდან იწყებს. მე-3 ნაწილის მკითხველთა რაოდენობა ლამის ორჯერ სჭარბობს პირველისას, ჰოდა საგანგებოდ მათთვის და ვინც კითხვას აქედან იწყებს, მათთვისაც, უნდა გავიმეორო, რაც უკვე დავწერე: ეს პოსტები ძალიან სუბიექტურია და თუკი ჩემი გემოვნება, ჰოი საკვირველებავ და არ ემთხვევა თქვენსას, გული ნუ მოგივათ. ახლა კი, გავიდეთ საშოფინგოდ.
სტამბოლის დიდი ბაზრის (Kapalıçarşı/Grand Bazaar) ნახვა ერთხელ მაინც ღირს, მითუფრო, რომ “ძველი ქალაქის” ბეიაზითის უბანშია და შორს წასვლა საჭირო არაა – თუნდაც ქუჩაში სეირნობისას გადააწყდები… ნახვა კი ღირს, მაგრამ რამდენად ღირს ვაჭრობა – ეს უკვე მეორე ამბავია. ინტერნეტ-ვაჭრობისა და ამერიკული მაღაზიების მიერ შემოთავაზებული 70%-იანი ფასდაკლებების ფონზე, სტამბოლის ბაზარში ტანსაცმლის ყიდვა სისულელე მგონია. რაც კარგია – იაფი არ იქნება და რაც იაფია – ან არ ვარგა ან, უბრალოდ, ფეიქია…
ვისაც საკუთარი თავის მოტყუება სურს, გრანდ ბაზარზე კიდევ უკეთესი ადგილიც მეგულება – ლალელისა და აქსარაის უბნები. “ჩელნოკები” ყოფილი სუსურუკუდან სწორედ ამ ადგილებს ეტანებიან. აქ სიიაფეა (სასტუმროების მხრივაც), ბევრი რუსულად მოლაპარაკე თურქი და არათუქრია და, საერთოდაც, ძალიან კარგად ნაცნობი “სავოკური” სიტუაციაა.
- დოლმაბაჩეს მუზეუმის ბილეთის რიგში ოთხი დაქალი იდგა, მგონი – რუმინელები. ერთს LV-ის ჩანთა ეჭირა, მეორეს – CK-სა, მესამეს MK-ის და მეოთხეს კი – CD-ის… ეტყობოდათ, რომ წინა საღამოს სარფიანად ევაჭრათ აქსარაიში.
(ყურბან-ბაირამის დღეები იყო და გრანდ ბაზარი – დაკეტილი).
რისი ყიდვაც გრანდ ბაზარში ღირს, ალბათ, ტყავის ნაწარმია, რაც თურქეთში მართლა ძალიან იაფია, მაგრამ სჯობს, მეტროს სადგურ Zeytinburnu-ს მიაშუროთ, იქ ტყავის მწარმოებელთა და მაღაზიების ცვენაა. თუ ანტიკვარიატის და სხვადასხვა ეკზოტიკური რამე-რუმეების მოყვარული ხართ, გრანდ ბაზარში ასევე ნახავთ საკბილოს, მაგრამ მაშინ, სჯობს,ჩუკურჯუმაზე წახვიდეთ, რომელზეც წინა ნაწილში დავწერე.
გრანდ ბაზრის გარდა, შეგიძლიათ, ეწვიოთ სუვენირების, ხალიჩების, კერამიკის და ეგეთი რამეების ბაზარს სიფაჰი ჩარშის (Sipahi Çarşı), რომელსაც ლურჯი მეჩეთის მახლობლად დაუდვია ბინა.
მცოდნე ხალხისგან ვიცი, რომ სტამბოლურ ბაზრებში კარგი იუველირული ნაწარმის და სამკაულის შერჩევაც შეიძლება.
თაქსიმსა და ნიშანთაშიზე მაღაზიების ცვენაა, თან თაქსიმზე თუ ბრენდი და ფეიქი ერთმანეთშია არეული და ერთმანეთს ემეზობლებიან, ნიშანთანშიზე, მეტწილად, პრემიუმ-ბრენდების ბუტიკებია.
სავაჭრო ცენტრები (მოლები)
არმანიზე გამახსენდა – მოლ ისთინიე პარკში (Istinye Park) ჯორჯო არმანის კაფე მდებარეობს. ნამყოფი არ ვარ, ასე რომ ვერც იმას გეტყვით, რით განსხვავდება არმანის ყავა ნესკაფესგან.
სამაგიეროდ, ნამყოფი ვარ ევროპული სტამბოლის სხვა სამ სავაჭრო ცენტრში და გადარბენით კიდევ რამდენიმეში:
Sapphire და Metro City ლავანის უბანშია. პირველის მაღაზიებს უბრალოდ ავურბინე, რომ სტამბოლის ყველაზე მაღალი ცათამბჯენიდან ღამის ქალაქისთვის გადამევლო თვალი, მეორე კი საფუძვლიანად მაქვს შემოვლილი და ჩემი უსაყვარლესი სტამბოლური მოლია. მისი დიდი პლიუსი ისიცაა, რომ პირდაპირ მეტროს სადგურ Levent-იდან ამოდიხარ და მიგნება სულ იოლია და იაფი.
ლავანის მიდამოებში, შიშლის უბანშია Astoria, სადაც შერბენითაც არ ვარ ნამყოფი. ამ მოლს “სტამბოლელ ტყუპებსაც” უწოდებენ, ვინაიდან ასტორიის კომპლექსი გვერდიგვერდ მდგარი ტყუპი კოშკებისგან შედგება. როგორც მითხრეს, ყველაზე ძვირად ფართს სწორედ აქ აქირავებენ. თუმცა, ალბათ, არც Trump Towers Mall ჩამორჩება, რომლის დაგრეხილი ცათამბჯენები იმავე უბანშია.
საშოფინგოდ არ ვიცი და ლავანის Kanyon-ის ნახვა ნამდვილად ღირს – უმაგრესი შიდა არქიტექტურა, ინტერიერი, დიზაინი… ნაზეთ! ნახეთ! ნახეთ!
ლავანის უბნის სიახლოვეს ცად აზიდულა Akmerkez-ის ლურჯი ფერის სამი კოშკი. ლამაზი კომპლექსია. თვალს მოკრავ თუ არა, მეყსეულ ეფექტს ახდენს, მეტადრე – ღამით.
თავისი “საკუთარი” Şişli-ს მეტროს სადგური აქვს Cevahir-საც (ჯევაჰირ) ევროპის უდიდეს მოლს. შენობას გიგანტური ზომის ჭერში შეკიდული საათი ამშვენებს. მართლაც უზარმაზარი მოლია და ისე შეიძლება გაგექცეს დღე, რომ – თვალის დახამხამებაში.
ნიშანთაშის რაიონში ფეხით ბოდიალისას გადავაწყდი City’s. შევიჭყიტე ერთი თვალით და ერთი ფეხით და გამოვედი ისევ – მეტი დრო არ მქონდა. მეტრო – Osmanbey.
Forum-ზე უკვე ვწერდი. ბაირამფაშას (Bayrampaşa) უბანშია, საიდანაც ავტობუსები გადის თურქეთის სხვადასხვა მიმართულებით, აქაა სტამბოლის “თურქუაზუ” – აკვარიუმი, რომელიც ფორუმის კომპლექსის ნაწილია (დღესასწაულის დღეებშიც მუშაობს, ასე რომ, ორშაბათს, როცა მუზეუმების დიდი ნაწილი დაკეტილია, შეგიძლიათ, ეწვიოთ… შეგიძიათ კი არა – გირჩევთ, აუცილებლად ეწვიოთ). მეტროს სადგური – Kartaltepe/Kocatepe.
რომ შევაჯამოთ – საშოფინგოდ მეტროსითის გირჩევთ, მაგრამ საფირი და ჯევაჰირიც სანახავია – ერთი ქალაქის ყველაზე მაღალი ცათამბჯენია, მეორე კი ევროპის უდიდესი მოლი. კანიონი კი, ზემოთაც ვთქვი, არაჩვეულებრივი არქიტექტორული ანსამბლით გამოირჩევა თან, მეტროსითის მეზობლადაა.
აზიურ მხარეს დაიდო ბინა Viaport-მა. ეს სავაჭრო ცენტრი საბიჰა გიოქჩენის აეროპორტთანაა ახლოს და თუ პეგასუსით მოფრინავთ, კარგი საშოფინგო ადგილია. ბოსტანჩის (Bostanci) ნავსაყუდლიდან ვიაპორტის მიმართულებით უფასო ავტობუსებია. ბოსტანჩიში კი IDObus-ის კატერით სულ იოლად მოხვდებით. იშოფინგებთ ვიაპორტში და ხელდამშვენებულები მიაშურებთ (ტაქსით) საბიჰა გიოქჩენის აეროპორტს.
ფასებს რაც შეეხება, ყოველთვის მშურდა ადამიანების, თავში რომ კალკულატორი აქვთ და რა, სად, როდის და რა ფასად შეიძინეს – ყველაფერი ახსოვთ. მათ რიგს არ მივეკუთვნები, მაგრამ ერთი ნამდვილად ვიცი – დასავლური ბრენდები მხოლოდ მაშინაა შედარებით იაფი, თუ თურქეთშია შეკერილი, ყველა დანარჩენი, როგორც ბენდერი იტყოდა – “კაკ ვ ლუჩშიხ დომახ ამერიკი ი ევროპი”. მაგალითისთვის “ლაკოსტის” პოლო, რომლის ფასიც მშვენივრად მახსოვს
თურქული პრეტაპორტე
სიაფანდ LV, CK-სა და CD-ს ნამდვილად სჯობს, თუ თურქულ ბრენდებს დააკვირდებით, მითუფრო, რომ თურქეთში ტექსტილისა და ტყავეულის წარმოების დიდი გამოცდილება მოქუჩდა. მსოფლიოს ძალიან ბევრი პრემიუმ ბრენდის პროდუქცია იკერება თურქეთში და საკუთრივ თურქული ბრენდების ექსპანსია ევროპის ბაზარზე თვალშისაცემია. თუნდაც, ის რად ღირს, რომ ჩვენთვისაც კარგად ნაცნობი Koton-ის 2012 წლის სახე “თვით” ალესანდრა ამბროზიო ❤ გახდა. სხვა ჩვენს ნაცნობებზე, როგორიცაა Colin’s, Mavi, LTB, Xint, LC Waikiki… არ შევჩერდები (თუმცა, თუ თბილისი მოლმა ტემპი არ დააგდო, მალე უცნობებიც კარგად ნაცნობები გახდებიან.
დავიწყებ Sen Deri-თი. ტყავეულის ცნობილი მწარმოებელია. ხარისხი – უმაღლესი, ფასებიც – შესაბამისი.
VAKKO, Damat, Bisse და Beymen – პრემიუმ-კლასის თურქული ბრენდებია, რომელიც ორიენტირებულია მამაკაცის ტანსაცმლისა და აქსესუარების წარმოებაზე. პირველი სამი, მეტწილად, კლასიკურ სტილს აწვება და მეოთხეს კარგი სპორტული კოლექციებიც აქვს. მოკლედ, Brooks Brothers-ის, CK, Tommy Hilfiger-ის და ა.შ. თურქული ანალოგებია. ხარისხი და ფასებიც – შესაბამისი. ამათგან ყველაზე მაღლა თამასა, ალბათ, მაინც VAKKO-ს უჭირავს. 30-იანებშია დაფუძნებული და, მგონი, უძველესი… ან ერთ-ერთი უძველესი თურქული ტანსაცმლის ბრენდია. სხვადასხვა დროს მისთვის კოლექციები რამდენიმე მსოფლიო სახელის დიზაინერს შეუქმნია.
- VAKKO ქალის ტანსაცმელსაც აწარმოებს. ეგ კი არა – თავისი ლოგოთი დამშვენებული შოკოლადიც აქვს.
თუ რამეს შეიძენთ – გაგიმასპინძლდებიან.
არ მახსოვს, არის თუ არა თბილისში Ramsey? მგონი, არ არის და მალე იქნება. ესეც ძვირი ბრენდია და სადღაც ზედა-საშუალო სეგმენტში პოზიციონირებს. ინგლისურ საფეხბურთო კლუბ Liverpool-ის წევრებს უკერავს კოსტიუმებს (სწორედ იმას, დინამომ რომ კუდით ქვა ასროლინა ერთ დროს). ბრენდის მფლობელია Gurmen Group, რომელიც სხვა ევროპული ტანსაცმლის კომპანიის შეკვეთებსაც ასრულებს. Ramsey ინგლისში დაფუძნდა, მაგრამ დღეს 100% თურქულია.
Sarar – მამაკაცისა და ქალის ტანსაცმლისა და აქსესუარების მწარმოებელია. ხარისხი – მაღალია, ფასები – უფრო საშუალოსკენ. მე ბაირამულ სეილებზე მოვხვდი. 50%-მდე იყო ბევრი რამ გასეილებული.
Crispino – მამაკაცის ბრენდი, რომელსაც გაჭენებული ცხენი აქვს ლოგოდ და ფასებიც გაჭენებულია.
NetWork – ესეც Crispino-ს მსგავსია, მაგრამ იოლად მისაგნებია – ყველა სავაჭრო ცენტრში აქვს მაღაზია. კარგი ხარისხი და საშუალო ფასები. იაფი ნამდვილად არაა, მაგრამ რამის შერჩევა შეიძლება. ქალის და მამაკაცის კოლექციები აქვთ.
Kigili – მამაკაცის ბრენდია თავისი ისტორიით – ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომამდე დაარსდა. ძალიან პოპულარულია, რამდენადაც ფასები აქვს ზომიერი. იაფისკენ გადახრილიც კი (ოღონდ – არა ძალიან იაფი) და ხარისხიც კარგია. თუ VAKKO “ძმები ბრუქსებია”, Кigili-ს Jos. A. Bank-ს შევადარებდი. რეკომენდაციას ვუწევ, ყურადღება მიაქციოთ.
DeFacto – ქეჟუალ (საყოველდღეო), სპორტულ და ახალგაზრდულ ტანსაცმელს აწარმოებს. დიდი შთაბეჭდილება ჩემზე ვერ მოახდინა, მაგრამ ვიქთორია ბექჰემს მოსწონსო, ამბობენ.
YKL – მაღაზიების ქსელია. ყველა სავაჭრო ცენტრშია. იაფი პროდუქციაა თავზე საყრელი, მაგრამ ძირითადად – ნაგავია. იმჰო.
Cabani – ფეხსაცმლის მწარმოებელია. მათი მაღაზია ბეაზითის მოედანზე იყო და ყოველ დილით ავუვლიდი და ყოველ ღამე ჩავუვლიდი ხოლმე. შიგნითაც შევიხედე. ცუდი არაა. მაღალი ხარისხის ტყავით კერავენ, რბილია. მიახლოებით Kenneth Cole-ის ნახევარი ფასებია, მომეჩვენა, რომ ხარისხთან შედარებით ძვირს ვერ ვიტყვით. ოღონდ ეგაა – ზედმეტად აჟურული იყო.
___
1. სტამბოლი და სტამბოლს მიღმა: ნაწილი 1
2. ტრამვაის ფანჯრიდან დანახული სტამბოლი: ნაწილი 2
3. ფოტოობიექტივში დანახული სტამბოლი: ნაწილი 3