ტრამვაი კონკა

დეკემბრის ბოლოს 108 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც თბილისში ელექტროტრამვაი ამოძრავდა. ახლა ეს მოძრაობა შეჩერებულია აგერ უკვე 2006 წლიდან და თბილისის ტრამვაის უკანასკნელი არტეფაქტი, ე.წ. კონკა ღია ცის ქვეშ, სამშენებლო პოლიგონზე, თითქმის უპატრონოდ დგას.

ეს ფოტო 2010 წლის 25 დეკემბერს გადავიღე ყოფილი ავჭალის დეპოს ტერიტორიაზე.  ტრამვაის ვაგონი ახლაც ამ ადგილზე დგას და თვითმხილველების გადმოცემით დღითი-დღე იძარცვება.

ფოტოზე ასახულია ვაგონის ერთი ადგილიდან მეორეზე გადათრევის პროცესი. ტრამვაის გვერდით მოათავსეს რამდენიმე ტროლეიბუსიც და სივრცე შემოვლითი რკინიგზის მშენებლობისთვის საჭირო ბეტონის ქარხნისთვის გამოათავისუფლეს.

ტრამვაის ვაგონი “კონკა” წარმოადგენს ძველი საბჭოური ტრამვაის КТМ-2-ის მოდიფიკაციას. თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ ის არის უფრო ადრეული, დამოუკიდებელი საქართველოს დროინდელი, ღია ტიპის ბელგიური ვაგონის გასაბჭოებული ვერსია.

ღია ტიპის ვაგონი ხაზზე ძირითადად საზეიმო დღეებში გამოდიოდა. მისი სალონი მოპირკეთებულია ხის მასალით. მისი ერთი მხარე თბილისურ ღია აივანს წააგავს, მეორე კი ასევე თბილისურ შემინულ და მოჩუქურთმებულ აივანს.

სავარაუდოდ ამ ვაგონის წინამორბედი.

“კონკა” არ გამოირჩეოდა კომფორტით, მაგრამ მისი გამოჩენა ყოველთვის იქცევდა ყურადღებას. ევროპის ძველ ქალქებში, მსგავსი ღია თუ ძველი ტრამვაის ვაგონი ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ ღირშესანიშნაობას წარმოადგენს და ასეთი ტრამვაით გასეირნება უფრო ძვირიც კი ღირს ვიდრე ჩვეულებრივი ტრამვაით.

თბილისის ტრამვაის ისტორიას აღსანიშნავად ე.წ. კოლმეურნეობის მოედანზე სპეციალურად შექმნილი ვაგონი დგას. ასევე სპეციალურად დამზადებული ტრამვაის ვაგონი შევამჩნიე რამდენიმე ადგილას. მაშინ როდესაც დღემდე შემორჩენილი ავთენტური ტრამვაის ვაგონი “კონკა” ავჭალის დეპოს ტერიტორიაზე, სამშენებლო მასალების პოლიგონზე, უყურადღებობით ნადგურდება.

Related posts

როგორ გავიაროთ უფასო რეგისტრაცია Check-in Wizz Air-ზე

ულიმიტო მოგზაურობა გერმანიაში 49 ევროდ

როგორ მივიღო კომპენსაცია ავიაკომპანიებისგან 2024 წელს