ფლიქსბასი – FlixBus

ფლიქსბასი – FlixBus გვიან გავიცანი, მხოლოდ 2017 წლის აგვისტოში ვიმგზავრე მილანიდან ვენეციაში და საკმაოდ კმაყოფილი დავრჩი, როგორც ფასით ასევე კომფორტით. თვენახევრით ადრე შეძენილ ბილეთში 13,90 ევრო გადავიხადე, თუ კარგად ჩაუსაფრთებით 5 ევროიანი ბილეთებიც შეიძლება იპოვოთ.

ფლიქსბასამდე ცენტრალურ ევროპაში სხვა დაბალბიუჯეტიანი ავტობუსებით ვსარგებლობდი, ისეთი როგორიც არის “სტუდენტეჯენსი” (ახლანდელი “რეგიოჯეტი”), “პოლსკიბასი” და “ლეოექსპრესი”. ეს უკანასკნელი ფლიქსბასისგან იმით განსხვავდება, რომ ბილეთის შეძენის დროს ადგილის არჩევის საშუალებას იძლევა.

მოკლედ, ჩემი პირველი ნაცნობობა ფლიქსბასთან მილანის Lampugnano-ოს ავტოსადგურში შედგა საიდანაც ეს კომპანია უამრავ ადგილობრივ თუ საერთაშორისო რეისს ასრულებს.

ზედა ფოტოებზე აღბეჭდილია მილანი-რომის ორსართულიანი ავტობუსი, ჩემი ავტობუსის გადაღება ვერ მოვასწარი, კარგი ადგილების დაკავებაზე ვზრუნავდი 🙂 ორსართულიან ავტობუსს ერთი მცირე ნაკლი აქვს, ზედა სართული დაბალჭერიანია და სალონში სივრცეც ნაკლებია. აი ერთსართულიანი ავტობუსი კი, როგორიც იყო ჩემი, მილანი-ვენეციის ავტობუსი, უფრო კომფორტულია მეტი სივრცის გამო.

ავტობუსის ფანჯრიდან 🙂

ჩემთვის კომფორტის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი სავარძლებს შორის მანძილია, რასაც ფლიქსბასს ნამდვილად ვერ დავუწუნებ.

აღსანიშნავია, რომ ავტობუსში არის 30 წუთიანი უფასო ინტერნეტი და 220 ვოლტიანი შტეფსელები ლეპტოპებისა და მობილურების დასატენად.

მილანიდან ვენეციაში 3:30 საათიანი მგზავრობამ უსაფრთხოდ და მშვიდად ჩაიარა თუ არ ჩავთვლით ერთ მკვეთრ დამუხრუჭებას ფასიანი გზის შლაგბაუმთან, რომელიც ავტომატურად არ გაიხსნა.

და ბოლოს, ავტობუსი დანიშნულების ადგილზე, ვენეციაში, მესტრეს რკინიგზის სადგურთან ზუსტად გრაფიკის მიხედვით ჩავიდა, სადაც მას უკვე ელოდნენ ზაგრების მიმართულებით მიმავალი მგზავრები.

 

2 ევროდ კრაკოვიდან ბუდაპეშტამდე

მეორედ ფლიქსბასით კრაკოვიდან ბუდაპეშტში ვიმგზავრე და ბილეთში მხოლოდ 2 ევრო გადავიხადე. ასეთი სიიაფის მიზეზი ჩემს გამგზავრებამდე 2 თვით ადრე მიმდინარე “პრომოაქცია” იყო.

Mercedes‑Benz – საკმაოდ კომფორტული ავტობუსია და ერთადერთ დისკომფორტს მხოლოდ მგზავრობის ხანგრძლივობა – 7 საათი წარმოადგენს. გზის დიდი მონაკვეთი შუაგულ სლოვაკეთზე გადის და თუ არ ჩავთვლით მოულოდნელად გზაზე ირმების გადმოხტომას, სხვა მხრივ საინტერესო ბევრი არაფერია.

უკან გზაზე, ბუდაპეშტიდან კრაკოვამდე სტანდარტული ფასით ვიმგზავრე რაც 30 პროცენტიანი ფასდაკლების დროს 7 ევრო დამიჯდა. როგორც ცნობილია “ფლიქსბასმა” ახლახანს შეიძინა და შეიერთა “პოლსკიბასი”. ბუდაპეშტიდან სწორედ ყოფილი პოლსკიბასის ორსართულიანი ავტობუსით ვიმგზავრე და კომფორტიც მოიკოჭლებდა ცუდი ამორტიზაციის გამო და ვაიფაიც მხოლოდ პოლონეტის ტერიტორიაზე მუშაობდა. მიუხედავად ამისა ფასთან შედარებით საწუწუნო არაფერია 🙂

მოკლედ, ფლიქსბასის ქსელი მთელს ევროპას მოედო და საუკეთესო საშუალებად იქცა ბიუჯეტური მოგზაურობის მოყვარულთათვის.

Related posts

ხუთვარსკვლავიანი აპარტამენტი პრაღაში

ვარშავა ტურისტული – რა ვნახოთ პოლონეთის დედაქალაქში

სასარგებლო ბმულები მოგზაურობისთვის