ქუთაისიდან Wizz Air-ის რეისები მცირდება, რადგან საჭირო გახდა ახალი Airbus A321neo-ის თვითმფრინავების ძრავების ტექნიკური ინსპექტირება.
ქუთაისიდან Wizz Air-ის რეისების სრულად შეჩერება ქუთაისსა და პოლონეთის ქალაქ გდანსკს შორის ფრენებს შეეხება. ხოლო იტალიის მიმართულებით, ქუთაისი-რომის რეისზე, თვითმფრინავი დაჯდება ჩამპინოს აეროპორტში, ფიუმიჩინოს საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად. ეს გადაწყვეტილება მანამდეც იყო ცნობილი და მარტის ბოლოდან შედის ძალაში.
Wizz Air-ის რეისების შეჩერებისა და შეცვლის გადაწყვეტილება შეეხება სხვა ქვეყნებსაც, მათ შორის – სერბეთს, იტალიას, საბერძნეთს, საფრანგეთს, გერმანიას, ავსტრიას, ლიეტუვას, ლატვიასა და სხვა.
ქუთაისიდან Wizz Air-ის რეისების გრაფიკში შეტანილი ცვლილებების მიზეზად დასახელებულია Airbus A321neo-ის ძრავების მომსახურებასთან დაკავშირებული გამოწვევები. Airbus-ების შემოწმების პროცესი შარშან დაიწყო, Pratt & Whitney-ის PW1100G ძრავებში აღმოჩენილი ხარვეზის გამო, რაც ექსპლუატაციის ვადებს ამცირებს.
შემოწმების პროცესი Wizz Air-ისთვის დამატებითი საზრუნავი გახდა, რადგან თვითმფრინავების გაჩერებას მოითხოვს. მსგავს პრობლემებს წააწყდნენ სხვა ავიაკომპანიებიც.
LowcostAvia-ს ცნობით, არ არის გამორიცხული, რომ პირველი კვარტლის ბოლოს Wizz Air-ს, სულ ცოტა, 45 თვითმფრინავის გაჩერება მოუწიოს, რაც მისი ავიაპარკის 1/5-ს შეადგენს.
ქუთაისიდან Wizz Air-ის რეისები და სტატისტიკა
2023 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საავიაციო ბაზარზე Wizz Air საქართველოში ლიდერობს. ავიაკომპანია ბაზრის 21%-იან წილს ფლობს და 1 270 737 მგზავრი ყავს გადაყვანილი.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ შეჯამებული მონაცემების მიხედვით, 2023 წელს, საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით 6 013 995 მგზავრს მოემსახურა, რაც მგზავრთნაკადის რეკორდული მაჩვენებელია ქვეყნისთვის. 2023 წელს მიღებული მგზავრების რაოდენობა 35%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე და 15%-ით აღემატება 2019 წელს დაფიქსირებული მგზავრთნაკადის მაჩვენებელს.
წყარო: radiotavisupleba.ge
სასარგებლო ბმულები და რეკომენდაციები:
- დაგვიანებული, გადადებული ან გაუქმებული ავიარეისების კომპენსაცია
- იაფი ავიაბილეთების დაჯავშნის ხერხები და რეკომენდაციები
- მუზეუმების ბილეთების საიტი: Tiqets
- 10 ევროს ფასდაკლება მატარებლებისა და ავტობუსების ბილეთებზე: Omio
- მოგზაურობის შესახებ დეტალური ინფორმაცია: მოგზაურთა ჯგუფი