სანამ ”საშოპინგოდ” თურქეთში წახვალთ, გირჩევთ ქუთაისში შეიარეთ და ქუთაისის ფაბრიკა ”იმერის” მაღაზია დაათვალიერეთ.
ფაბრიკის მაღაზია თანამედროვე დიზაინით და კომფორტით არა, მაგრამ პროდუქციის ხარისხითა და სიიაფით ნამდვილად გამოირჩევა.
2012 წლის ზაფხულში USAID-ის “ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის” ორგანიზებით ქუთაისის სამკერვალო ფაბრიკას ”იმერს” 20-მდე ჟურნალისტთან ერთდ ვესტუმრე. კოლეგებს ისე მოეწონათ ქუთაისური პროდუქცია, რომ ზამთრის ტანისამოსიც კი მოიზომეს და შეიძინეს.
ზამთრის ტანისამოსით გოგონებიც დაინტერესდნენ.
ბიჭები კიდევ გოგონების ტანსაცმლით…
ამ მაღაზიაში პროდუქცია ე.წ. ფაბრიკის ფასად იყიდება. ტანსაცმლის დიზაინი თანამედროვეა, ზოგიერთი კი ავთო ცქვიტინიძის ნამუშევარია. სწორედ ამ ფაბრიკასთან თანამშრომლობით დაიწყო დიზაინერ ავთანდილის კარიერა.
ქალის ზუსტად ასეთი პიჯაკი სტამბოლის სიიაფით ცნობილ მაღაზიებში, იქ სადაც ხშირად დადიან საქართველოს ვაჭრების უმრავლესობა, თითქმის სამჯერ ძვირი ღირდა.
სააქციო საზოგადოება ”იმერმა”, რომელიც გასული საუკუნის 20-იან წლებში აშენდა, საბჭოთა კავშირის ნგრევისა და საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი ათწლეულის რთულ პერიოდს დიდი ძალისხმევის შედეგად გაუძლო.
”იმერმა”, ძველი საწარმოო რესურსების მეშვეობით, ინვესტიციების გარეშე შეძლო უცხოური კომპანიის ყურადღების დამსახურება ჯერ კიდევ 1995 წელს. ეს ის პერიოდია, როდესაც სამკერვალო საწარმოებმა ევროპიდან აზიისკენ გადასვლა იწყეს. ფაბრიკის ხელმძღვანელი მაია სიმონიძე იხსენებს, თუ რა რთულად დაიწყო გერმანელ პარტნიორებთან თანამშრომლობა:
”მაშინ გერმანელი ქალიც მოგვივლინეს ტექნოლოგად. დიდი უსიამოვნებები გვქონდა ამ ქალთან, მაგრამ დღეს ვხვდები, რომ იმ ქალმა მუშაობა გვასწავლა, მაგრამ ჩვენ არ მოგვწონდა. ის რომ ითხოვდა, გაგიჟებული ვიყავით, გვეჩხუბებოდა, კიოდა, მუშებსაც ეჩხუბებოდა… ჩვენ, ქართველებს, მაგის სასწავლებელი რა გვჭირს – ინსტიტუტი გვაქვს დამთავრებული, ასპირანტურა გვაქვს დამთავრებული, ხარისხები გვაქვს დაცული, ამ ქალმა რა უნდა გვასწავლოს…
– თურმე ამ ქალს ინსტიტუტიც არ ჰქონია დამთავრებული… -ჰოდა, ამის სასწავლებელი რა გვაქვს!.. მაგრამ… რაღაც ტვინში შეიცვალა -მუშაშიც, ინჟინერშიც, ტექნოლოგშიც, ჩემშიც, ყველაში რაღაცნაირად გარდატეხა მოხდა და ორ წელიწადში შევძელით ის, რომ პროდუქციას ვუშვებდით ნორმალურს.”
ახლა ფაბრიკას, რომელსაც მაია სიმონიძე ხელმძღვანელობს, ძირითადი უცხოური დამკვეთის გარდა, ადგილობრივებიც აკითხავენ. შედეგად, ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი ტანისამოსის გამოშვება ზრდის ტენდენციით ხასიათდება. 2012 წელს 400 ათასი ლარის პროდუქციის გამოშვებას გეგმავდნენ, მაშინ როდესაც 2011 წელს ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი პროდუქციის ღირებულება 300 ათასს არ აღემატებოდა.
ფაბრიკის პერსონალის საშუალო ხელფასი 350 ლარს შეადგენს. დაახლოებით ამდენივეა ქუთაისში ბანკების ოპერატორთა ხელფასებიც.