შატილი 2004

ძველ ამბავს უნდა მოვყვე შატილში მივლინების შესახებ. ჩემს არქივში მხოლოდ ფირიდან დასკანერებულ ფოტოებს მივაგენი, მცირე ზომის და უხარისხოა, მაგრამ მაინც…

პოსტის დაწერა კი ერთი რუსი ბლოგერის macos-ის მონათხრობმა გადამაწყვეტინა, რომელმაც ახლახანს იმოგზაურა საქართველოში.

2004 წლის ზაფხულში სამსახურიდან შატილში მიმავლინეს. ხევსურეთში მოგზაურობა კეთილი ნაცნობების დახმარებით შესდგა და თბილისში რესპუბლიკის მოედანზე (ვარდების მოედანი) შეხვედრით დაიწყო. წინასწარ შეთანხმებით შეძენილი საგზალი “ნივაში” მოვათავსეთ, ბენზინი მოვიმარაგეთ და წავედით. გზა საკმაოდ რთული იყო, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მე უკანა სკამის ნაცვლად ტვირთზე ვიჯექი, თუ ვიწექი. 2600 მეტრის სიმაღლეს რომ მივაღწიეთ დავილოცეთ და პირიქითა საქართველოს დაღმართებს გავუყევით.

გზად ცხვრის ფარას გადავეყარეთ და მეცხვარეს, რომელიც ბუნებას “არაბუნებრივად” გაეფერადებინა.

მეცხვარემ ეს შვილივით საყვარელი ცხვარი ძლივს გაიმეტა გასაყიდად, ნივაში ფეხებში ჩამისვა. ისეთი თვინიერი და ფუმფულა იყო, რომ დასაკლავად შემებრალა კიდეც 🙁

დილით გასული, საღამოს შატილს მივადექით.

ჩემი მეგზურების მეგობრის სასტუმრო სახლში დავბინავდით, სუფრა გავშალეთ და მეზობლები დავპატიჟეთ. ამ სუფრაზე აღმოვაჩინე შატილიდან პირველი რადიორეპორტაჟის თემა და გმირები.

მეორე დღით დაიწყო შატილის ვიწრო ქუჩებში ხეტიალი და კოშკების გაცნობა.

უამრავი ისტორია მოვისმინე ამ მრავალსაუკუნოვანი კოშკებისა და მისი ბინადრების შესახებ. ამჟამად ბევრი მათგანი ცარიელია, მაგრამ ხელუხლებელი. შატილში კერძო საკუთრებას ოდითგანვე პატივს სცემენ. ეს კულტურა უამრავი მტრის შემოსევისგან მუდმივად თავდაცვის პროცესმა ჩამოაყალიბა.

აქ არა თუ უცხო ტომის წარმომადგენელს არ შეუძლია დასახლება, არამედ საკუთრების შეძენაც შეუძლებელია. შატილში მხოლოდ ჭინჭარაულები ცხოვრობენ.

კოშკის მთავარი შესასვლელი ასე გამოიყურება, კარგა გვარიანად თავდახრის გარეშე შესვლა ძნელია. შიგნით შემონახულია ძველი საყოფაცხოვრებო ნივთები.

ზედა სართული საოჯახო მაგიდით და კედლებში სათოიფურებით.

კოშკს გააჩნია სარდაფის ტიპის სართული, რომელიც საცხოვრებელი ნაწილისგან მოწყვეტილია და იქ მხოლოდ გარედან მოხვდებით.

ეს სათავსო განკუთვნილი იყო ქალებისთვის, კრიტიკული დღეების გასატარებლად, განსაწმენდად, როგორც აქაურები ამბობენ.

ამასობაში ჩვენი შვილივით ნაფერები ცხვარი დაუკლავთ და გაუტყავებიათ. ბოლო მომენტს შევესწარი, როდესაც ჩვენმა მასპინძელმა, ახალგაზრდა კაცმა, დავით ჭინჭარაულმა ცხვარს ერთი ნაწილი ჩამოაჭრა და უმად ჩაყლაპა. ეს და სხვა ამბები, რომლებიც დათოს ცხოვრებას ახასიათებს, აღწერილია ჩემს კიდევ ერთ რეპორტაჟში.

შატილში ყველა საერთო საკითხი ამ ნაგებობაში, “საფიხვნოში” წყდებოდა.

ცალკე აღსანიშნავია ლუდის ხარშვის ტრადიცია, რომელიც წმინდა რიტუალს წარმოადგენს აქაურთათვის.

ლუდსახარში ჩაკეტილია და იქ წელიწადში ერთხელ შედიან მხოლოდ იმ ოჯახის წარმომადგენლები, რომელებსაც ლუდის მომზადების რიგმა მოუწია. ლუდსახარშთან მიახლოება ეკრძალებათ ქალებს.

შატილის მახლობლად არის კიდევ უფრო ძველი და ამჟამად მთლიანად დაცარიელებული მუცო. იქ ასვლა ვერ მოვახერხეთ, რადგან მდინარის გადასასვლელთან საბურავი დაზიანდა, გზის გაგრძელება შეუძლებელი იყო. კლდის წვერზე მუცოს ყველაზე მაღალი კოშკი მოსჩანს.

გზად გადაღებული ფოტოები.

ულამაზესია ხევსურეთი.

Related posts

უფლისციხე

რამდენიმე კადრი ანანურიდან

სოფლის ცხოვრება პოლონურად – ნაწილი 2