შატო მუხრანი

ამჯერადაც, ღვინის ტურიზმის პოტენციალის გასაცნობად USAID-ის “ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის” ორგანიზებით “შატო მუხრანს” 20-მდე ჟურნალისტთან ერთდ ვესტუმრე.

მუხრანში პირველად საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების წინა პერიოდში, არჩევნების დროს ვიმყოფებოდი. იქაურობა ბევრ სხვა უარყოფითთან ერთად ამღვრეული, ძმრის მსგავსი ღვინით დამამახსოვრდა. მაშინ ვერავინ დამარწმუნებდა, რომ ქართული ცქრიალა ღვინის (შამპანურის) სამშობლოში ვიმყოფებოდი. ადგილობრივებს არც ივანე მუხრანბატონი უხსენებიათ და არც მისი სასახლე.

არადა საუკუნეზე ცოტა მეტი ხნით ადრე ამ ფანტანიდან ცქრიალა ღვინო გადმოდიოდა. ახლა მის მესაკუთრეებს, რომელთა შორის არის ცნობილი ბიზნესმენი, “თი-ბი-სი ჯგუფის” პრეზიდენტი მამუკა ხაზარაძე, გადაწყვეტილი აქვთ შატოს გახსნის დღეს ფანტანში თეთრი ღვინო ჩქეფდეს.

ჯერჯერობით აქ მუხრანბატონის სასახლის სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს. ივანე მუხრანბატონს (ბაგრატიონს) სასახლის მშენებლობა 1870 წელს დაუსრულებია. მუხრანბატონის ისტორიით თავს არ შეგაწყენთ, მოკლედ ვიტყვი, რომ საკმაოდ განათლებული, პროგრესული და საქმიანი კაცი ყოფილა. იმ საქმისთვის მოუკიდია ხელი რასაც ქართველი დიდგვაროვნები სამარცხვინოდ მიიჩნევდნენ, საკუთარი ღვინით ვაჭრობა დაუწყია.

ასე გამოიყურებოდა მისი სასახლე მეცხრამეტე საუკუნის 70-80-იან წლებში. სასახლის ირგვლივ ათობით ჰექტარზე სხვადასხვა ჯიშის ვენახი იყო გაშენებული. ღვინის დამზადებას ფრანგი სპეციალისტები ხელმძღვანელობდნენ. შედეგად მუხრანის ღვინოს რუსეთის ჯილდოებთან ერთად საფრანგეთის მაღალი აღიარებაც მიუღია.

შატოს წარმომადგენლები ერთ ამბავს მოგვიყვნენ, არავინ იცის რამდენად მართალია, მაგრამ მაინც… პარიზის ბაზარზე დასამკვიდრებლად ივანე მუხრანბატონს ერთი მარკეტინგული ხრიკისთვის მიუმართავს. კერძოდ, მის მიერ დაქირავებული სტუდენტები პარიზის რესტორნებში შედიოდნენ და მოითხოვდნენ მუხრანის ღვინოს. მომსახურე პერსონალისგან უარის მიღების შემთხვევაში დემონსტრაციულად ტოვებდნენ რესტორანს. როგორც ჩანს ეს იყო საკმარისი მიზეზი პარიზული რესტორნების მფლობელებისა და სომელიებისთვის, რომ მუხრანის ღვინოს გასცნობოდნენ და რესტორნებში შეეტანათ.

“შატო მუხრანის” ღვინო ახლაც უმაღლესი ხარისხისაა, მე პირადად ძალიან მომეწონა ნახევრადმშრალი “კაბერნე სოვინიონი”. სხვა ღვინოებიც არანაკლებ ხარისხიანი და გემრიელი აღმოჩნდა. თუმცა ნამდვილ სიურპრიზად იქცა “მუსკატის” დაგემოვნება.

მუსკატის დამზადების ტექნოლოგია აღწერილია ფილმში, რომელიც ამ პოსტის ბოლო ნაწილში ჩავსვი.

“შატო მუხრანის” ღვინო აქვე მოწყობილ ქარხანაში მზადდება. სწორედ ვენახებისა და ქარხნის სიახლოვეს მიიჩნევენ ღვინის ხარისხის განმაპირობებელ ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად. არის კიდევ ერთი ასევე მთავარი ფაქტორი – ღვინის წარმოების სპეციალისტი ლადო უზუნაშვილი. მისი მონდომებით დამზადებული ღვინო ამ მუხის კასრებში ინახება.

მუხრანის სასახლის სარდაფი და ქარხანაში მიმავალი გვირაბი საცავებით მილიონ ბოთლ ღვინოს იტევს.

საბჭოთა-კომუნისტურ ხელისუფლებას ეს სარდაფი ჩაუნგრევია და მიწით ამოუვსია. ახლა მისი აღდგება ძველი მაშტაბითა და იმავე აგურით განხორციელდა რაც ნანგრევებში აღმოაჩინეს.

საბჭოთა-კომუნისტურმა რეჟიმმა “სოციალური სამართლიანობა” სხვაგვარადაც აღადგინა. მუხრანბატონის სასახლეში ილია ჭავჭავაძის მკვლელი გიგლა ბერბიჭაშვილი შეასახლა. ბერბიჭაშვილის თარეშის შემდეგ სასახლე სხვადასხვა უწყების ხელში გადადიოდა და ბოლოს სასოფლო ინსტიტუტის ლაბორატორიას წარმოადგენდა. სამოქალაქო ომის დროს კი აქ თენგიზ კიტოვანის შტაბი დაბანაკდა და კიტოვანმა აქაურობა მისთვის ჩვეულ სტილში მოხატა.

კიტოვანის შემდეგ სასახლეს ადგილობრივებმაც შეუტიეს და სასახლის ნივთები დაიტაცეს. რესტავრატორები მათ ნარჩენებს მთელს სოფელში ეძებენ და ნაპოვნის გამოსყიდვას ცდილობენ. კიტოვანამდე არც ბოლშევიკებმა და მათმა მემკვიდრე კომუნისტებმა დააკლეს მუხრანის მამულის და ირგვლივ ისეთი კორპუსები ჩადგეს, რომ მათი გამოსყივა კიდევ ერთი შატოს ფასს უდრის.

სასახლიდან ამ კორპუსებს ღვინის ქარხნის დამრეცი და გაზონით დაფარული სახურავი ფარავს.

ამ ფოტოზეც მოსჩანს, რომ შატოს ტერიტორია რეკონსტრუქციის პროცესშია, ისევე როგორც თავად სასახლე.

სასახლეში იქნება მაღალი კლასის სასტუმრო ნომრები, მათ შორის საპრეზიდენტო აპარტამენტებიც, რომლებიც მოწყობილი იქნება ძველი, ანტიკვარული ავეჯით. სასახლეში იქნება ლიფტიც.

ჩვენში, ისტორიულ ძეგლებში ლიფტის მოწყობა ლამის დანაშაულს გაუტოლონ. შატოს ადმინისტრაცია თავს იმართლებს, მუხრანბატონი პროგრესის მოყვარული იყო და ჩვენს დროში რომ ეცოცხლა სასახლეში ლიფტი აუცილებლად ექნებოდაო. 🙂

სასახლის ფანჯრებიდან მოსჩანს უკვე აღდგენილი საჯინიბო, სადაც სუფთა სისხლის ცხენებს სათანადოდ უვლიან. აქ ჩასულ ტურისტს ცხენით გასეირნების საშუალებაც ეძლევა.

ადგილობრივი ბავშვები აქტიურ მონაწილეობას იღებენ ცხენების აუცილებელ და სავალდებულო გასეირნებაში.

ცხენებით ჯირითის გარდა, შატოს სტუმრებს ღვინის დეგუსტაციას და ჩურჩხელების ამოვლების პროცესში მონაწილეობასაც სთავაზობენ.

ჩურჩხელების ამოვლება.

ამ ტურისტულ აქტივობაში თონეში პურისცხობაც შედის.

შატო მუხრანი თავის სერვის სთავაზობს ულამაზესი ქორწილისა თუ წვეულებების მოწყობის მსურველებსაც.

შატოს ოფიციალური გახსნას შემოდგომაზე, რთველის დროს, აპირებენ.

ვიდეო შატო მუხრანის ისტორიისა და თანამედროვეობის შესახებ.

რუკა:

Related posts

უფლისციხე

რამდენიმე კადრი ანანურიდან

სოფლის ცხოვრება პოლონურად – ნაწილი 2