ჭამა-სმა და გართობა ვროცლავში

ვროცლავი პოლონეთის ერთ-ერთი ულამაზესი  და ბოლო პერიოდში საოცრად მზარდი და განვითარებადი ქალაქი რომ არის, არახალია.

მას შემდეგ, რაც ავიაკომპანია Wizz Air-მა ვროცლავის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დანიშნა, ქართველი ტურისტების ნაკლებობასაც არ უჩივის.

ჰოდა, ვიფიქრე პატარა გზამკვლევს გავაკეთებ, სად შეიძლება გემრიელად ჭამა-სმა და გართობა.

 

რა და სად შევუკვეთოთ

ვროცლავში  ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი Hilton-ის ეზოში მდებარე რესტორანია – Drevny Kocur

აქ თამამად შეგიძლიათ შეუკვეთოთ Koleno (ჩვენებურად კანჭი) ან Żeberka (ჩვენებურად ნეკნები). ეს არის უზარმაზარი პორციები, მოხარშული ლუდში, კომბოსტოს გარნირით, და ჩეხური ტრადიციული მოხარშული პურით (Knedliki). ჰო, თითო პორცია სადღაც 35 ზლოტამდე ღირს (ეროვნული ბანკის დღევანდელი ოფიციალური გაცვლითი კურსით 1 ზლოტი=0.76 ლარი), მაგრამ მენდეთ, უგემრიელესია და ღირს.

დესერტად შემწვარ კამემბერს (Camembert) გირჩევდით, რომელიც ფრისთან ერთად მოაქვთ, საოცარი სოუსების თანხლებით (ფასი სადღაც 20 ან 25 ზლოტი, სამწუხაროდ ზუსტად არ მახსოვს)

გაგიკვირდებათ და ამ პოლონურ-ჩეხური გემოების ფოიერვერკში, რასაც Drevny Kocur გვთავაზობს, თემიდან აბსოლუტური გადახვევა და აცდენაა მისი უდიდებულესობა ლუდი:  არც მეტი, არც ნაკლები – მხოლოდ ბუდვაიზერი. რატომ ? პასუხი არ მაქვს, სხვათა შორის არც მომსახურე პერსონალს.

პოლონური სამზარეულოს დასაგემოვნებლად Kurna Chata-ს გირჩევდით.

ტრადიციული ჟურეკი, პიეროგების ნაირსახეობა (ხორცის, ხაჭოს, ალუბლის, სოკოს), სხვადასხვა სახეობის ხორცი, არაჩვეულებრივი გარნირებით და ა.შ.

თითოეულ კერძზე შეჩერება შორს წაგვიყვანს, ამიტომ მხოლოდ ერთ კერძს გამოვყოფ – ბორში! ეს არის გამოკვეთილად ჭარხლის, მოტკბო გემოს მქონე გაწურული წვნიანი, რომელშიც ჩალაგებულია ხორცის პიეროგები (Pierogi). ძალიან პიკანტური გემოვნური თვისებების კერძია.

როგორც ვროცლაველები ამბობენ, თუ SETKA Bar-ში არ შესულხარ და ერთი „სეტკა“ არ „გადაგიკრავს“, ჩათვალე ვროცლავში არ ყოფილხარ :))) , ჰო, Setka ქართულად ასს (100) ნიშნავს, ანუ ამ შემთხვევაში ასი გრამი სასმელი 🙂 საკვირველია, მაგრამ მხოლოდ წელს მოვახერხე აქ მისვლა და „მოვინათლე“ ვროცლაველად.

არც თუ ისე დიდი ბარია, მიახლოვებისთანავე იგრძნობა რაღაცნაირობა – გარეთ მდგომი მაგიდებიდან ერთ-ერთი წითელი მალუხია (Maluch), ჩვენებური ზაპოროჟეცის მსგავსი.

სხვათა შორის აქ ნაკლებად ნახავთ უცხოელებს. ეს ადგილობრივთა საყვარელი, ძალზედ კოლორიტული ადგილია. ბარის დიზაინი საბჭოთა სიმბოლიკითაა დატვირთულ-შეზავებული.

პარასკევს საღამოს და დასვენების დღეებში SETKA Bar-ში  ურთულესია თავისუფალი მაგიდის პოვნა. როგორღაც მოვახერხეთ და შევაღწიეთ და თქვენ წარმოიდგინეთ თავისუფალი მაგიდაც კი ავაცალეთ თვალსა და ხელსშუა, ცოტა არ იყოს შეზარხოშებულ პოლონელ წყვილს :)) არ ვიცი ლუდის და იმ ერთი „სეტკის“ დამსახურება იყო თუ მართლაც რეალობაა, მაგრამ იქაური Żeberka (ჩვენებურად ნეკნები) საუკეთესოდ მომეჩვენა მთელს ვროცლავში :)))

შემდეგ ჩასვლაზე აუცილებლად გადავამოწმებ – ხომ უნდა ვეზიარო ჭეშმარიტებას 😉 ჰო, ბოლოს, წამოსვლის წინ საღეჭი რეზინები მოგვიტანა მიმტანმა, დავხედეთ და მთელი პოსტსაბჭოთა ბავშვობა დაგვიდგა თვალწინ – ჩვენს წინაშე „ტურბო“ ელაგა. ეეეჰ (((

 

ბარები

აუცილებლად სანახავი ადგილია ბარი Przedwojenna (ფშედვოიენნა) რომელიც ითარგმნება, როგორც  „ომამდე“.

ეს არის ვროცლაველების არანაკლებ საყვარელი ადგილი, სადაც ასევე რთულია თავისუფალი ადგილის პოვნა უქმეებზე.

ბარი განთქმულია თავისი თემატურობით –  ინტერიერის დიზაინით, ძველი ავეჯით და ნივთებით, ძველი პოსტერებით და სარეკლამო აბრებით, სასმელის ნაირსახეობით და საერთოდ უპოზიტიურესი გარემოთი.

ვროცლავში ლუდის საკმაოდ დიდი და კარგი არჩევანია, მაგრამ ჩემი აზრით საუკეთესოა Pinta, რომელიც Drevny Kocur-ის მეზობლად, ასევე Hilton-ის ეზოშია.

ლუდი ბავარიული, ლუდი ჩეხური, ლუდი პოლონური, ლუდი თაფლით, ლუდი პიტნით, ლუდი გოგრით, ლუდი შემწვარი, ლუდი მოხრაკული და ა.შ.

ეს ორი უკანასკნელი დასახელება რაღათქმაუნდა ჩემი მოგონილი და უტრირებულია :)). ფასები საშუალოევროპული: 9-11 ზლოტი ერთი კათხა.

და ბოლოს, ცალკე მინდა გამოვყო ბარი Czupito (ჩუპიტო), სადაც ვროცლაველები აგვირგვინებენ საჭმელ-სასმელით დატვირთულ საღამოს.

შეივლიან, 6 ზლოტად ბარმენი მთელი ოსტატობით ამზადებს 1 მცირე ჭიქა სასმელს, გადაკრავენ და ბედნიერები მიდიან – ნაწილი კლუბში გასართობად, ნაწილი კი სახლში, მომდევნო უქმეების მოლოდინით.

ჰო, ჩვენც ასე, სახლში წასვლით დავამთავრეთ წლევანდელი ვოიაჟი ვროცლავში, ოღონდ უქმეების არა, მომდევნო ვოიაჟის მოლოდინით…

 

რეკომენდაციები:

  • დაბალფასიანი საცხოვრებელი შეგიძლიათ დაჯავშნით Airbnb-ზე. თუ ამ გვერდიდან დარეგისტრირდებით 38 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ.
  • თუ სასტუმროებს დაეძებთ, მაშინ ეწვიეთ სასტუმროების ფასების საძიებო და შესადარებელ სისტემას: hotelscombined.com

Related posts

მიუნხენის ჰოფბრაუჰაუსი – HB და მისი ლუდის ძალა

ჭამა-სმის ტური – Food Tour-ი ათენში

პოლონური სამზარეულო გდანსკში. ნეპტუნის რძის ბარი