იმისთვის, რომ ესა თუ ის ქალაქი კარგად გაიცნო აუცილებლად უნდა მოაწყო Food Tour – ჭამა-სმის ტური. ამისთვის ესტუმრეთ ბაზარს, ან სპეციალური ტური შეიძინეთ.
ეს ჩემი მიგნება არ არის, გამოცდილი მოგზაურებისგან მსმენია და მეც ვცდილობ ყოველ ჯერზე, სხვადასხვა ქალაქებში სტუმრობისას გამოვცადო ხოლმე. ასე მოვიქეცი ათენში ოქტომბრის ბოლო რიცხვებში სტუმრობისას. ამაში ძალიან კარგი დახმარება გამიწია Airbnb-იმ, რომელიც არც ისე დიდი ხანია ადგილობრივ მოსახლეობას შთაბეჭდილებების – ექსკურსიებისა და ტურების გაზიარების საშუალებას აძლევს.
Food Tour – ჭამა-სმის ტური ათენში
მოკლედ, Airbnb-ზე შევიძინე 3.5 საათიანი ტური სახელწოდებით Taste Athens Food Walk & Lunch. ტური “მონასტირაკის” მეტროს წინ, “მონასტირაკის” მოედნიდან დაიწყო. აქ შეგვხვდა ტურის ავტორის, მარინას პარტნიორი მარია, რომელმაც ჩვენი მასპინძლობა ითავა.
ასეთი საავტორო ტურები ადგილობრივი მოსახლეობისგან იმით არის გამორჩეული, რომ გიდიმასპინძლები გაჩვენებენ ისეთ ადგილებს, ამ შემთხვევაში ისეთ კაფეებს და რესტორნებს, რომელებიც ტურისტულ მარსრუტებში არ შედის.
მათი აღმოჩენა თქვენ თავად გაგიჭირდებათ და თუ რომელიმეს შემთხვევით გადააწყდებით, დიდი ალბათობით იქ არ შეხვალთ.
Creme Royale
ათენში უამრავი საცხობი და კაფეა, მაგრამ გიდმამასპინძელმა ათენელებისთვის ყველაზე გამორჩეულ საოჯახო კაფეში Creme Royale-ში შეგვიყვანა. ამ კაფის მთავარი უპირატესობა ოჯახური სამზარეულო, ბერძნული ეროვნული ღვეზელი სპანაკოპიტა და ბუღაცაა (Spanakopita; Bougatsa).
სპანაკოპიტა, ჩვენებური ჭახრაკინი აღმოჩნდა, ბერძნულ ყაიდაზე მომზადებული, გემრიელი და სასიამოვნო იყო. ტკბილეული ბუგაცა კი კრემიანი ნამცხვარი აღმოჩნდა, ბერძნული გემოვნებით მომზადებული. იმდენად მსუყე აღმოჩნდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნახევრად მშიერი ვიყავი ერთმა პატარა ნაჭერმაც დამანაყრა. ნარჩენები თერმულად შეგვიხვიეს და თან გამოგვატანეს (ვერ დავთმე ისეთი გემრიელი იყო).
შემდეგი წერტილი ხორცის და ღვინის დაგემოვნება უნდა ყოფილიყო, მაგრამ ტავერნას რომ მივადექით მიუხედავად შუადღისა თავისუფალი ადგილი ვერ ვიპოვეთ, ამიტომ მასპინძელმა ბაზრის დათვალიერება შემოგვთავაზა.
ათენის მუნიციპალური ბაზარი
ბაზარი საკმაოდ კოლორიტული აღმოჩნდა, დილის ვაჭრობის შემდეგ შემორჩენილი პროდუქცია ლამის თითო ევროდ იყიდება.
მასპინძელმა თავდაპირველად ხორცის განყოფილებაში შეგვიყვანა და სახაშე მასალა გვაჩენა, ცდილობდა ხაშის ფენომენით ეტრაბახა, მაგრამ საშუალება არ მივეცით, არ ელოდა, რომ ხაში ჩვენთვის სიახლე არ იქნებოდა.
მე ფასებმა უფრო გამაოცა.
ახალი, საუკეთესო ხარისხის ხორცის ფასი 2-3 ევროს ფარგლებში მერყეობდა. ეს დაახლოებით 10 ლარია, ჩვენს სუპერმარკეტებში კი 15 ლარზე იაფი ხორცი დიდი ხანია აღარ შემინიშნავს. უფრო დეტალური ფასები შეგიძლიათ ფოტოებზე ამოიკითხოთ.
ხორცის შემდეგ ზღვის პროდუქტების პავილიონი დავათვალიერე და შემშურდა…
ზვიგენის ხორცი და თავიც კი ჰქონდათ, აღარაფერს ვამბობ კრევეტებზე, რვაფეხებზე და ათასგვარ თევზეულზე. ფასები უკვე გაიაფებული, რადგან შუადღე იდგა, ძირითადი ვაჭრობა დილით იმართება. მასპინძელმა საღამოსკენ დარჩენილი ზღვის პროდუქტები ლამის 1 ევროდ იყიდება. წინ რომ დარჩენილი ტური არ გვქონოდა კრევეტებს მაინც შევიძენდი მაგრამ…
ყავა ქვიშაზე
ბაზრის გვერდით ერთ კაფეში შევედით, სადაც ყავა ქვიშაზე მზადდება. კაფის მეორე ნაწილი ყავის წარმოებას ეთმობა, მაგრამ ლვოვის ყავის მანუფაქტურების შემდეგ ჩემი გაკვირვება ყავის ინფრასტრუქტურით საკმაოდ რთულია.
ყავა, რომელსაც ჩვენ თურქულს ვეძახით, ათენში ცნობილია, როგორც ბერძნული და მისთვის თურქულის წოდება ლამის ეროვნულ შეურაცხყოფად ითვლება. გირჩევთ ეს ამბავი გაითვალისწინეთ საბერძნეთში მოგზაურობისას.
ვიჩინა, ყველი და ღვინო
კაფეში ჩვენს მასპინძელ გიდს შეატყობინეს, რომ ხორცეულის მაღაზიაში ადგილი გათავისუფლდა და გეზი სწორედ ამ მიმრთულებით ავიღეთ.
მოგვართვეს სხვადასხვა შაშხი, ძეხვი, ყველი და ზეთისხილი, ასევე პური, წითელი და თეთრი ღვინო რაკთან (არაყთან) ერთად. მიმტანი დიდი ხნის წინ ყაზახეთიდან საბერძნეთში ემიგრირებული ქალი აღმოჩნდა, რომელსაც 1-2 რუსული სიტყვა ჯერ კიდევ ახსოვდა და საკმაოდ გაიხარა ჩვენთან ურთიერთობით.
ვერ აღვწერ ისეთი გემრიელი იყო ეს ყველაფერი, თითქოს მცირე მოცულობის მოსჩანს, მაგრამ სამნი ვიყავით და თითქმის ნახევარი აუთვისებელი დაგვრჩა.
ბერძნული რაკი ჩვენებური ჭაჭის მსგავსი არაყი აღმოჩნდა, არ ვარ მოყვარული, მაგრამ სიამოვნებით გადავკარი.
რაც შეეხება ღვინოს, თეთრზე მეტად წითელი მომეწონა, რასაც ჩვენი გიდიც დაეთანხმა. აღმოჩნდა, რომ მარია მეღვინეობაზე სწავლობს და ძალიან კარგად ერკვევა ამ საქმეში.
- თეთრი ღვინო: Moschofilero
- წითელი ღვინო: Agiorgitiko
ჩვენმა მასპინძელმა ძალიან აქო ეს წითელი ღვინო, თუმცა მე პირადად რამდენიმე ქართული ღვინო მაინც მეგულება მასზე უმჯობესი.
შესაბამისად, ბევრი ვილაპარაკეთ ქართულ ღვინოზე, ვაჩვენეთ ქვევრის ტექნოლოგია და ღვინის რეგიონები, ვილაპარაკეთ რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკაზე… ბოლოს კი მურაბიანი ბერძნული იოგურტი დავაგემოვნე.
ძალიან მომეწონა, თქვენც გირჩევთ, ათენში აუცილებლად მოსანახულებელი და დასაფასებელი ადგილია. სამწუხაროდ დასახელებით რუკაზე არ იძებნება, ამიტომ რუკის კოორდინატებს ვაქვეყნებ და დავლინკავ: 37.979831, 23.727555
თქვენ იფიქრეთ ამით დამთავრდა?
ნურას უკაცრავად, კვლავ ბაზრისკენ დავბრუნდით და მის გადაღმა ძველი ათენის ქუჩებში ყველაზე ძველ ტავერნას მივადექით, რომელიც ძალიან ჰგავდა სოლოლაკის სახლების სარდაფების სამიკიტნოს.
ათენის უძველესი ტავერნა
ტავერნა სიძველესთან ერთად საკმაოდ პოპულარულიც აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ საღამო ჯერ კიდევ არ იდგა, სარდაფი გამოჭედილი იყო.
მაგრამ აქ ჩასვლა არ შედიოდა ჩვენს გეგმებში, იქვე ადგილობრივ მოსახლეობაში არანაკლებ პოპულარული მცირე ტავერნის წინ, ტროტუარზე გამოტანილ მაგიდასთან ჩამოვჯექით.
აქ მოსვლამდე ჩვენმა გიდმამასპინძელმა გვკითხა ზღვის პროდუქტების სამზარეულოს ვამჯობინებდით თუ მათ გარეშე მომზადებულ კერძებს.
იმის გამო, რომ თევზეული მჭამელი უმცირესობაში ვიყავი მეორე ვარიანტი ავირჩიეთ.
მოიტანეს ხორცისგან დამზადებული კოტლეტის მსგავსი ბურთულები, ორი სახეობის სოუსი, ერთ-ერთი ძაძიკი იყო და ლაზანიას და მუსაკას მსგავსი კერძი.
ამ ტავერნას კოლორიტის გამო უნდა ეწვიოთ, რადგან მსგავს კერძებს სხვაგანაც იპოვნით. აქვე ვტოვრბ რუკის კოორდინატებს: 37.980717, 23.725528
და ესეც არ იყო ბოლო სანახაობა ჩვენს ტურში. აქედან ძველი ქუჩებით კვლავ მონასტირაკის მოედნისკენ წავიწიეთ და ტკბილეულის ბუდეს მივადექით.
ტკბილეული და “მასტიკა”
ეს უკვე ის მომენტია, როდესაც სტომაქში ადგილი აღარ არის, მაგრამ ისეთ გემრიელობებს ხედავ, რომ არ გასინჯო დანაშაულია. ფახლავა ხელუხლებელი დარჩა, ტირამისუ ცოტა დავაგემოვნეთ და რაც მთავარია გავსინჯე სასმელი Mastic – “მასტიკა”.
“მასტიკა” არის მასტიკის მცენარის გამონაყოფი სითხისგან დამზადებული ალკოჰოლური სასმელი – არაყი. ისე მომეწონა, რომ ბარგის არქონის მიუხედავად შევიძინე და მაინც ჩამოვიტანე.
აი ასე დასრულდა ეს ჭამა-სმის ტური, რომელიც პირველი ამგვარი გამოცდილება იყო ჩემთვის.
ძალიან კმაყოფილი დავრჩი და ცოტა უფრო მეტი რამ შევიტყვე ბერძნულ სამზარეულოზე ვიდრე პიტა გირო და სუვლაკია.
აუტრო
ერთი სული მაქვს მსგავსი ტურების მოწყობის საშუალება როდის გაჩნდება Airbnb-ზე საქართველოს მასპინძლებისთვის. ვურჩევ ყველას, ვინც უცხოეთში იმყოფება და კარგად იცნობს არემარეს, მსგავსი ტურები მოაწყოს. დარეგისტრირდით ამ ბმულიდან https://www.airbnb.ie/r/airbnbsakartvelo რადგან ეს ორმხრივად სასარგებლოა, სიამოვნებასთან ერთად ფინანსურ სარგებელსაც მიიღებთ.
რეკომენდაციები:
- მოგზაურობის შესახებ დეტალური ინფორმაცია: მოგზაურთა ჯგუფი
- დაგვიანებული, გადადებული ან გაუქმებული ავიარეისების კომპენსაცია
- იაფი სასტუმროების ყველაზე დიდი საძიებო სისტემა: hotellook
- მუზეუმების ბილეთების საიტი: Tiqets
- 10 ევროს ფასდაკლება თვითმფრინავების, მატარებლისა და ავტობუსების ბილეთებზე: Omio
1 კომენტარი
Comments are closed.
Add Comment