2018 წელს საქართველოს სტუმრობდა 8 679 544 საერთაშორისო ვიზიტორი.
ეს მონაცემები დღეს გამართულ ბრიფინგზე წარმოადგინა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ. „ჩვენი ზომის ქვეყნისთვის ეს მართლაც არის უნიკალური წარმატება. პირველ რიგში, ეს ნიშნავს იმას, რომ ცნობადობა და ინტერესი საქართველოს მიმართ ყოველდღე იზრდება, ვიზიტორები საქართველოში ეცნობიან ჩვენს უნიკალურ კულტურას და კიდევ ერთხელ ყველა რწმუნდება, რომ ჩვენი უნიკალური კულტურა გახლავთ საერთო ევროპული ცივილიზაციის ნაწილი“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბახტაძემ. მისი თქმით, 1 იანვარს, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ თავის საახალწლო მიმართვაში წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად დაასახელა საქართველოს საპატიო სტუმრობა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე.
მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, 2018 წელს საქართველო უსაფრთხო და ტურისტულად მიმზიდველ ქვეყნად დასახელდა მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციების და გამოცემების საუკეთესო რეიტინგებში. პრემიერ-მინისტრის ცნობითვე, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულებაა და მსოფლიოში მეოთხე, ევროპაში კი მეორე ადგილს იკავებს. მამუკა ბახტაძემ ტურიზმის განვითარებას უწოდა ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და განაცხადა, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო გახდეს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულად საინტერესო ადგილი ტურისტულ რუკაზე. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, 2018 წელს ტურიზმიდან შემოსავალმა გადააჭარბა 3 მილიარდ აშშ დოლარს. „ეს არის ხელშესახები შედეგები, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და მოსახლეობის ეკონომიკური სარგებლის ზრდის თვალსაზრისით. ეს სექტორი ზრდის კვალდაკვალ მომავალში კიდევ უფრო მეტ კეთილდღეობას მოუტანს ჩვენს მოსახლეობას“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბახტაძემ.
წყარო: radiotavisupleba.ge