როგორც ადრე იტყოდნენ, “მრავალრიცხოვან მაყურებელთა თხოვნით გთავაზობთ…” 🙂 ანუ ვაგრძელებთ თემას.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან დაბალფასიანი ავიარეისების მომრავლებასთან ერთად კიდევ უფრო გაიზარდა კითხვების რაოდენობა იმის შესახებ თუ როგორ უნდა შევიძინოთ იაფი ავიაბილეთი. ყველა საიდუმლო აღწერილი მაქვს სპეციალურ პოსტში – სად “გვატყუებს” WizzAir-ი
ათენი ის ადგილია სადაც მოგზაურობა არანაკლებ სასიამოვნო და საინტერესოა ე.წ. არასეზონზე. მე, მაგალითად, ათენს ნოემბერში ვესტუმრე. მაშინ, როცა ჩვენთან თითქმის ყინავდა, საბერძნეთის დედაქალაქში გვარიანი სითბო იყო.
როგორ მოვხვდეთ ათენში ყველაზე იაფად, მიუხედავად იმისა, რომ “ვიზეარი” მხოლოდ ქუთაისიდან სალონიკში დაფრინავს? მოგზაურობის ორგანიზება იწყება ავიაბილეთების შეძენით. ქუთაისიდან სალონიკამდე ფრენა 10 ევრო ღირს, უფრო ზუსტად 25 ლარი.
ასევე წინასწარ უნდა შეიძინოთ ბილეთი სალონიკიდან ათენამდე, ამჯერად Ryanair-ის ავიაკომპანიისგან, რომელიც სალონიკიდან ათენში თითქმის ყოველ ნახევარ საათში დაფრინავს. ბილეთის ღირებულება 15 ევროდან იწყება.
მე “ვიზეარის” თვითმფრინავიდან გამოსასვლელად, სასაზღვრო კონტროლის გასავლელად და “რაინეარის” თვითმფრინავზე რეგისტრაციისთვის 3 საათიანი შუალედი გავთვალე, შევცდი, თუმცა დიდი ხნის ლოდინმაც არ მოგვიწია. 2 საათი სრულიად საკმარისი იქნება ყველა პროცედურის აუღელვებლად გასავლელად.
იაფი ავიაკომპანიების რეისების ერთმანეთთან დაკავშირება გაგიადვილდებათ ჩემი სპეციალური პოსტის წაკითხვის შემდეგ: როგორ გავფრინდეთ ევროპაში ყველაზე იაფად
ქუთაისიდან ჩაფრენილი “ვიზეარის” ხომალდი სალონიკის აეროპორტში.
სალონიკის აეროპორტში 2-3 საათიანი ლოდინის შემდეგ Ryanair-ის თვითმფრინავით 45 წუთში საბერძნეთის დედაქალაქში ათენში აღმოჩნდებით.
ორივე ავიაკომპანიაში ზურგჩანთები უფასოა. ვიზეარზე 23 კილოგრამიანი “ჩემოდანი” 30 ევრო ღირს, ხოლო რაინეარზე 15 კილოგრამიანი ჩემოდანი 15 ევრო. ჩვენი ბარგი 18 კილოგრამზე მეტი აღმოჩნდა და ბარგი იქვე ზურგჩანთებში გადავანაწილეთ. უფრო დიდი მოცულობის ბარგის შეძენაც შეგიძლიათ თუ მოგზაურობისას თან მიგქვთ მთელი გარდერობი 🙂
“რაინეარის” ხომალდი სალონიკში
უფასო ზურგჩანთებით თვითმფრინავში შეიძლება შეიტანოთ, აეროპორტის უსაფრთხოების კონტროლი გაიაროთ მშრალი საკვებით. უსაფრთხოების გავლისას მთავარ პრობლემას წყალი და სხვა სითხე წარმოადგენს. გაიარეთ კონტროლი და შემდეგ აეროპორტის კაფეში შეიძინეთ წყალი იმდენი რამდენიც გინდათ. თუ ვერ მოახერხეთ, ბორტზე შეძენილი წყლითა და საკვებითაც არ “გაიწეწებით”.
ამის შემდეგ კიდევ 6 ევრო დაგჭირდებათ იმისთვის, რომ აეროპორტიდან ათენის ცენტრში მოხვდეთ, ზუსტად ამდენი ღირს ავტობუსის ბილეთი, რომელიც პირდაპირ საბერძნეთის პარლამენტის წინ მიგიყვანთ.
იმისთვის, რომ ათენში დაბალბიუჯეტიანი მოგზაურობა განახორციელოთ საკმარისი არ არის მხოლოდ ავიაბილეთების შეძენა, აუცილებლად დაგჭირდებათ იაფი სასტუმრო ან აპარტამენტები.
თავდაპირველად აპარტამენტებზე (ბინებზე). თუ “ეარბიენბიზე” ჩემი გვერდიდან დარეგისტრირდებით 35 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ. სისტემა ამდენივე კრედიტს მჩუქნის მეც. ანუ თქვენი მოგზაურობით მეც ვმოგზაურობ 🙂
თუ როგორ მუშაობს ბინების დაჯავშნის საიტი და რა უპირატესობები აქვს აპარტამენტებს აღწერილი მაქვს სპეციალურ პოსტში.
სასტუმროების მოყვარულებს ბიუჯეტური ვარიანტის მოძიებაში დაგეხმარებათ არა “ბუკინგკომი”, ან სხვა რაიმე მსგავსი საიტი, არამედ მათში საუკეთესო ვარიანტების მაძიებელი hotelscombined.com.
თუ სასტუმრო გეძვირათ, ამავე საიტზე შეგიძლიათ შეარჩიოთ 10-15 ევროიანი ჰოსტელის დამოუკიდებელი ნომერიც, არჩევანი დიდია.