ევროპაში იაფად მოგზაურობა რომ მითი არ არის და ის სრულებით რეალურია, უკვე დავრწმუნდით, თუმცა საინტერესოა, რომელია ყველაზე იაფი ქალაქი?
წლების მანძილზე ევროპის რამდენიმე ათეული ქალაქის მონახულების შემდეგ გამოვარჩიე 3 მათგანი, რომლებშიც საცხოვრებელი (სასტუმრო-აპარტამენტი), საკვები (კაფე-რესტორნები), ტრანსპორტი და ვაჭრობა სხვებთან შედარებით იაფია. ასეთი ქალაქები მცირებიუჯეტიანი მოგზაურობის მოსაწყობად საუკეთესო საშუალებაა. შევეცდები თითოეული მათგანის იაფი მხარეების წარმოჩენას.
ყველაზე იაფი ქალაქი: კრაკოვი
მართალია ქართველებს უფრო დასავლეთ ევროპისკენ მიუწევთ გული, მაგრამ პოლონეთის სამეფო დედაქალაქი არანაკლებ საინტერესოა. კრაკოვი ცენტრალური ევროპის უძველესი და მდიდარი ისტორიის მქონე ქალაქია. და, რაც მთავარია, სიიაფით საქართველოს მოქალაქეებსაც კი განაცვიფრებებს.
კრაკოვში იაფია როგორც საცხოვრებელი, ასევე კაფე-რესტორნები – მათ ძირითადად თბილისის მსგავსი ფასები აქვთ, ხოლო სუპერმარკეტების პროდუქცია თბილისთან შედარებით უფრო იაფიც კია.
კრაკოვი სტუდენტური ქალაქია და, შესაბამისად, ბევრი ახალგაზრდული გასართობი აქვს – კლუბი თუ დისკოტეკა. იქ ხშირად ტარდება მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტებიც.
ეს ქალაქი არც ხელოვნების მოყვარულებს გააწბილებს – უამრავ მუზეუმსა და გალერეას აღმოაჩენთ. მათ შორის გამორჩეული სანახაობაა „ვაველის ციხესიმაგრე“, პოლონეთის მეფეთა სასახლითა და ვაველის კათედრალური ტაძრით. სასახლის დარბაზებში თითქმის ყოველთვისაა გამოფენილი ხელოვნების ნიმუშები. არანაკლებ საინტერესოა ციხესიმაგრის ტერიტორიაზე არსებული მუზეუმების დათვალიერებაც.
ვაველის ისტორიის მოყოლას არ შევუდგები, თქვენ თავად ყველაფერს მარტივად იპოვით ინტერნეტში. ერთს აღვნიშნავ მხოლოდ, რომ ციხესიმაგრის ტერიტორიაზე აღმართულ კათედრალურ ტაძარში პოლონეთის მეფეების გვერდით დაკრძალულია საქართველოს დიდი მეგობარი, პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და მისი მეუღლე მარია.
კრაკოვის უამრავი ღირსშესანიშნაობის გარდა, ამ ქალაქს მილიონობით ტურისტი სტუმრობს ნაცისტების მიერ ებრაელების განადგურებისთვის მოწყობილი საკონცენტრაციო ბანაკების მოსანახულებლად.
ოსვენციმი კრაკოვიდან ნახევარი საათის სავალზეა და იქ ავტობუსი ყოველ ნახევარ საათში მოძრაობს, დადის მატარებელიც. თავად ოსვენციმის ბანაკი, რომელიც ახლა მუზეუმია, ორი ნაწილისგან შედგება. მათ შორის უფასო ავტობუსი კურსირებს და უფასოა ოსვენციმ 2-ის – ბირკინაუს – მონახულებაც.
ყველაზე იაფი ქალაქი: ლვოვი
კრაკოვის შემდეგ ევროპის ალბათ ყველაზე იაფ ქალაქს ვესტუმროთ, რომელიც კრაკოვიდან სულ რაღაც 330 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. მათ შორის რამდენიმე ბიუჯეტური ავტობუსი მოძრაობს, მგზავრობა შეიძლება მატარებლითაც. მაგრამ ხშირად უფრო იაფია ბიუჯეტური ავიაკომპანია Ryanair-ის ბილეთები, რომელთა ფასი 11 ევროდან იწყება.
ლვოვში ნამყოფ მოგზაურთა შორის გავრცელებული ხუმრობის მიხედვით, ამ ქალაქში ქართველიც კი თავს მილიონერად იგრძნობს. ლვოვი, დასავლეთ უკრაინის ისტორიული და ულამაზესი არქიტექტურის მქონე ქალაქი, ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქალაქებისგან გამორჩეულია უამრავი თემატური კაფე-რესტორნებით, ყავისა და შოკოლადის მრავალფეროვანი მანუფაქტურებითა და თბილისთან შედარებით დაბალი ფასებით. იაფია როგორც საცხოვრებელი (აპარტამენტი – 15-20 აშშ დოლარი), ტრანსპორტი (ტრამვაი – 5 გრივნა, ანუ 50 თეთრი), ასვე გასტრონომია.
ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ლვოვის ცნობილი ოპერის წინ მდებარე კაფეში ანგარიში წარმოგვიდგინეს და ქვითარზე 24 გრივნა ამოვიკითხე. ვერ დავიჯერე. სავალუტო კურსი სპეციალურად „გუგლში“ შევამოწმე და აღმოჩნდა, რომ გამორჩეული ატმოსფეროს მქონე კაფეში დილის ყავა, ჩაი და ნამცხვარი მხოლოდ 2 ლარი და 7 თეთრი დაგვიჯდა. ამის შემდეგ ყველაზე პრესტიჟული კაფე-რესტორნების კარიც კი თამამად შევაღე.
ლვოვის რესტორნები ამ ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა. უამრავ ტურისტს იზიდავს ნაციონალისტური თუ მაზოხისტური თემატიკის რესტორნები თეატრალიზებული წარმოდგენებით. აქ იპოვით რესტორანს, რომლის სახურავზე „ტრაბანტი“ შემომჯდარა და აფრენას ლამობს, ხოლო ყავის მანუფაქტურაში შახტი გაუთხრიათ და ყავის მარცვლებს მიწისქვეშ მოიპოვებენ. ქალაქში თითქმის ყოველდღე საზეიმო განწყობაა და ხშირად იმართება ქუჩის ცეკვები – სხვადაასხვა ტიპის წარმოდგენები.
ქალაქის სანახაობებს ინტერნეტში თავადაც მოიძიებთ, მე მხოლოდ ერთს გირჩევთ: 70 გრივნად (7 ლარად) შეიძინეთ ექსკურსია, რომელიც ქალაქის შემოგარენს მოგატარებთ. უამრავი სასახლე და უნიკალური ციხესიმაგრეა, მათში დაცული ხელოვნების ნიმუშებითა და უნიკალური ხატებით.
ყველაზე იაფი ქალაქი: ბუდაპეშტი
ბუდაპეშტი ცენტრალური ევროპის ნამდვილი მარგალიტია, დუნაიზე გადაშლილი მდიდრული, ულამაზესი არქიტექტურით, თუმცა ის ბიუჯეტური მოგზაურის ბიუჯეტისთვის მიუწვდომელი სულაც არ არის. ქუთაისის აეროპორტიდანბუდაპეშტში მოხვედრა ძალიან მარტივია. აპარტამენტები და ჰოსტელები თბილისის ფასების ფარგლებშია – 10-30 ევრო, ხოლო კრაკოვის მსგავსი და შეიძლება უფრო დაბალიც კი არის კაფე-რესტორნებისა და სხვა საკვები ობიექტების ფასები.
ერთადერთი, რაც შეიძლება საქართველოსთან შედარებით ძვირი მოგეჩვენოთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასებია, მაგრამ უკან არ დაიხიოთ და აუცილებლად შეიძინეთ, მაგალითად, სამდღიანი ან ერთკვირიანი სამგზავრო ბილეთი ( 40 – 50 ლარი), რასაც თავისი უპირატესობები აქვს. ასე უფრო იაფი გამოდის საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობა, ვიდრე ყოველ ჯერზე ერთჯერადი ბილეთის შეძენისას იქნებოდა.
ბუდაპეშტის ერთ-ერთი ცნობილი ღირსშესანიშნაობაა კონტინენტალურ ევროპაში პირველი მეტროს ხაზი. ფოტოების მოყვარულთათვის მისწრებაა: საუკუნეზე მეტი ხნის მეტროს სადგურებში ძალიან შთამბეჭდავი ინსტაგრამული ფოტოები გამოდის.
და კიდევ, ჩვეულებრივი სატრანსპორტო ბილეთით შეგიძლიათ დუნაიზე გემით გასეირნება. იგივე მომსახურება რომელიმე ტურისტული გემით მთელი ერთკვირიანი სატრანსპორტო ბილეთის ფასი შეიძლება დაჯდეს. არის ისეთი ტურისტული სამგზავრო ბარათებიც, რომლებშიც რამდენიმე მუზეუმის მონახულებაც შედის (იხ. ბუდაპეშტის სატრანსპორტო კომპანიის საიტი).
ბუდაპეშტში ყოფნისას აუცილებლად ეწვიეთ თერმულ აბანოებს და ბაზარს, რომელშიც იაფი სურსათისა და ხილის გარდა ასევე ბიუჯეტურად შეიძლება ისადილოთ და უნგრული ტრადიციული გულიაში დააგემოვნოთ.
ბუდაპეშტი არც ახალგაზრდული თავშეყრის თემატური ადგილებისა და ღამის კლუბების სიმცირეს განიცდის. ასე რომ, მისწრებაა ევროპაში ბიუჯეტური მოგზაურობისთვის.
იაფი ქალაქების სია შეუძლებელია შემოიფარგლოს ჩემ მიერ ჩამოთვლილი ქალაქებით. ის გაცილებით ვრცელია. თუნდაც სალონიკი ან ათენი, ანდა ლარნაკა და სტამბოლი, ასევე, პოლონეთის რამდენიმე ქალაქი, მათ შორის გდანსკი, ვროცლავი ტურისტული ხიბლითა და სიიაფით გამორჩეული ქალაქებია. შედარებით იაფი შეიძლება ეწოდოს პრაღას და სილამაზით განთქმულ ჩესკი-კრუმლოვს.
თქვენ რომელი ქალაქები მიგაჩნიათ ყველაზე იაფად? გამოცდილება და მოსაზრებები გაგვიზიარეთ კომენტარებმში.
წყარო: რადიო თავისუფლება
რეკომენდაციები:
- დაგვიანებული, გადადებული ან გაუქმებული ავიარეისების კომპენსაცია
- იაფი სასტუმროების დაჯავშნის ხერხები და რეკომენდაციები
- მუზეუმების ბილეთების საიტი: Tiqets
- 10 ევროს ფასდაკლება მატარებლებისა და ავტობუსების ბილეთებზე: Omio
- მოგზაურობის შესახებ დეტალური ინფორმაცია: მოგზაურთა ჯგუფი