2019 წლის თებერვალში ონლაინ-ბუქინგის პლატფორმაზე 12,403 ბინა/ოთახი იყო შეთავაზებული, ეს კი ათენის, პრაღის, ბუდაპეშტის, კიევისა და ვარშავის, ასევე რეგიონის ქვეყნების ქალაქების, ბაქოს, ერევანის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება.
თბილისში AirBnb-ის შეთავაზებების რაოდენობა მხოლოდ 3000-ით ჩამორჩება სტამბოლის მაჩვენებელს, თუმცა სტამბოლისგან განსხვავებით, თბილისს რამდენიმე ათეულჯერ ნაკლები ადამიანი სტუმრობს.
ამასთანავე, მკვეთრად იზრდება შეთავაზებების რაოდენობაც. 2017 წელს შეთავაზებები 51%-ით, 2018 წელს კი ზრდა დამატებით 62% იყო.
Galt & Taggart-ის კვლევის მიხედვით, თბილისის AirBnb-ის ბაზარზე ჭარბი მიწოდებაა, რასაც თვალსაჩინოდ ასახავს ის, რომ დაჯავშნის საშუალო მაჩვენებელი სხვა ქალაქებთან შედარებით დაბალია. მეტიც, თვის განმავლობაში ბინების 64%-ს საერთოდ არავინ ჯავშნის.
სტატისტიკის მიხედვით, დაჯავშნების საშუალო მაჩვენებელი 39%-ს შეადგენს.
დაჯავშნილი ოთახების დღიური დაკავების მაჩვენებლით კი AirBnb თბილისის ტურისტული ბაზრის 11%-ს აგენერირებს.
კვლევის მიხედვით, ამ სერვისის მეშვეობით 2018 წელს ბინების გაქირავებით მიღებული ჯამური შემოსავალი $23 მილიონი იყო, რაც 2017 წელთან შედარებით 90%-ით მეტია.
ამ ბიზნესში მხოლოდ ყველაზე კონკურენტუნარიანები დარჩებიან:
AirBnb-ის ბაზრის სპეციფიკიდან გამომდინარე, ყველაზე მაღალი დაჯავშნის მაჩვენებელი ძველი თბილისის უბნებში – მთაწმინდაზე, ვერაზე, სოლოლაკშია. გარეუბნებში არსებული ობიექტებით კი ვიზიტორები ნაკლებად ინტერესდებიან, შესაბამისად გაზრდილი კონკურენციის ფონზე, ბაზრიდან გასვლის რისკის წინაშე პირველ რიგში გარეუბნების ბინების მიმწოდებლები დადგებიან.
საერთაშორისო გამოცდილება ცხადყოფს, რომ AirBnb-ის ბაზარზე ყველაზე კონკურენტუნარიანები არიან ისინი, ვისაც ერთდროულად რამდენიმე შეთავაზება აქვს. მაგალითად, თბილისში დღეს მიმწოდებელთა 46% ფლობს რამდენიმე შეთავაზებას, რაც უფრო დიდი ხნის გამოცდილების ბაზრების – პრაღის (70%), კიევის (67%), ვარშავის (66%), ბუდაპეშტის (61%) მაჩვენებელთან შედარებით დაბალია.
AIRBNB VS საშუალო სეგმენტის სასტუმროები
AirBnb-ისა და Booking.com-ის შეთავაზებები პირველ რიგში კონკურენციაში შედარებით დაბალ საფასო სეგმენტზე გათვლილ სასტუმროებთან შედის. ეს მეტწილად სამვარსკვლავიანი ობიექტებია, ხოლო უფრო ძვირადღირებული ბინები კი ოთხვარსკვლაინი სასტუმროების ბაზარზსაც უწევენ კონკურენციას.
სასტუმროებთან მიმართებით, AirBnb-ის მთავარი უპირატესობა ფასია.
ბაზრის ძვირადღირებული სეგმენტი:
AirBnb-ის გასაშუალოებული ფასი მაღალ სეგმენტში – $101 დოლარი;
საერთაშორისო დონის ოთხვარსკვლავიანი ნომრის ფასი – $112 დოლარი;
საერთაშორისო მაღალი სეგმენტის ნომრის ფასი – $152 დოლარი.
საშუალო სეგმენტი:
საშუალო დონის სასტუმროს ფასი – $85 დოლარი;
საშუალო დონის AirBnb-ის ბინის ფასი – $51 დოლარი;
დაბალი სეგმენტი:
გესთჰაუსი – $38 დოლარი;
AirBnb-ის ბინის ფასი – $35 დოლარი.