ამ პოსტში დეტალურად არის ახსნილი Airbnb-დან ფულის აღების სხვადასხვა მეთოდი: საბანკო გადარიცხვა, Western Union და Airbnb ბარათი.
სასტუმროებისა და აპარტამენტების დაჯავშნის სხვა ძველ სისტემებს შეჩვეული მომხმარებელი იგივეს ეძებს Airbnb-ის საიტზეც და როდესაც განსხვავებულ სერვისს თუ ინტერფეისს ხედავს უჭირს მასთან შეჩვევა, ამიტომ ხშირად საყვედურს გამოთქვამენ. ბევრჯერ გადავაწყდი პოსტებს და კომენტარებს, რომ თითქოს ეარბიენბი არ ამართლებს, რაზეც სპეციალური პოსტიც მოვამზადე, ან მასპინძლები წერენ, რომ საიტი ფულს უგვიანებს, ან იმაზე ნაკლები ჩაურიცხა ვიდრე სტუმარმა გადაუხადა.
ამ პრეტენზიებზე პასუხები Airbnb-ის დახმარების გვერდებზეა. მე მხოლოდ ერთს დავამატებ, რომ საბანკო გადარიცხვა 5-7 დღე იგვიანებს და თან ბანკი თანხას აკლებს საკომისიოს 15, 20, 25 დოლარს და მეტს.
არის თანხის აღების სხვა უფრო მოსახერხებელი მეთოდებიც, მათ შორის ე.წ. ფულადი გზავნილი, Western Union – “ვესტერნ-იუნიონი”. აქ საკომისიო ნებისმიერი რაოდენობის თანხაზე 10 დოლარს შეადგენს, rრა თქმა უნდა Airbnb-ის გვერდზე თანხას დააგროვებთ მინიმალური თანხის ოდენობის რეგულირებით. თან ფული შეგიძლიათ აიღოთ საიტზე დარიცხვიდან 1 დღის შემდეგ.
ამ პოსტში კი აღვწერ ფულის მიღების სულ სხვა შესაძლებლობას.
Airbnb: სადებიტო ბარათი “მასტერკარდი”
ეარბიენბის ვარდისფერი ბარათის დამზადებას (უფასო) და გამოგზავნას (უფასო) დაახლოებით 3 კვირა დასჭირდა. ბარათი იმითაც არის საინტერესო, რომ მასზე თანხა ირიცხება ევროში. არ აქვს მინიმალური თანხის შეზღუდვა, ანუ ნებისმიერი თანხა თუნდაც Airbnb-ზე დაგროვებული 10 დოლარიც კი შეგიძლიათ ბარათზე გადაიტანოთ. შესაბამისად ის კარგია მცირე თანხების სწრაფად მისაღებად, რომლებიც ირიცხება მცირეხნიანი სტუმრის მომსახურების შემდეგ. გადმორიცხვას სჭირდება 3-4 საათი და თანხა შეგიძლიათ აიღოთ ნებისმიერი ბანკომატიდან.
ერთადერთი საკომისიო რაც ამ მომსახურებას გააჩნია არის ბანკომატიდან თანხის განაღდების პროცენტი, სტანდარტულად 2,5%. მაგრამ თბილისში ევროზე მომუშავე ბანკომატები იშვიათობაა, ამიტომ ბარათს ძირითადად საზღვარგარეთ ან ბანკომატიდან ფულის გამოსატანად, ან კიდევ ბარათით თანხის გადახდისთვის ვიყენებ ხოლმე.
თუ მაინც თანხის თბილისში განაღდებას გადაწყვეტთ, მელიქიშვილის გამზირზე “პროკრედიტბანკის” ფილიალში ევროს ბანკომატს უნდა მიაკითხოთ. ბანკომატი მინიმუმ 5 ევროს ჩამოგაჭრით პლუს განაღდების 2,5 პროცენტი. 50 ევროს განაღდებისას 5 ევრო გამოაკლდა და კიდევ პროცენტი 1,25 ევრო, სულ 7,25 ევრო დაჯდა განაღდება.
ამ სურათზე შეგიძლიათ იხილოთ, როგორც მინიმალური თანხის შეზღუდვის არარსებობა, ასევე ღილაკი Add Payout Method, რომელზე დაჭერითაც შეგიძლიათ შეავსოთ პლასტიკური ბარათის დამზადებისთვის საჭირო აპლიკაცია. საკონტაქტო მონაცემების, მისამართის ჩაწერის შემდეგ მონიშნავთ Payoneer Prepaid Debit MasterCard და მიჰყვებით ნაბიჯ-ნაბიჯ…
საბოლოო ჯამში, რეგისტრაციის პროცედურების დასრულების შემდეგ მიიღებთ ვირტუალურ ანგარიშებს www.payoneer.com-ზე და Airbnb-ის პლასტიკურ ბარათს საუკეთესო პირობებით. სასტუმროებისა და ბინების დაჯავშნის სხვა მსგავს საიტებს აქვთ ასეთი მომსახურება?