როგორ გავაქირაოთ Airbnb-ის მეშვეობით სოფლის სახლი, კოტეჯები, ქოხი, გლემპინგები, კარვები, ბინა, აპარტამენტი, ვილა და სხვა – განვიხილავთ აქ.
პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა საბოლოო ჯამში ბევრი ვერაფერი დააკლო Airbnb-ის და ის სულ უფრო ვითარდება, ახალ სერვისებს და შესაძლებლობებს ქმნის.
Airbnb-ის პლატფორმაზე იზრდება მოთხოვნა საქართველოში არსებული სხვადასხვაგვარი საინტერესო უძრავი ქონების მიმართაც.
თუ როგორ გავაქირაოთ აპარტამენტები Airbnb-ზე აღწერილი მაქვს სპეციალურ პოსტში, რომელიც ბევრისთვის ინსპირაციის წყაროდ იქცა. მას აქტუალობა კვლავაც არ დაუკარგავს, გადახედეთ, გამოგადგებათ ამ ბიზნესში ფეხის ასადგმელად.
როგორ გავაქირაოთ მობილურიდან
ამ პოსტში, ნაბიჯ-ნაბიჯ აღვწერ თუ როგორ გავაქირაოთ, Airbnb-ზე გამოვაქვეყნოთ ჩვენი ქონების (ბინა, კოტეჯი, ვილა, გლემპინგი, სოფლის სახლი…) განცხადება მობილური ტელეფონის მეშვეობით.
უძრავი ქონების გამოქვეყნება იწყება აქ ამ ბმულიდან: ka.airbnb.com/r/airbnbsakartvelo – გახსენით მობილურის ინტერნეტ ბრაუზერში (ქრომი, საფარი, მოზილა…). ეს ინსტრუქცია გამოდგება კომპიუტერიდან რეგისტრაციისთვისაც.
სანაცვლოდ თქვენ მცირედი ბონუსის სახით მიიღებთ 10 ევროს.
ka.airbnb.com/r/airbnbsakartvelo – ამ ბმულზე გადასვლის შემდეგ გამოჩნდება თქვენი მომწვევი ჰოსტის (მასპინძლის) სურათი და Airbnb-ის პროგნოზი იმის შესახებ თუ რა მოცულობის შემოსავლის მიღება შეგიძლიათ თქვენს არეალში.
დავაჭიროთ ღილაკს “დაწყება“
სისტემა მოგთხოვთ ავტორიზაციას რომელიმე საშუალებით, მობილურის ნომრით, გუგლის მეილით, ფეისბუკით ან უბრალოდ სხვა მეილის მეშვეობით. ავტორიზაციის შემდეგ შეიძლება მობილურის ვერიფიკაცია მოგთხოვთ. მობილურზე მიიღებთ SMS-ს კოდს და ჩაწერთ შესაბამის ველებში.
სტანდარტული ველების შევსების შემდეგ სისტემამ შეიძლება თქვენს მიერ ადრე დარეგისტრირებული ექაუნთი ამოიცნოს, ნუ შეგაშინებთ ეს ამბავი, გააგრძელეთ ჩვეულებრივ.
Airbnb შემოგთავაზებთ გასაქირავებელი ქონების კატეგორიებს. აირჩიეთ იმის მიხედვით თუ რომელსაც თქვენი საკუთრება შეესაბამება. მაგალითად ბინა, სახლი, სასტუმრო… ჩემს შემთხვევაში ვირჩევთ უნიკალურ სივრცეს, რადგან ვაპირებ გამოვაქვეყნო, აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტში განთავსებული “გლემპინგი”.
ამ სურათებზეც კარგად ჩანს, რომ “უნიკალური სივრცის” ქვეკატეგორიებში შეგიძლიათ ნებისმიერ საცხოვრებლის გამოქვეყნება. ეს იქნება გემი, ავტობუსი, კოშკი, წისქვილი თუ… ჩემ შემთხვევაში გლემპინგს ყველაზე მეტად შეესაბამება ქვეკატეგორია “იურტა”. თუმცა ჩვენში გლემპინგებს ხშირად კოტეჯების და სახლების კატეგორიაშიც აქვეყნებენ. შემდეგ ვირჩევთ საცხოვრებელს მთლიანად ვაქირავებთ თუ მხოლოდ ერთ ოთახს, საზიარო აბაზანა-ტუალეტით… აი მომდევნო ეტაპზე კი ცოტა რთული სამუშაო გველოდება.
ამ ეტაპზე უნდა შევიყვანოთ ჩვენი გასაქირავებელი გლემპინგის მისამართი. თბილისში და ნაწილობრივ ბათუმშიც ზუსტი მისამართის მოძიება ხერხდება, აი რეგიონებში კი სირთულეებია. ჩვენი გლემპინგი მდებარეობს ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ გეგელიძეებში. ამ სახელწოდების რუკაზე ჩაწერის შემდეგ გაურკვეველი მდებარეობა ჩნდება.
შემდეგ ვცდილობ ქედის, რომელიმე ქუჩა მივუთითო და მას შემდეგ რაც ეს მისამართი რუკაზე გამოჩნდება კორექტირების ღილაკის მეშვეობით რუკაზე წერტილს გადავაადგილებ საჭირო მიმართულებით.
ამდაგვარი მცდელობის შედეგად რუკაზე მოვნიშნავ ჩვენი გლემპინგის მდებარეობას სოფელ გეგელიძეებთან. რუკაზე სიზუსტე აუცილებელია რათა პოტენციურ სტუმარს ჰქონდეს სწორი წარმოდგენა გასაქირავებელი ქონების ადგილმდებარეობაზე. არ შეიძლება რუკაზე მაგალითად ბათუმი მონიშნოთ და სახლი გონიოში მდებარეობდეს. ასეთ შემთხვევაში უამრავ უსიამოვნებას გადააწყდებით და ბიზნესიც დამუხრუჭდება.
გასაქირავებელი ქონების აღწერა
შემდეგ ეტაპზე გადავდივართ გლემპინგის აღწერაზე.
ვუთითებთ სტუმრების რაოდენობას, საწოლების რაოდენობას, საძინებელი ოთახების რაოდენობას…
მომდევნო ეტაპზე მოვნიშნავთ იმას, რასაც სტუმრებს ჩვენი საცხოვრებელი, გლემპინგი სთავაზობს. ვაიფაი, ტელევიზორი, კონდენციონერი, სამზარეულო, საშხაპე, ჯაკუზი… მოკლედ ყველაფერს აღვნიშნავთ რაც საცხოვრებელში რეალურად ხელმისაწვდომია.
ფოტოების მნიშვნელობა
ახლა დგება ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტი, სისტემაში უნდა ავტვირთოთ ჩვენი საცხოვრებლის ფოტოები.
ფოტოების მომზადებისას გახსოვდეთ, რომ თქვენ Airbnb-ზე ყიდით ვიზუალს, სურათებს. ფოტოების ნახვით მიღებული ემოცია გადააწყვეტინებს პოტენციურ სტუმარს დაჯავშნის თუ არა თქვენ მიერ შეთავაზებულ საცხოვრებელს.
სასურველია ფოტოები გადაიღოს პროფესიონალმა. თუ ამის საშუალება არ არის, მინიმუმ აიფონ 11-ით მაინც უნდა გადაიღოთ, უმთავრესად ჰორიზონტალური რეზოლუციით (გადმოაბრუნეთ მობილური და ისე გადაიღეთ ფოტო).
პირველ ფოტოდ უსათუოდ ყველაზე ეფექტური ატვირთეთ, ისეთი როგორიც ეს ზედა სანიმუშო სურათია, ან ნახეთ ვიდეინსტრუქციები, რომელიც თან ახლავს რეგისტრაციის პროცესს და იქ მოცემული რეკომენდაციებით იხელმძღვანელეთ, სადაც აღწერილია როგორ გავაქირაოთ ქონება უფრო სარფიანად.
ასევე შეგიძლიათ გაითვალისწინოთ სისტემის რეკომენდაციები შემდეგ ეტაპზე დასახელების შერჩევისას.
ჩემს შემთხვევაში რეკომენდირებულისგან განსხვავებული დასახელება მოვიფიქრე და თანაც ინგლისურად, რადგან ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ჩემი სტუმრების ძირითადი კონტიგენტი უცხოელები იქნებიან და არ მინდა სისტემამ ქართული დასახელება შემთხვევით არასწორად თარგმნოს.
მომდევნო ეტაპი გასაქირავებელი საცხოვრებლის უპირატესობების აღწერას შეეხება.
მონიშნეთ და დაწერეთ მხოლოდ ის რაც რეალურად გაქვთ და ნამდვილად შეგიძლიათ შესთავაზოთ სტუმრებს. მცირედი ზედმეტობაც კი სტუმრის მხრიდან პრეტენზიების საფუძველი გახდება და საქმეს არ წაადგება.
შემდეგი ფასის დაწესებაა, სისტემა თავად შემოგთავაზებთ თქვენს არეალში მდებარე კონკურენტებისა და თქვენი სერვისების შესაბამის ფასს.
ჩემი სტრატეგია ასეთია, თავდაპირველად, განცხადების გამოქვეყნებისას ვაწესებ დაბალ ფასს რათა ყურადღება მივიქციო და პირველი ჯავშნები და სტუმართა შეფასებები მივიღო, რაც ასე მნიშვნელოვანია სისტემის ალგორითმის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად. ერთი-ორი კვირის შემდეგ კი ფასების იმ დონემდე ზრდას ვცდილობ, რაც ჩემ გასაქირავებელ ქონებას კონკურენტუნარიანობას არ დააკარგვინებს.
კიდევ რამდენიმე საფეხური და განცხადების შექმნა-გამოქვეყნებაც დასრულდება.
სურათებიდანაც ჩანს, რომ ამ საფეხურზე საჭიროა ინფორმაციის სისწორის შემოწმება. შემდეგ კი განცხადების შენახვის ღილაკზე დაჭერის შემდეგ გამოჩნდება Airbnb-ის ერთ-ერთი დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის ბრაიან ჩესკის მისასალმებელი ვიდეო და ტექსტი.
განცხადების გამოქვეყნების ღილაკზე დაჭერას მანამ ვერ შეძლებთ სანამ ტელეფონის ნომერს ან მეილს არ დაადასტურებთ. საერთოდ ყველა საიდენტიფიკაციო მოთხოვნის შესრულება უმჯობესია, მაგრამ პირველ ეტაპზე ტელეფონიც საკმარისია.
მობილურის ნომრის ჩაწერის შემდეგ ესემესით მიიღებთ ოთხნიშნა კოდს რომელსაც ჩაწერთ შესაბამის ველში და განცხადებასაც გამოაქვეყნებთ.
გამოქვეყნების შემდეგ მოხვდებით განცხადების, ანუ მასპინძლის პანელში.
აქ არის შემოსული ჯავშნების მესიჯების განყოფილება, კალენდარი და მენიუ თქვენი განცხადებების სამართავი ხელსაწყოები.
ამ შემთხვევაში გადავდივარ ჩემი გლემპინგის განცხადებაში სადაც ავტომატურად გააქტიურებულია მომენტალური დაჯავშნა. მე მსურს ამ ფუნქციის გამორთვა, რადგან ეს ჩემი სამაგალითო განცხადებაა და არ მინდა პირდაპირი ჯავშნების მიღება. ასევე ამ გზას მიმართავენ იმ ქონების მმართველები, რომლებსაც განცხადებები გამოქვეყნებული აქვთ Booking.com და სხვა საიტებზე, რათა არ მოხდეს ჯავშნების ზედდება.
თუმცა, გახსოვდეთ, რომ მომენტალური დაჯავშნის გამორთვით კარგავთ Airbnb-ზე თქვენი განცხადების ბევრჯერ გამოჩენისა და შესაბამისად უფრო მეტი სტუმრების მიღების შესაძლებლობას.
ამ ყველაფრის შემდეგ უკვე შეგვიძლია ჩვენი განცხადება დავათვალიეროთ განცხადების გადახედვაზე დაჭერის შემდეგ.
ერთი კვირა გავიდა რაც ამ სტატიის მოსამზადებლად ეს განცხადება შევქმენი და კონკურენტებისგან განსხვავებული ფასისა და კარგი ფოტოების წყალობით უკვე მივიღეთ რამდენიმე მოთხოვნა ჯავშანზე. პირდაპირი, მომენტალური დაჯავშნა რომ არ გამეთიშა, ისინი ყველა შეძლებდნენ ჩემ დაუკითხავად დაჯავშნას და ჩვენ ვალდებული ვიქნებოდით მათთვის გაგვეწია მასპინძლობა, რაც სტატიისთვის შექმნილი განცხადებით ვერ მოხერხდებოდა.
ვიმეორებ, “მომენტალური დაჯავშნა” არის ძალიან კარგი საშუალება ბიზნესის სწრაფად განვითარებისთვის და გასაქირავებელი ქონების ყველა მფლობელს ვურჩევ მის გამოყენებას.
როგორც ზედა სურათზე მოსჩანს სისტემა კიდევ ერთხელ ითხოვს ჩვენი როგორც მასპინძლის იდენტიფიცირებას. დააჭირეთ ბმულზე და შეიყვანეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, როგორიცაა სახელი-გვარი, ზუსტი მისამართი, კომპანიას წარმოადგენთ თუ პირადი მიზნებისთვის აქირავებთ…
თანხის ჩარიცხვის მეთოდი
ასევე, დაგჭირდებათ გამომუშავებული თანხის მიღების მეთოდის დამატება.
ამ ფუნქციას იპოვით თქვენს პროფილში, ანგარიში, გადახდა და ანაზღაურება. შემდეგ აირჩიეთ ანაზღაურების მიღების მეთოდები და აირჩიეთ თანხის მიღება თქვენთვის სასურველი ფორმით. ჩვენ Western Union-ს ვიყენებთ, ეს ყველაზე მეტად მოსახერხებელია.
და ბოლოს, გასაქირავებელი ქონების მართვა Airbnb-ზე შესაძლებელია აპლიკაციითაც. ის ზუსტად ანალოგიურად მუშაობს და მასში გარკვევა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს.
ამ სტატიაში შევეცადე ამეხსნა თუ როგორ გავაქირაოთ უძრავი ქონება Airbnb-ზე. თუ რომელიმე ეტაპი გაუგებარი მოგეჩვენათ, აქ ქვევით, ამ სტატიის კომენტარებში დატოვეთ თქვენი შეკითხვები და შეძლებისდაგვარად გიპასუხებთ.
5 კომენტარები
შეკითხვები და კომენტარები დაგვიტოვეთ აქ. 👇
მაქვს საქართველოს ბანკის ბარათი plus classic ამ შემთხვევაში როგორ დამირიცხავენ ფულს დამქირავებლები? თუ ბარათი აუცილებელი არაა? თუ შეიძლება ამიხსენით როგორ მოვიქცე
ბარათის ტიპს არ აქვს მნიშვნელობა. ბარათს თან ახლავს ბანკის ანგარიშის ნომერი და რეკვიზიტები, აი სწორედ რეკვიზიტები უნდა მიუთითოთ ფულის მისაღებად. თუმცა ბანკს მაღალი საკომისიო აქვს. უკეთესი ვარიანტია ვესტერნ უნიონის გამოყენება. მინიმალური თანხის რეგულირებით დააგროვებთ გარკვეულ ოდენობას და ერთად აიღებთ, მხოლოდ 10 დოლარიანი საკომისიოს გადახდა მოგიწევთ.
გამარჯობა მაინტერესებს საქართველოს აირბნბს ნომერი კითხვები მაქვს
Airbnb-ის ჰყავს მილიონობით მომხმარებელი, წარმოგიდგენიათ ყველამ რომ ტელეფონზე დაურეკოს? 🙂 Airbnb-ის საიტზე არის დახმარების გვერდი სადაც ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხია. თუ რამ კიდევ გაურკვეველი დარჩება დაწერეთ, შევეცდებით დაგეხმაროთ.
Comments are closed.