ბაკურიანი და კუკუშკა

ბაკურიანისკენ მიმავალ გზას გავუყევი. ამინდის პროგნოზი ირწმუნებოდა, რომ თოვლი უნდა წამოსულიყო. ახალდათოვლილი ბაკურიანი განსაკუთრებით ფოტოგენურია. 

მაგრამ ბაკურიანის გადაღება არ იყო ჩემი მთავარი მიზანი, ამის შესახებ ცოტა ქვევით.

გამგზავრებამდე სასტუმროს ძებნა ფასდაკლების საიტებზე დავიწყე და საკმაოდ კარგი ვარიანტიც აღმოვაჩინე. კოტეჯი Nice Cottage Bakuriani თითქმის 50 პროცენტიანი ფასდაკლების კუპონით ბაკურიანში ოჯახთან ერთად ერთი დღის გატარება საკმაოდ ხელმისაწვდომი აღმოჩნდა. თუ აქცია დასრულებული აღმოჩნდა სასტუმროს დაჯავშნა შეგიძლიათ შემდეგი ბმულიდან – Nice Cottage Bakuriani

სასტუმრო კი კარგი აღმოჩნდა, მაგრამ ამინდი არც ისე, თოვლი არ მოვიდა, მხოლოდ ძველი, გაყინული თოვლი გადაათეთრა და ფოტოსესიაც კითხვის ქვეშ დადგა.

მაგრამ სასტუმროდან მაინც გამოვედით და გზას გავუყევით. ბაკურიანში ყურადღებას იქცევს საქართველოს სხვა ქალაქებისგან განსხვავებული არქიტექტურა. ძველი ხის სახლებს ეტყობა კულტურულ-ეთნიკური (უკრაინული, ოსური, ქართული) მიქსი.

ამას ემატება ზამთრის კურორტისთვის დამახასიათებელი დიზაინი ვიწროკუთხოვანი სახურავებს სახით.

პოლიციის შენობა, კინოთეატრი და პურის საცხობებიც კი სტილიზებულია.

ამ კინოთეატრის თუ პურის საცხობის მსგავსად არის გარემონტებული და სტილიზებული ბაკურიანის ცენტრალური პარკის ნაწილიც.

მარჯვნივ ღობე და ჯიხური გარემონტებულია, მარცხნივ კი ისევ 90-იანი წლებია. პარკის შესასვლელთან სხვადასხვა სწრაფი კვების ობიექტია, აქვეა სათხილამურო ტანისამოსით ვაჭრობაც. მაგრამ ყველაზე მეტი ყურადღება ნაძვის გირჩის მურაბებმა მიიქცია.

გირჩის მურაბა არაჩვეულებრივი საშუალებაა სუსტი ბრონქებისთვისო – ირწმუნებიან ადგილობრივები. ის აძლიერებს იმუნიტეტსაც. ანალოგიური სამკურნალო თვისებები აქვს გირჩის მტვერსაც, ისიც აქვე იყიდება, თუმცა მტვერი თაფლში უნდა გააზავოთ. პარკში რამდენიმე სტანდარტული ატრაქციონია.

აქვეა ციგების გაქირავების სერვისიც. თოვლის სიმწირის მიუხედავად ციგებს მომხმარებელი არ აკლია.

ციგაობის მსურველებთან ერთად დათოვლილ სტადიონზე თავს არ ზოგავენ ფეხბურთის მოყვარულებიც.

როგორც ჩანს, ბაკურიანში პოპულარულია ცხენებით გასეირნება, ბევრგან შევამჩნიე ცხენების გაქირავება.

ქუჩაში თვალშისაცემია ქვისა და ხის სტილიზებული დიზაინი.

ჩვენი სასტუმროც ერთიან “ბაკურიანულ” დიზაინში ჯდება.

მიზეზი რის გამოც სასტუმრო “ჰაუს დე მარი” ავარჩიე, სიიაფესთან ერთად მისი რკინიგზის სადგურთან სიახლოვეა. სწორედ ბორჯომი-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის მატარებლის “კუკუშკის” მონახულება იყო ბაკურიანში ჩასვლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი.

მდინარე ბაკურიანულას ხიდზე გადასვლის შემდეგ მივადექი სადგურს საიდანაც “კუკუშკა” დღეში ორჯერ გადის.

მართალია ახლა ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა მთლიანად ელექტროფიცირებულია, მაგრამ მას მაინც შემორჩა ძველი ორთქმავლის მატარებლის რუსული მეტსახელი – “კუკუშკა” (გუგული). ისტორია სათავეს იღებს მეფის რუსეთიდან, როდესაც 1871 წელს ბორჯომის ხეობა რუსეთის მეფე ალექსანდრე II თავის ძმას, მიხაილ რომანოვს უბოძა. სწორედ მისი მმართველობის დროს (1898-1901) გაიყვანეს ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა.

ახლა ლოკომოტივის ფუნქციას ჩეხოსლოვაკიური წარმოების ელმავალი ЧС11 ასრულებს, რომელიც 1966 წელს დამზადებულია “შკოდას” ქარხანაში და მას სამშობლოში “უთოს” ეძახიან, დიზაინის უთოსთან მსგავსების გამო.

სიძველის მიუხედავად, “კუკუშკა” კარგი საშუალებაა, განსაკუთრებით ზამთარში, ბაკურიანში ასასვლელად. ის რთული რელიეფის დაფარვას 2 საათს ანდომებს, მაგრამ დაკარგული დროის კომპენსირება ულამაზესი ხედების ხილვით ხდება.

სამახსოვრო სურათი “კუკუშკით” გამგზავრების წინ ტრადიციად იქცა.

ადრე ეს რკინიგზა ანდეზიტის საბადოსაც ემსახურებოდა და სატვირთო ფუნქციაც ჰქონდა, ახლა ის მხოლოდ სამგზავრო დანიშნულებისაა.

შემდეგი გაჩერება ბორჯომის პარკი…

ვიდეო

Related posts

ზაფხულის ბაკურიანი