ახალი და ჯერ კიდევ დაუჭრელი ლარები, არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი ქართული და უცხოური ოქროს და ვერცხლის მონეტები… მოკლედ, ბევრი ფული, რომლებიც ათობით საუკუნეს ითვლიან.
ასევე, ფულის ესკიზები, დანაკუწებული კუპიურების გროვა, საკოლექციო მონეტები და სხვა. ეს ყველაფერი ინახება ყვარლის ცენტრში, ილიას მუზეუმის გვერდით, ფულის მუზეუმში.
საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმი ერთადერთი ადგილია ქვეყანაში, სადაც სისტემურადაა გამოფენილი საქართველოში 26 საუკუნის განმავლობაში მოჭრილი და მიმოქცევაში არსებული ფულის ნიშნები. მუზეუმში შესვლა უფასოა, ადგილობრივი გიდი დეტალურად მოგიყვებათ ფულის ნიშნების ისტორიას.
კოლხური თეთრი, ჩვენ წელთაღრიცხვამდე მეექვსე-მეხუთე საუკუნე. ასევე კოლხური ნახევარდრაქმები, ჩვენ წელთაღრიცხვამდე მეოთხე საუკუნე.
ალექსანდრე მაკედონელის სტატერი და მისი ადგილობრივი მინაბაძები ქრისტეს შობამდე პირველი საუკუნე.
ეს კი ბიზანტიის იმპერატორების მიხეილ VII და კონსტანტინე X ოქროს მონეტები.
სასანელთა სამთავროს (ირანი) ჰორმიზდ დრაქმა, 570 – 590 წწ.
არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი ეს და სხვა მონეტები ნათლად მეტყველებენ იმაზე, რომ საქართველოს ტერიტორიაზე, დღევანდელობისგან განსხვავებით, ვაჭრობისთვის გამოიყენებოდა და თავისუფალ მიმოქცევაში იყო უცხოური ვალუტა.
ქართული დრამები მეცხრე საუკუნე.
ადრე ფულის მსყიდველობითუნარიანობას ბაზარი განსაზღვრავდა. საუკუნეების წინ მონეტა ზუსტად იმდენად ფასობდა, რამდენადაც მისი წონის ოქრო, ვერცხლი თუ სპილენძი. არ ჰქონდა მნიშვნელობა ბიზანტიაში მოჭრეს ის ოქრო, სპარსეთში თუ სვანეთში.
ახლა კი მიმოქცევაში მხოლოდ ქაღალდის ფულია, რომლის ღირებულებაზე შემდეგი ფოტოც მეტყველებს:
მიმოქცევიდან ამოღებული ნაკუწებად ქცეული ლარები. სანამ ამ მდგომარეობამდე მივა – საქართველოში ერთადერთი საგადამხდელო საშუალების კუპიურები ასე გამოიყურება:
მუზეუმში ინახება ისეთი კუპიურებიც, რომლებიც მიმოქცევაში არასდროს ყოფილა, მაგალითად 500 ლარიანი.
ყვარლის მუზეუმში კუპიურების გარდა გამოფენილია ეროვნული ვალუტის ესკიზები და სხვა მასალა, რომელიც დაკავშირებულია ქართული ფულის შექმნის პროცესთან.
ფულის მუზეუმში არის ერთი ადგილი, რომლის გადაღების უფლება არ მომცეს. ეს არის სტენდი სადაც გამოფენილია ქართული საინვესტიციო და საკოლექციო მონეტები, ქართული ლარის ბანკნოტები და მონეტები, ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული ოქროს ზოდები, ისტორიული მონეტების ასლები, ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული – წიგნი „ფული საქართველოში“. ყველა მსურველს საშუალება ეძლევა იქვე, ადგილზე შეიძინოს ეს სიმდიდრე.
თუ ყვარელში ჩასვლას გადაწყვეტთ გირჩევთ Airbnb-ის მიმართეთ სადაც იაფ და კომფორტულ აპარტამენტებს იპოვნით. თუ “ეარბიენბიზე” ჩემი გვერდიდან დარეგისტრირდებით 38 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ. სისტემა ამდენივე კრედიტს მჩუქნის მეც. ანუ თქვენი მოგზაურობით მეც ვმოგზაურობ 🙂
თუ როგორ მუშაობს ბინების დაჯავშნის საიტი და რა უპირატესობები აქვს აპარტამენტებს აღწერილი მაქვს სპეციალურ პოსტში.