დუნაიზე უნგრების დამკვიდრების, “სამშობლოში დაფუძნების” 1000 წლის აღსანიშნავად, 1896 წელს ბუდაპეშტში მუშაობა დაიწყო მეტრომ, რომელიც პირველი იყო კონტინენტალურ ევროპაში და ერთ-ერთი პირველი მთელს მსოფლიოში.
აი ასე გამოიყურებოდა საუკუნეზე მეტი ხნის წინანდელი ავსტრო-უნგრეთის იმპერიის ერთ-ერთი დიდი და მზარდი ქალაქის მეტროს სადგური.
მეტროს მშენებლობის გადაწყვეტილება უნგრეთის ნაციონალურმა ასამბლეამ 1870 წელს მიიღო, ხოლო უშუალოდ პროექტის განხორციელება გერმანულმა კომპანია Siemens & Halske-მ 1894 წელს დაიწყო.
მეტროს პირველი ხაზი ღია წესით აშენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მეტროს გვირაბები სარდაფების სიღრმეზეა გათხრილი რაც მეტროთი სარგებლობას განსაკუთრებით აიოლებს.
ძველი დიდებისა და ტრადიციების პატივსაცემად ბუდაპეშტის სატრანსპორტო კომპანიამ უძველეს ვაგონებს თავი მოუყარა ერთ გაუქმებულ სადგურზე და მეტროს მუზეუმი მოაწყო.
აქ ყველაფერი ისეა, როგორც საუკუნის წინ იყო. მუზეუმში შესასვლელი ბილეთი 350 ფორინტი ღირს, რაც 1 ევროზე ოდნავ მეტია. თუ ფოტო-ვიდეო გადაღებაც გინდათ 500 ფორინტიც უნდა დაამატოთ.
ბუდაპეშტის მეტროს პირველი ხაზის შესახებ, რომელიც ახლაც ფუნქციონირებს, ფოტო-ვიდეო მასალას ცალკე პოსტში შემოგთავაზებთ.