ბუდაპეშტში თუ მუზეუმებში ხეტიალი და რესტორნებში ჯდომაც მოგბეზრდათ, ამასთანავე ხართ ტრანსპორტის, განსაკუთრებით, რკინიგზის მოყვარული და თან გინდათ, მოზარდებიც გაახაროთ – შეგიძლიათ საბავშვო რკინიგზას ეწვიოთ.
თბილისისგან განსხვავებით, ბუდაპეშტის საბავშვო რკინიგზა ქალაქის ცენტრიდან საკმაოდ მოშორებით მდებარეობს და თანაც მაღლობზე. საბავშვო რკინიგზამდე მისასვლელად არანაკლებ საინტერესო ტრანსპორტით უნდა ისარგებლოთ. ეს არის „კბილანებიანი ტრამვაი“, რომელსაც ბუდაპეშტის სატრანსპორტო სქემაში მინიჭებული აქვს 60 ნომერი და რომელიც უფრო ორიგინალური და კოლორიტული მომეჩვენა ვიდრე თავად საბავშვო რკინიგზა.
ტრამვაის ციცაბო აღმართზე ასვლაში ეხმარება კბილანებიანი რელსი, რომელიც რამდენიმე კილომეტრზე გრძელდება. გზად ტრამვაის ამ ხაზს გაჩერებებიც აქვს და საპირისპირო მხრიდან მომავალი შემადგენლობის გვერდის ასაქცევი კვანძებიც. ტრამვაის ქვედა, პირველი სადგურია Városmajor-ი, ხოლო ბოლო გაჩერების სახელწოდებაა Széchenyi-hegy, Gyermekvasút.
ბოლო გაჩერებიდან, დაახლოებით 100 მეტრში, მდებარეობს საბავშვო რკინიგზის სადგური. ძველი, კომუნისტური ეპოქის სადგურის შენობის მთავარ დარბაზში, სალაროების კედელს ამშვენებს მოზაიკური პანო, პიონერებისა და საბავშვო ვაგონის გამოსახულებით.
ასეთი საბავშვო რკინიგზები საბჭოთა-კომუნისტური მოდა იყო და შესაბამისად, ისინი საქართველოს რამდენიმე ქალაქშიც ფუნქციონირებდა, მათ შორის იყო რუსთავი.
ბუდაპეშტის ვიწროლიანდაგიანი საბავშვო რკინიგზა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1948 წელს აშენდა და თავდაპირველი სახელწოდება იყო „პიონერების რკინიგზა“. მის მართვა-ექსპლოატაციას მთლიანად ბავშვები ახორციელებდნენ, უფროსების მეთვალყურეობით. ახლა კი მოზარდები მხოლოდ სიმბოლურად მონაწილეობენ რკინიგზის მომსახურების პროცესში.
მოკლედ, საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური ბლოკის ნგრევის მიუხედავად, ბუდაპეშტში საბავშვო რკინიგზა შეინარჩუნეს და დღეს საკმაო პოპულარობითაც სარგებლობს. იმის მიუხედავად, რომ ერთი გზა უფროსებისთვის 700 ფორინტი (დაახლოებით 7 ლარი), ხოლო საბავშვო ბილეთი 400 ფორინტი (4 ლარი) ღირს, რკინიგზა მომხმარებელთა ნაკლებობას არ განიცდის. საბავშვო რკინიგზაზე მოძრაობა განრიგის მიხედვით ხორციელდება, თუმცა მატარებელმა ოდნავ, დაახლოებით 5 წუთით დააგვიანა. შესაბამისად მანევრირება და მატარებლის გასამგზავრებლად მომზადება საკმაოდ დაჩქარებულად განხორციელდა. იხ. ვიდეო:
მატარებლის შემადგენლობას ემსახურება Mk-45-ის მარკის თბომავალი, რომელიც თავისუფლად უმკლავდება 1-2 და ხანდახან 3-ვაგონიან შემადგენლობას. ვაგონები ზაფხულობით ღია ტიპისაა, ხოლო ზამთარში დახურულ ვაგონებს იყენებენ. რკინიგზას აქვს რამდენიმე გაჩერება და ის უზარმაზარი პარკის ტერიტორიაზე გადაადგილების საუკეთესო საშუალებაა.
სამწუხაროდ, მიზეზთა გამო, მატარებლით მგზავრობა ვეღარ მოვახერხე, ამიტომ ნახეთ რამდენიმე ფოტო ცნობილი ბლოგერის ალექსანდრ ბელენკის ბლოგპოსტიდან.
ბელენკი საბავშვო რკინიგზას ზამთარში ესტუმრა და დახურული ვაგონით იმგზავრა. როგორც წერს, კონდუქტორი გოგონები ბილეთებს საკმაოდ მკაცრად ამოწმებდნენ. 🙂
საბავშვო რკინიგზის თითქმის ნახევარი გზის გავლის შემდეგ, გაჩერება იანოშ ჰეგიზე (janos hegy) თუ ჩამოხვალთ და ტყეში ხეტიალს გააგრძელებთ, მიადგებით აი, ასეთ კოშკს.
ელისაბედის კოშკიდან ულამაზესი ხედები იშლება. ხედებით ტკბობას გააგრძელებთ თუ კოშკიდან ოდნავ უკან დაბრუნდებით და მაჩვენებლებით იპოვით Libegő Büfé-ს, რომელიც ერთი მხრიდან ბუფეტი, მეორე მხრიდან კი საბაგირო გზის სადგურია. საბაგირო გადის საკმაოდ შეძლებული ბუდაპეშტელების საცხოვრებელი უბნის თავზე და საკმაოდ საინტერესო სანახავია.
ამ ღია ტიპის საბაგირო გზით ჩახვალთ ქვედა სადგურთან, საიდანაც კიდევ დაახლოებით 300 მეტრის გავლა მოგიწევთ ავტობუსის უახლოეს გაჩერებამდე (Zugliget, Libegő). თუ ეს მარშრუტი რთული მოგეჩვენებათ, შეგიძლიათ უკან საბავშვო რკინიგზით დაბრუნდეთ.
როგორც ცნობილია, ბუდაპეშტი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ბიუჯეტური მოგზაურობის მოსაწყობად. Wizzair-ის იაფი ბილეთების შეძენის შემდეგ, იაფი საცხოვრებლის მოსაძებნად გირჩევთ, ისარგებლოთ Airbnb-ის სისტემით, სადაც ამ გვერდიდან დარეგისტრირების შემთხვევაში 35 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ. როგორ უნდა დარეგისტრირდეთ და ისარგებლოთ ამ სისტემით, აღწერილი მაქვს სპეციალურ პოსტებში.