სალონიკი – 15 ღირსშესანიშნაობა

ხშირად შემხვედრია კითხვა იმის შესახებ თუ რისი ნახვა შეიძლება და საერთოდ ღირს თუ არა გასეირნება სალონიკში. ასევე, ბევრჯერ მინახავს პასუხი ამ კითხვებზე, რომ “სალონიკში სანახავი არაფერია”.

მეც ასეთი განწყობით ჩავედი სალონიკში. უკვე მეორედ ტრანზიტისთვის გამოვიყენე სალონიკის აეროპორტი “მაკედონია”. პირველად აქედან ათენში გადავფრინდი და მეორედ ახლა, პარიზში გავემგზავრე.

სალონიკი ჩემს მარშრუტში Wizz air-ის იაფი ავიარეისების გამო გაჩნდა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სალონიკში ჩაფრენა 25 ლარი დამიჯდა, უკანა გზის ბილეთი კი დაახლოებით 50 ლარი.

სალონიკი-პარიზის ბილეთში კი 22 ევრო გადავიხადე, მაგრამ ეს ახლა არ არის ამ პოსტის მთავარი თემა. უკან გზაზე, იმის გამო რომ რეისები ერთმანეთს არ ემთხვევა სალონიკში ორი დღე გავატარე და ამ ორ დღეში ნათელი გახდა პასუხი კითხვაზე ღირს თუ არა გასეირნება სალონიკში.

მგზავრობა და დაბინავება

აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე 78 ნომერი ავტობუსით ვიმგზავრეთ, რომლის ბილეთი 2 ევრო ღირს, ბილეთები გაჩერებასთან მდგარ ავტომატში იყიდება, ან თავად ავტობუსში. აეროპორტი-სალონიკის ავტობუსი სადღეღამისოა და თითქმის ყოველ 30 წუთში გადის. შუა ღამით 23:30 საათიდან 05:30 საათამდე აეროპორტსა და სალონიკს შორის ღამის ავტობუსი მოძრაობს ნომრით 78N უფრო დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ სალონიკის სატრანსპორტო კომპანიის ვებსაიტზე: oasth.gr

მოკლედ, ქალაქის ცენტრში, “არისტოტელეს” მოედნის მახლობლად Airbnb-ს მეშვეობით დაქირავებული გვქონდა აპარტამენტები. როგორც ათენში, სალონიკშიც აპარტამენტები აღმოჩნდა ძალიან კომფორტული და ძალიან იაფი.

Central Luxury Mini Suite Romeo – ამ და კიდევ რამდენიმე მსგავს აპარტამენტს ამუშავებენ და სტუმრებს თბილი გულითა და ბერძნული ღვინით უმასპინძლდებიან აპოსტოლოსი და მისი და მარია. მათი აპარტამენტის დაჯავშნამდე გაეცანით ჩემს სპეციალურ პოსტებს Airbnb-ის შესახებ.

აპოსტოლოსის აპარტამენტების უპირატესობა თანამედროვე დიზაინის გარდა მისი აღჭურვილობაც არის. არ მახსენდება ნივთი, რომელიც დაგვჭირდა და ბინაში ვერ ვიპოვეთ. ყავის ნაირსახეობაზე არ შევჩერდები, აპარტამენტში დაგხვდა კომპიუტერი და აპარტამენტის მართვის სისტემასთან ბლუთუსით შეერთების საშუალებაც კი, რომელიც ძირითადად ბინის მუსიკალური გაფორმებისთვის გამოვიყენეთ 🙂

აპარტამენტებიდან გეზი პირდაპირ სანაპიროსკენ ავიღეთ, სადაც ნავმისადგომზე საზოგადოებრივი სივრცეა მოწყობილი, აი იმ სტილის როგორიც თბილისში “ფაბრიკაა”.

განსაკუთრებით ლამაზია დაისის ფონზე. პორტის ნავმისადგომზე მოწყობილია საგამოფენო სივრცეები, ბარ-რესტორნები და მუზეუმები, მათ შორის არის საბერძნეთის კინოს მუზეუმი. აქვე დგებიან საკრუიზო ლაინერებიც.

სეირნობისას მივხვდით, რომ მოგვშივდა და პირველივე შემხვედრ რესტორანს მივადექით, რომლის ვიტრინაში შამფურზე წამოცმული ხორცი ტრიალებდა, ისე მაცდურად გამოიყურებოდა, რომ სხვა ვარიანტების ძებნის სურვილი გაგვიქრა და შევედით. შაურმის ტიპის კერძი მოგვართვეს.

ორი ასეთი კერძი, გემრიელი პური, ლუდი და ორი კოკა-კოლა 21 ევრო დაგვიჯდა. იქვე, აპარტამენტისკენ მიმავალ ქუჩაზე სუპერმარკეტში შევიარეთ და სასუსნავი, ტკბილეული და სახლში მოსამზადებელი კერძები შევიძინეთ, სულ 12 ევროდ. პირველი დღე მშვენივრად დასრულდა და რომ არა დაღლა და ძილის ძალა, შეიძლებოდა ჩვენს ქუჩაზე დილის 4-მდე გაჩაღებულ “გუგუნს” შევერთებოდი. იმ ღამით ცოცხალი მუსიკისგან ევროკავშირის რეგულაციებზე მეტად აივნის მეტალოპლასტმასმა და საძინებლის ხმის იზოლაციამ დაგვიცვა.

რა ვნახოთ?

მეორე დღე სალონიკის ტურისტული ღირშესანიშნაობების შესწავლით დაიწყო. სამწუხაროდ “აია-სოფია” დაკეტილი დაგვხვდა. წმინდა სოფიას ტაძარი აგებულია მერვე საუკუნეში. ეს არის სტამბოლში მდებარე პირვანდელი აია სოფიას ზუსტი ასლი.

სამაგიეროდ ღია იყო ბაზარი არისტოტელეს მოედანთან, მაგრამ რადგან წინ გრძელი გზა გვქონდა ზღვის პროდუქტების შეძენისგან თავი შევიკავე, უკან კი ისე გვიან დავბრუნდით, რომ თევზისა და ზღვის სხვა ბინადრების დახლები უკვე ალაგებული იყო.

Airbnb-ს აპარტამენტების უპირატესობა ისიც არის, რომ ასეთ კოლორიტულ ბაზრებში შეძენილი პროდუქტები შეგიძლიათ სამზარეულოში თქვენს გემოზე მოამზადოთ, რასაც სასტუმროში ვერ გააკეთებთ.

აქვე სალონიკის ბაზრის შესახებ, ის ძალიან წააგავს ჩვენსას, რადგან სურსათის დახლებს ენაცვლება ტანსაცმელი და წვრილმანი ტექნიკა, ოღონდ უფრო სუფთაა და მოწესრიგებული.

არისტოტელეს მოედნიდან გეზი სანაპიროსკენ ავიღეთ “თეთრი კოშკის” მოსანახულებლად. ამ კოშკის ისტორიით თავს არ შეგაწყენთ, ინტერნეტი სავსეა ინფორმაციით. კოშკი დაახლოებით 500 წლის არის, ის მეოცე საუკუნის დასაწყისში თეთრი საღებავით შეღებეს და სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს. კოშკში მოწყობილია არქეოლოგიური მუზეუმი.

აქვე დგას რამდენიმე მეკობრეების სტილში მოწყობილი გემი, რომელიც ტურისტებს სალონიკის აკვატორიაში 30 წუთიან გასეირნებას სთავაზობს. გემზე იმ შემთხვევაში მოხვდებით თუ 5 ევროიან სასმელს მაინც შეუკვეთავთ. შეგიძლიათ სასუსნავი წინასწარ მოიმარაგოთ და ასე ბიუჯეტურად ისეირნოთ ზღვაში მეკობრეებთან ერთად.

ზღვაზე ნახევარი საათი ხეტიალის შემდეგ გზა შეგიძლიათ ხმელეთზე განაგრძოთ საექსკურსიო ავტობუსით, რომლის საწყისი წერტილი “თეთრი კოშკის” წინ მდებარეობს. ავტობუსის ბილეთი 10 ევრო ღირს და ის საშუალებას გაძლევს მის ნებისმიერ გაჩერებაზე ჩამოხვიდეთ დაათვალიეროთ ესა თუ ის ძეგლი და მომდევნო ავტობუსით განაგრძოთ გზა.

ამ სერვისის ალტერნატივაც არსებობს საქალაქო ავტობუსის სახით. ნომერ 50 ავტობუსი “კულტურულ ტურს” ასრულებს და მისი ბილეთი 2 ევრო ღირს. მაგრამ გაჩერებაზე, რომელიც ასევე თეთრი კოშკის გვერდით მდებარეობს, ერთსაათიანი ლოდინის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ არ მუშაობს და ხელი ჩავიქნიეთ.

თუ გზას სანაპიროს გასწვრივ გააგრძელებთ რამდენიმე ძეგლის შემდეგ ქოლგების სკულპტურას მიადგებით, რომელის სალონიკის იმ ადგილად იქცა სადაც ფოტოს ყველა იღებს.

დავუბრუნდეთ ისევ ტურისტული ავტობუსის მარშრუტს, რომელსაც მაღლობზე, სალონიკის ციხესიმაგრეზე ავყავართ. მისი კედლებით გარშემორტყმულია ანო პოლო (ზედა ქალქი), რომელიც 1917 წლის ხანძარს გადაურჩა და ნათელ წარმოდგენას იძლევა ძველი სალონიკის შესახებ. რაც შეეხება ციხესიმაგრეს საინტერესოა და კიდევ აქედან ულამაზესი ხედები იშლება.

ხედი ციხესიმაგრის ერთ-ერთი კედლიდან.

კიდევ ერთი ღირშესანიშნაობა, რომელიც ციხესიმაგრიდან უკან ჩამოსვლისას შეიძლება მოინახულოთ არის ტრიუმფალური თაღი “კამარა”. აგებულია 305 წელს რომის იმპერატორის მიერ სპარსელებზე გამარჯვების აღსანიშნავად.

თუ რელიგიური საკულტო ნაგებობებითაც დაინტერესდებით ქალაქის ცენტრში უამრავ ტაძარს აღმოაჩენთ, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა.

სალონიკი და ტავერნა-რესტორნები

სალონიკის შემოვლის შემდეგ რა თქმა უნდა დაღლილები და მშივრები ჩვენი აპარტამენტის მახლობლად პირველივე შემხვედრ რესტორანს მივადექით.

ტაკადუმში” შევუკვეთეთ ღორის 2 მწვადი, (ერთის ღირებულება 1,5 ევრო).

პლუს ბერძნული სალათი, კარტოფილი ფრი და თევზის კერძი, სულ დაგვიჯდა 20 ევრო. ეს ის არის რაც ჩვენ შევუკვეთეთ, ამის გარდა რესტორნის ხარჯზე მოიტანეს წყალი 1 ლიტრიანი ბოთლით, პურის ასორტი და სულ ბოლოს კი აი ასეთი გემრიელობა.

გემრიელად დანაყრების შემდეგ გეზი კვლავ არისტოტელეს მოედნისკენ ავიღეთ. გზად 1917 წლის ხანჯძარს გადარჩენილ ძველ არქიტექტირად ვათბვალიერებდით,

შემორჩენილი ძეგლების დიდი ნაწილი ჩაფლულია კაფე-ბარებსა და რესტორნებში.

ასე სეირნობაში ჩამობინდდა და არისტოტელეს მოედნამდეც მივედით.

გართობა

დამკვიდრებული ტრადიციისამებრ, ძირითადად სტუდენტები, სალონიკი ხომ სტუდენტური ქალაქია, არისტოტელეს ძეგლის ფეხზე ცერა თითს ხელით ეხებიან, ამბობენ სიბრძნეს ჰმატებსო 🙂 არისტოტელეზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ამ ქალაქში დაიბადა თანამედროვე თურქეთის დამფუძნებელი ქემალ ათათურქი.

ეტყობა ამ ახალგაზრდებმა გამოცდების ბედი მთლიანად არისტოტელეს ძეგლს მიანდეს და მთელი საღამო მასთან ერთად გაატარეს. სხვები კი იქვე მოედანზე სეირნობდნენ, ან თვალყურს ადევნებდნენ ქუჩის არტისტების წარმოდგენას.

წარმოდგენები და გართობა ამით არ ამოიწურება, უამრავ ბარში და რესტორანში დიჯეი და ცოცხალი მუსიკა უკრავს. ყველანაირი სტილი და მიმდინარეობა დაწყებული ბერძნული ნაციონალური მუსიკით, ელექტრონულით და ჯაზით დამთავრებული აჯაფსანდალივით ირევა ერთმანეთში. ეს მიქსი სალონიკის ცენტრალურ ქუჩებში სამუშაო დღეს დილის 4 საათამდე გაგრძელდა, პარასკევ საღამოს და შაბათ დილით კი საერთოდ არ შეწყვეტილა.

შაბათ გამთენიისას აეროპორტისკენ გავეშურე და ქუჩაში ისეთი ხალხმრავლობა და ხმაური იყო, თითქოს ახალი დამდგარი იყო საღამო დილის ნაცვლად. ხალხი რესტორნებშიც გულიანად მიირთმევდა, ღამის ცხოვრებაც ამას ჰქვია.

ამბობენ, რომ შოპინგიც ასევე მრავალფეროვანი და შედარებით იაფია ვიდრე დასავლეთ ევროპაში, არ ვიცი, არ შემიმოწმებია. მაგრამ ამის გარეშეც მშვენიერი ადგილია ევროპაში იაფად, საინტერესოდ, გემრიელად და გასართობად გასეირნების მოყვარულთათვის.

რეკომენდაციები:

  • იაფი ავიაბილეთების საძიებელი საუკეთესო საშუალება: kiwi.com
  • დაგვიანებული, გადადებული ან გაუქმებული ავიარეისების კომპენსაცია: AirHelp
  • დაბალფასიანი საცხოვრებელი შეგიძლიათ დაჯავშნით Airbnb-ზე.
  • თუ სასტუმროებს დაეძებთ, მაშინ ეწვიეთ სასტუმროების ფასების საძიებო და შესადარებელ სისტემას: hotelscombined.com